როგორ გავწმინდოთ ველოსიპედი
ნოემბერი 13 2024
ველოსიპედით სეირნობა ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა, რომლითაც თანამედროვე სამყაროში შეიძლება დაკავდეს ადამიანი - სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ეკომეგობრულია (არ აბინძურებს გარემოს), და უბრალოდ სასიამოვნოა. თუ თქვენც გსურთ აქტიურად ველოსეირნობით დაკავება - ან თუ უკვე ჩაებით ველოსამყაროში - აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ სწორი ფორმით რეგულარული მოვლა და გაწმენდა აუცილებელი წინაპირობაა ველოსიპედი დიდხანს გემსახუროთ.
არ აქვს მნიშვნელობა მსუბუქ ველოსიპედს ატარებთ ქალაქის გზებზე, სამთო ველოსიპედით ლაშქრობთ, თუ საერთოდ ელექტრო ველოსიპედზე გადახვედით. სწორი მოვლა მას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს - სწორი მოწყობილობებითა და აქსესუარების გამოყენებით კი ეს პროცესი გაცილებით უფრო მარტივი და სწრაფი იქნება - არ აქვს მნიშვნელობა სად წმენდთ, გარაჟის წინ, ბაღში თუ სულაც გზაში.
როგორ გავწმინდოთ ველოსიპედი სახლში
სადაც არ უნდა ატარებდეთ ველოსიპედს - ტყეში, მინდორში, მთის გზებზე თუ ქალაქში ქვაფენილზე - ველოსიპედის გაწმენდა ყოველი გამოყენების შემდეგაა რეკომენდებული. აუცილებელია უხეში ჭუჭყისა და მტვრის მოშორება ჩარჩოდან, ჯაჭვიდან და, განსაკუთრებით ისეთი ფაქიზი და მოწყვლადი ნაწილებიდან, როგორც გადაცემათა კოლოფი და საკისრები. ეს იმიტომ, რომ მოძრავ ნაწილებზე დარჩენილ ჭუჭყის ნაწილაკებს აბრაზიული ეფექტი აქვს, მოძრაობისას დამატებით ეხახუნება და აჩქარებს მათ ცვეთას. შედეგად აჩქარებს დროთა განმავლობაში ჟანგის წარმოქმნას, რომელიც ველოსიპედის სხვადასხვა ადგილებში ილექება და აუარესებს მის ფუნქციონირებას.
ზამთარში ველოსიპედით მოსიარულეებმა განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ ორთვლიან ტრანსპორტს. თუ ზაფხულში ხშირად ზედაპირული წმენდაც საკმარისია, ზამთარში აუცილებელია სიღრმისეული წმენდა ყოველი გამოყენების შემდეგ - გზის მარილის ველოსიპედზე დატოვება დააზიანებს არა მხოლოდ ჩარჩოს საღებავს, არამედ სხვა, უფრო მნიშვნელოვან ნაწილებს. სუფთა ველოსიპედი არა უბრალოდ ესთეტიკის საკითხია, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ სიარულისას, არამედ მისი ოპტიმალურ დონეზე ფუნქციონირებისა და საბაზრო ღირებულების შენარჩუნებისთვის აუცილებელი ელემენტი. თუ თქვენს ველოსიპედს მისაბმელები აქვს, ეს მათაც ეხება - და უმჯობესია, რომ იმავე დროს გაწმინდოთ, როცა ველოსიპედის გაწმენდას დააპირებთ.
თუ წმენდის პროცესს თქვენს საკუთარ სახლში ატარებთ, მაშინ ყველაფერი მარტივადაა. მთელი პროცესისთვის მხოლოდ რამდენიმე ნივთი დაგჭირდებათ:
- ველოსიპედის საყრდენი (თუ სპეციალური საყრდენი არ გაქვთ, კედელიც გამოდგება)
- თქვენი რჩეული საწმენდი აპარატი
- შესაბამისი საწმენდი ხსნარი
- რბილი ჯაგრისი
- რბილი ქსოვილი (მაგ. მიკროფიბრა)
- ზეთი ჯაჭვისა და საკისრების თავიდან დასაზეთად
ველოსიპედის გასაწმენდად იდეალურად გამოდგება მაღალი წნევით რეცხვის აპარატი. სტანდარტულ მაღალი წნევით რეცხვის აპარატს ჩვეულებრივ სჭირდება ელექტროენერგიის წყარო და წყალი. იგი მარტივად მოაშორებს სიღრმისეულად ჩამჯდარ ჯიუტ ჭუჭყსაც კი. კარგი იქნება, თუ მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენებამდე ველოსიპედს უბრალოდ წყლის ჭავლს გადაატარებთ (საკმარისია ბაღის შლანგი გამფრქვევი პისტოლეტით), რათა ზედაპირული ჭუჭყი ჩამორეცხოს და ჯიუტი ჭუჭყი ცოტა დაარბილოს.
ეს საყურადღებოა: თუ ისეთ ადგილას წმენდთ, სადაც შეუძლებელია აპარატის წყალზე დაერთება, გამოიყენეთ Kärcher-ის K 4-დან K 7-მდე რომელიმე მაღალი წნევით რეცხვის აპარატის მოდელი. მათ შეუძლიათ წყლის აღება რეზერვუარიდან. ამისთვის მხოლოდ შესაბამისი შლანგი იქნება საჭირო - შესარჩევად გაეცანით ინსტრუქციებს.
მაღალი წნევით რეცხვის აპარატით ველოსიპედის გაწმენდისას მნიშვნელოვანია სწორი მანძილის დაცვა - ჭავლი მგრძნობიარე კომპონენტებიდან მინიმუმ 30 სმ-ის მანძილიდან უნდა მიმართოთ. უფრო ახლოდან წყლის ძლიერმა ჭავლმა შეიძლება სამაგრები გამოაძროს, წყალმა კონსტრუქციაში შეაღწიოს და საპოხი ცხიმი გამორეცხოს. უარეს შემთხვევაში, შეიძლება შიგნით ტენი დარჩეს, რაც დააჩქარებს ჟანგვის წარმოქმნის პროცესს და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება დაზიანება გამოიწვიოს. მეორეს მხრივ, თუ დაიცავთ რეკომენდებულ მანძილის და აპარატზე წნევის შედარებით "რბილ" რეჟიმს (პირველი დონე) დააყენებთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - ველოსიპედის წმენდის პროცესი სრულიად უსაფრთხო იქნება.
განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა დაიცვათ შესაბამისი რეკომენდაციები ელექტრო ველოსიპედების წმენდის დროს: ელექტრონიკა მგრძნობიარეა წყლის მიმართ და ზოგიერთი ნაწილი მაღალი წნევით რეცხვის აპარატიდან პირდაპირი ჭავლით საერთოდ არ უნდა გაიწმინდოს. მაგალითად ელემენტის კონსტრუქცია უმჯობესია უბრალოდ სველი ქსოვილით ან რბილი ჯაგრისით გაწმინდოთ.
ველოსიპედის წმენდა: დეტალური ინსტრუქცია
1. საიმედოდ დაამაგრეთ ველოსიპედი და გაამზადეთ წმენდისთვის საჭირო აღჭურვილობა
თუ ველოსიპედის გაწმენდას აპირებთ, პირველ რიგში გაამზადეთ საიმედო საყრდენი. უმჯობესია თუ სპეციალურ ველოსიპედის სადგამს გამოიყენებთ, მაგრამ თუ ასეთი არ გაქვთ (ბევრს არ აქვს), სუფთა კედელი ან დიდი ხეც გამოდგება. თუ თქვენი სახლის ტერიტორიაზე წმენდთ, მაშინ მაღალი წნევით რეცხვის აპარატი გამოიყენეთ: მიაერთეთ აპარატი წყლის წყაროს (და შეაერთეთ სადენში), დარწმუნდით, რომ სწორ რეჟიმზეა დაყენებული და შემდეგ ჩართეთ. რადგან ველოსიპედს წმენდთ, ნებისმიერ აპარატზე გამოყენებამდე დაამაგრეთ ბრტყელი ჭავლის გამფრქვევი თავაკი.
2. გარეცხეთ ველოსიპედი წყლით
პირველ რიგში, საფუძვლიანად დაუარეთ ველოსიპედს წყლის ჭავლით. ნუ დაუმიზნებთ პირდაპირ გადაცემათა კოლოფსა და საკისრებს, შოკსაწინააღმდეგო ელემენტებსა და - თუ ელექტროველოსიპედს წმენდთ - ელექტროკავშირებს. თუ მაღალი წნევით რეცხვის აპარატს იყენებთ, აუცილებლად წნევის პირველ (დაბალ) დონეზე დააყენეთ და დაწყებამდე დარწმუნდით, რომ თავაკი ბორბლების, საკისრების, ჯაჭვისა და მცირე ზომის, ფაქიზი დეტალებისგან საკმარის დისტანციაზე გიჭირავთ - დაშორება დაახლოებით 30სმ უნდა იყოს.
ეს საყურადღებოა: უმჯობესია წმენდა ქვემოდან ზემოთ დაიწყოთ. ასე უკეთ დაინახავთ იმ ადგილებს, სადაც უკვე გაიწმინდა ველოსიპედი და შეამოწმებთ დარჩა თუ არა სადმე ჭუჭყი.
3. გამოიყენეთ საწმენდი ხსნარი
როდესაც საქმე ღრმად ჩამჯდარ ლაქებს ეხება, დიდი ალბათობით საწმენდი ხსნარის გამოყენება იქნება საჭირო. შეგიძლიათ ჩვეულებრივი უნივერსალური საწმენდი გამოიყენოთ (უბრალოდ წინასწარ დარწმუნდით, რომ ველოსიპედის საღებავს არ დააზიანებთ), თუმცა კიდევ უკეთესი იქნება თუ სპეციალურ ველოსიპედის საწმენდ ხსნარს გამოიყენებთ. გაითვალისწინეთ, რომ არ არის საწმენდი ხსნარის მთელს ჩარჩოზე გამოყენება საჭირო - წაუსვით მხოლოდ დალაქავებულ ადგილებზე. გააჩერეთ 3-5 წუთი რათა ლაქა დალბეს და შემდეგ სუფთა წყლით ჩამორეცხეთ. თუ სპეციალურ საწმენდ ხსნარს იყენებთ, ჯერ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციებს - ზოგიერთი მათგანის გამოყენებისას უმჯობესია, თუ ველოსიპედი მშრალი იქნება.
ეს საყურადღებოა: თუ საწმენდ ხსნარს იყენებთ, ნუ დაიწყებთ ველოსიპედის წმენდის პროცესს ღია მიწაზე (ბაღში ან გზაზე). გარემოს დაცვის მიზნით, მსგავსი საშუალებები მხოლოდ დახურულ ზედაპირზე, მაგ. ასფალტზე ან ბეტონზე, უნდა გამოიყენოთ.
4. მოაცილეთ ნადები
თუ ჩარჩოზე დარჩენილია ნადები, მოაშორეთ ჯაგრისით ან ღრუბლით. როდესაც დარწმუნდებით, რომ ჩარჩო სრულიად სუფთაა, დამუშავებული ადგილები რბილი (მაგ. მიკროფიბრის) ნაჭრით გაწმინდეთ.
თუ იყენებთ მობილურ საწმენდ აპარატს და წყლის რაოდენობა ლიმიტირებული გაქვთ, ჯერ გახეხეთ ველოსიპედი უნივერსალური ჯაგრისით (მეტი ეფექტურობისთვის ჯაგრისი დანამეთ). შემდეგ უკვე გამოიყენეთ წყლის ჭავლი დარბილებული ჭუჭყის მოსაცილებლად და გაამშრალეთ ველოსიპედი რბილი ნაჭრით.
ეს საყურადღებოა: განსაკუთრებული სიფრთხილით გაწმინდეთ ჯაჭვი. ჯაჭვის გაწმენდა როგორც წესი ველოსიპედის წმენდის ყველაზე რთული ეტაპია. მასზე ხშირად რჩება ზეთი, ჭუჭყი და მტვერი, რომლებიც დროთა განმავლობაში ერთმანეთში ირევა და წებოვან ფირს ქმნის. სანამ წმენდას დაიწყებთ, ბორბლების ქვეშ მუყაოს ნაჭერი ან ძველი ტილო დააფინეთ. შემდეგ, უხეში ჯაგრისის გამოყენებით მოაცილეთ ზედაპირული ჭუჭყი. მიაშხეფეთ ჯაჭვზე უნივერსალური საწმენდი სითხე (ან, უმჯობესია სპეციალური ჯაჭვის საწმენდი სითხე, თუ მსგავსზე ხელი მიგიწვდებათ) და აცალეთ დალბობა. გამოცდილი ველოსიპედისტები ჭუჭყის დასარბილებლად ხშირად პატარა ტრიუკს იყენებენ: საფუძვლიანი წმენდის დაწყებამდე ჯაჭვს ტილოს ან მუყაოს შემოახვევენ და რამდენჯერმე გადაატარებენ. შედარებით დამყოლი ნაწილაკები პირდაპირ ტილოს ეკვრება და რეცხვისას ყველაზე ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორებაღა რჩება.
როგორ მოვუაროთ ველოსიპედს წმენდის პროცესის შემდეგ
ველოსიპედზე ზრუნვა მხოლოდ საფუძვლიანი წმენდით არ შემოიფარგლება. არანაკლებ მნიშვნელოვანია შემდეგ როგორ მოუვლით.
პირველი ნაბიჯი ყოველთვის ველოსიპედის საფუძვლიანად გაშრობაა, იმიტომ რომ შემორჩენილი ნესტი დაჟანგების მიზეზი შეიძლება გახდეს. ამასთან, სპეციალური პროდუქცია უკეთ ნაწილდება და უფრო ეფექტურია, როდესაც ველოსიპედი მშრალია.
როდესაც ველოსიპედს გარეცხავთ, ნუ აცლით ჰაერზე გაშრობას. უმჯობესია რბილი ტილოთი საფუძვლიანად გაწმინდოთ და გაზეთოთ. თანაც გაზეთვა უფრო მარტივია თუ ველოსიპედი ფეხზე დგას - როგორც წმენდისას. გაზეთვისას სიფრთხილე გმართებთ - ზეთი არ უნდა მოხვდეს სამუხრუჭე ხუნდებზე ან სამუხრუჭე ფირფიტაზე, შესაძლოა დამუხრუჭებაზე პრობლემა შეგექმნათ. როდესაც დაასრულებთ, ზედმეტი ზეთი ჯაჭვიდან ტილოთი მოწმინდეთ. ზოგადად, ყველა მოძრავი ნაწილი - კაბელები, მუხრუჭები, გადართვის ბერკეტები და ა.შ. - რეგულარულად უნდა გაზეთოთ.
დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - რეგულარულად შეამოწმეთ საბურავებში წნევა, განსაკუთრებით თუ ველოსიპედის ხელახლა ტარებას დიდხნიანი პაუზის შემდეგ აპირებთ. როგორც წესი, ვიზუალური დაკვირვებაც საკმარისია, რომ მიხვდეთ საჭიროა თუ არა წნევის დონის რეგულირება - საბურავის გვერდი მიუთითებს იმაზე, თუ როგორია შიგნით წნევა, იმის მიხედვით, რამდენადაა გაბერილი. რაც უფრო მაღალია წნევა, მით უფრო ადვილად გორავს საბურავი.