როგორ გავწმინდოთ შემინული ნაგებობა
აპრილი 28 2025

ბევრი ადამიანისთვის შემინული ნაგებობის დამატება სივრცის ოპტიმიზაციის საყვარელი მეთოდია - ასეთია მაგალითად კერძო ეზოში პატარა ორანჟერეის დადგმა ან, მაღალსართულიანი კორპუსის შემთხვევაში, აივნის შემინვა. შემინვა საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი სივრცე, იქნება ეს უბრალოდ მეტი მწვანე მცენარის მოვლის შესაძლებლობა თუ, პირიქით, საცხოვრებელი სივრცის გაფართოება. ასეთ ნაგებობას, როგორც წესი, იატაკიდან ჭერამდე მინის კედლები და კარები, ხშირად კი მინისვე სახურავი აქვთ, რაც ნიშნავს, რომ ის ლამაზად გამოიყურება - და რთული მოსავლელია. ამ სტატიაში დეტალურად გავივლით როგორ მოვუაროთ შემინულ ნაგებობას ისე, რომ მან მაქსიმალური სისუფთავე შეინარჩუნოს.
რა უნდა გავითვალისწინოთ როდესაც შემინულ ნაგებობას ვწმენდთ?
ორანჟერეა ან მსგავსი ტიპის სხვა შენობა - პირველ რიგში მისი კედლები და ჭერი - საკმაოდ ხშირ წმენდას მოითხოვს, რადგან მოწყვლადია ამინდის ცვალებადობის მიმართ. თბილ სეზონებზე მინაზე ხშირად ილექება წვრილი ჭუჭყი, ყვავილების მტვერი, ფოთლები და წიწვები, ჩიტის სკინტლი და მწერები - ყველაფერი ეს მინის გამჭვირვალე ზედაპირზე მარტივი შესამჩნევია. უფრო ცივ თვეებში კი ამ ყველაფერს ხშირი ატმოსფერული ნალექიც ემატება. შემინული ნაგებობის წმენდის სიხშირე პირველ რიგში ტერიტორიაზეა დამოკიდებული - უკანა ეზოში მდგარი, სახლს მოფარებული ორანჟერეა შეგიძლიათ წელიწადში ორჯერ გაწმინდოთ, სეზონის ცვლილებისას, ადრე გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მაგრამ თუ შემინული მონაკვეთი უშუალოდ სახლსაა მიმაგრებული და ადამიანებს თვალში ხვდება - მაშინ ის დამტვერვის დონის მიხედვით უნდა გაიწმინდოს, ისევე როგორც ყველა სხვა ფანჯარა სახლში.
შემინული ნაგებობის წმენდა მხოლოდ ესთეტიკის საკითხი არაა, არამედ სწორი მოვლისა და მისი სიცოცხლის გახანგრძლივებისაც - დროული წმენდა ხელს უწყობს დამხმარე სტრუქტურის, მეტალისა და რეზინის დეტალების, ოპტიმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებასაც. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მეტი ხნით გადაავადებთ ორანჟერეის და მსგავსი სხვა ნაგებობის გაწმენდას, შემდგომ მით მეტი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ. როდესაც დაგეგმავთ შემინული ნაგებობის წმენდას, ეცადეთ მოღრუბლულ გრილ დღეს დაამთხვიოთ, რადგან ცხელ ან უბრალოდ ძალიან მზიან დღეებში დღეებში, შუშა სწრაფად შრება და მაღალია შანსი წმენდისას ზედ დარჩეს უსიამოვნო ლაქები და ზოლები.
დიდი შემინული ფართობის წმენდას ბევრი დრო სჭირდება, ამიტომ კარგი იქნება თუ ისეთ პროდუქტებსა და ხელსაწყოებს დაიხმარებთ, როგორც:
-
კიბე
-
შლანგი გამფრქვევი თავაკით
-
ფანჯრის საწმენდი (ე.წ. “სკვიჯი)
-
ნელთბილი წყალი
-
სარეცხი ჯაგრისი და მიკროფიბრის ქსოვილი
-
უნივერსალური საწმენდი სითხე ან სპეციალური მინის საწმენდი სითხე
-
სპეციალიზებული მინის საწმენდი აპარატი, იდეალურ შემთხვევაში უსადენო, პორტატიული მოდელი
-
მაღალი წნევით რეცხვის აპარატი, ფანჯრების საწმენდ საცმთან ერთად
როგორ გავწმინდოთ ორანჟერეის მინის სახურავი
სტანდარტული ორანჟერეის მინის კედლების გაწმენდა არც ისე რთული ამოცანაა, მაგრამ თუ თქვენი ორანჟერეა (ან სხვა დანიშნულების დამოუკიდებლად მდგარი შემინული ნაგებობა) სტანდარტულზე მაღალია ან თუ მინის სახურავის გაწმენდა გსურთ, მაშინ ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. არა იმიტომ, რომ თავად წმენდის პროცესი იცვლება, არამედ იმიტომ რომ შემაღლებული მონაკვეთები უფრო რთულად მისადგომია და შესაბამის, ფრთხილ მიდგომას მოითხოვს.
პრინციპში, სულ ორი ვარიანტიდან შეგიძლიათ აირჩიოთ - ან ახვიდეთ გასაშლელ კიბეზე (უმჯობესია თუ კედელზე მისაყუდებელ კიბეს არ გამოიყენებთ, მინა სრიალა ზედაპირია) და შემაღლებული მონაკვეთები ხელით ფრთხილად გაწმინდოთ, ან გამოიყენოთ მაღალი წნევის რეცხვის აპარატი სპეციალური თავაკით, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.
სანამ სიღრმისეულ წმენდაზე გადახვალთ, დარწმუნდით რომ მინას ბოლომდე მოაშორეთ ფხვიერი ჭუჭყი, რომელსაც სახურავებზე და ღარებში დაგროვება სჩვევია. ამისათვის უბრალო მექანიკური წმენდის ხელსაწყოებიც საკმარისია, მაგ. ჯაგრისები, შლანგი, ან მაქსიმუმ გამფრქვევი თავაკი, რომლებიც ბაღის შლანგზე მაგრდება. რთულად მისადგომ კუთხეებს გადაუარეთ სუფთა მიკროფიბრის ქსოვილით. ამ ეტაპზე არ უნდა გამოიყენოთ მაღალი წნევით რეცხვის აპარატი - ძლიერი ჭავლი ჭუჭყის მოშორების მაგივრად უბრალოდ გაავრცელებს მას ორანჟერეის მინის ფასადებსა და სახურავზე. როგორც წესი, ორანჟერეისა და მსგავსი შემინული ნაგებობების სახურავები დახრილია, რაც აადვილებს ზედაპირების ბაღის შლანგით ჩამოწმენდას. უმჯობესი იქნება თუ ჭუჭყს ყველაზე მაღალი წერტილიდან ქვემოთ ჩამორეცხავთ ისე, რომ ნაკადი მხოლოდ ზემოდან ქვემოთ იქნება მომართული - ასე ჭუჭყის გავრცელებას აიცილებთ თავიდან. კიდევ ერთი რჩევაა იქნება განათავსოთ რაიმე სახის შემკრები ჭურჭელი, თუნდაც უბრალო თასი ან საწური, წყლის ჭავლის ძირში - ჭურჭელი დაიჭერს ჩამორეცხილ ჭუჭყს ისე, რომ იგი არ მოხვდეს მიწაში და არ დააბინძუროს ეზო. კარგი იქნება თუ შემდეგ ნაგებობის მიმდებარე წყალსადენს შეამოწმებთ და, საჭიროების შემთხვევაში, ამოიღებთ მტკიცე ნარჩენებს - მათ შესაძლოა გაჭედონ წყალსადენი და სუფთა წყლის დინებას შეუშალონ ხელი.
თუ ზედაპირული წმენდა წარმატებით დაასრულეთ, შეგვიძლია სიღრმისეულ სველ წმენდაზე გადავიდეთ. ამისთვის ყველაზე მარტივია ისევ და ისევ მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენება. თუმცა უბრალო ბაღის შლანგიც გამოდგება, განსაკუთრებით ზედ თუ ტელესკოპურ გამფრქვევ თავაკს დაამაგრებთ. სანამ დაიწყებთ, დარწმუნდით რომ კიბე მიწაზე მყარად დგას - და, თუ საშუალება გაქვთ, აუცილებლად სთხოვეთ ვინმეს დაიკავოს კიდეც სანამ თქვენ შემინვას წმენდთ. ისევე, როგორც ზედაპირული წმენდის შემთხვევაში, დაიწყეთ სახურავის ყველაზე მაღალი წერტილიდან და ნელ-ნელა ჩამოჰყევით ფასადს ქვემოთ. თუ განსაკუთრებით ჯიუტ ჭუჭყთან გაქვთ საქმე, მოუმატეთ წნევას და ჭავლი რამდენჯერმე გადაატარეთ დალაქავებულ ადგილს. კარგი იქნება თუ სპეციალურ მინის საწმენდ სითხეს დაიხმარებთ, რადგან ისინი მინას დამატებით იცავენ და სისუფთავეს მეტი ხნით ინარჩუნებენ. როდესაც დაასრულებთ, მთელს კონსტრუქციას კიდევ ერთხელ გადაატარეთ სრულიად სუფთა წყლის ჭავლი, ყველანაირი საწმენდი საშუალების გარეშე.
რეკომენდაცია: კერხერის კატალოგში იპოვით სპეციალურ მინის საწმენდ პროდუქციას, რომელიც მთელს პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს და დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ. ასეთია, მაგალითად, უშუალოდ მინის საწმენდი აპარატი ან, მაღალი წნევით რეცხვის აპარატის ტელესკოპური გამფრქვევი თავაკი რომელიც სპეციალურად მინების წმენდისთვისაა შექმნილი და ერთი-ორად უფრო ეფექტურს ხდის პროცესს.
როგორ გავწმინდოთ შემინული ნაგებობის ფასადები?
შემინული ნაგებობის ფასადების წმენდის პროცედურა იდენტურია სტანდარტული ფანჯრების წმენდის - იმ ერთი განსხვავებით, რომ, როგორც წესი, ბევრად უფრო დიდი მასშტაბის ფართობზეა საუბარი. იმისთვის, რომ მინამ სისუფთავე უფრო დიდი ხნით შეინარჩუნოს, პროცესს ორ ფაზად უნდა მიუდგეთ - ჯერ ზედაპირული ჭუჭყი და მტვერი მოაცილოთ ჯაგრისით ან რბილი ტილოთი, და მხოლოდ შემდეგ გადახვიდეთ სველ წმენდაზე. ასე შეამცირებთ მინაზე ლაქებისა და ზოლების გაჩენის შანსებს.
როდესაც სველ წმენდაზე გადახვალთ, აუცილებლად ზემოდან ქვემოთ იმოძრავეთ: ჯერ მიასხით მინის ზედა ნაწილზე სპეციალური საწმენდი ხსნარი და შემდეგ ჩამოწმინდეთ სკვიჯით ან მიკროფიბრის ტილოთი. თუ სკვიჯის იყენებთ, უმჯობესია იქნება უსასრულობის სიმბოლოს (∞) ფორმით ამოძრაოთ, ერთი კიდიდან მეორისკენ და უკან. როდესაც წყალს სრულად ჩამოწმენდთ, მინა იგივე მოძრაობით გაამშრალეთ რბილი ჩაის ტილოთი ან მიკროფიბრის ქსოვილით.
რეკომენდაცია: ალბათ უკვე იცით, რომ ხალიჩებისა და იატაკის წმენდისას ყველაზე ეფექტური მიდგომა მტვერსასრუტისა და შვაბრის კომბინირებულად გამოყენებაა. ნუ გაგიკვირდებათ, და მსგავსი კომბინირებული მიდგომა მუშაობს ყველაზე კარგად მაშინაც, როდესაც საქმე მინის ზედაპირებს ეხება - უბრალოდ ამ შემთხვევაში სპეციალური მინის საწმენდი (window vac) გჭირდებათ, რომელიც წყლის გასხმისა და შეწოვის ფუნქციებს აერთიანებს. მისი გამოყენებისას ნებისმიერი შუშის ზედაპირი შეიძლება გაიწმინდოს მარტივად და ეფექტურად ისე, რომ ზედ არ დარჩება ზოლები.
როგორ ჯობია შემინული ნაგებობის წმენდა - მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენებით თუ მის გარეშე?
მოკლე პასუხი: ორივე გზა ეფექტურია და რომელს აირჩევთ სრულიად თქვენი პირადი პრიორიტეტებით უნდა იყოს განპირობებული.ჰკითხეთ საკუთარ თავს: რამდენი დრო გსურთ დახარჯოთ შემინული ტერიტორიის წმენდასა და სუფთად შენარჩუნებაზე? რამდენი ენერგია? და, ამის საპირწონედ, როგორ გამოიყურება თქვენი ბიუჯეტი? თუ თქვენთვის მთავარი პრიორიტეტია რაც შეიძლება იაფად გაიწმინდოთ შემინული სივრცე, მაშინ თქვენთვის ოპტიმალური გამოსავალი მიკროფიბრის ქსოვილები, სტანდარტული შლანგი და საყოფაცხოვრებო საშუალებებია. ხოლო თუ თქვენთვის მთავარი დროისა და ენერგიის დაზოგვაა, მაშინ უმჯობესი იქნება თუ შედარებით დიდ ინვესტიციას გაწევთ და მაღალი წნევით რეცხვის აპარატს შეიძენთ. ხოლო თუ გსურთ მთელი წმენდის პროცესი კიდევ უფრო ეფექტური იყოს, კარგი იქნება თუ სტანდარტულ აღჭურვილობასთან ერთად სპეციალურად მინის ზედაპირების წმენდაზე გათვლილ საცმებსაც შეიძენთ, რომლებიც წყალს ზოგავს.
ბევრმა არ იცის, რომ თუ აპარატს “მაღალი წნევით რეცხვის” ფუნქცია აქვს, ეს არ ნიშნავს რომ ის მხოლოდ მაღალ წნევაზე მუშაობს. კერხერის მაღალი წნევით რეცხვის აპარატი სინამდვილეში ადაპტირებადი ხელსაწყოა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია სხვადასხვა მასალის ზედაპირის საჭიროებებს მოერგოს, მათ შორის შედარებით დაბალი წნევის ჭავლითაც გაწმინდოს. მაგალითად, შედარებით ნაზი მასალისგან დამზადებული - ისეთი როგორიც მინაა - ფასადების საწმენდად აპარატს სპეციალური საცმების ნაკრები აქვს, რომელიც საშუალებას გაძლევთ წმენდის რეჟიმი თქვენს საჭიროებებს მოარგოთ. თუმცა მხოლოდ რეჟიმის ადაპტირება საკმარისი არაა, ისიც მნიშვნელოვანია თქვენ როგორ მიუდგებით პროცესს. მაგალითად, მინის ზედაპირი მოითხოვს, რომ არა უბრალოდ დაბალ წნევაზე, ასევე ცოტა ნელა იმუშაოთ და ჭავლი დიდი ხნით არ გააჩეროთ ერთი და იგივე მონაკვეთზე:
1. პირველ რიგში, გამფრქვევი თავაკი სწორი კუთხით უნდა დააყენოთ საწმენდი ზედაპირის მიმართ. არ გაუშვათ ჭავლი პირდაპირ, არამედ ცოტა დახარეთ თავაკი.
2. თავაკის დაყენებისას დარწმუნდით, რომ შლანგს - და მასთან ერთად წყლის ჭავლსაც - თავისუფლად შეუძლია მოძრაობა. თავაკის სიგრძის ცვლილება (ტელესკოპური გამფრქვევი თავაკი, მაგალითად, შეგიძლიათ დააგრძელოთ ისე, რომ მარტივად მისწვდეს შემინული ნაგებობის ზედა მონაკვეთებს) არ უნდა უშლიდეს ხელს შლანგის მოძრაობას.
3. როდესაც დარწმუნდებით, რომ თავაკიც და შლანგიც სწორადაა დამაგრებული აპარატზე, დაიწყეთ სახურავისა და ფასადების წმენდა ზემოაღწერილი რეკომენდაციების მიხედვით.
4. საუკეთესო შედეგის მისაღებად კარგი იქნება, თუ სპეციალურ საწმენდ სითხეს გამოიყენებთ, რომელიც მინას იცავს და დიდი ხნით უნარჩუნებს სისუფთავეს - მაგრამ ნუ გაწმენდთ ძლიერი მზის ქვეშ და აუცილებლად საფუძვლიანად გაამშრალეთ მინა როდესაც წმენდას დაამთავრებთ.
5. საწმენდი სითხის გამოყენებამდე მოხსენით მაღალი წნევით რეცხვის აპარატს სპეციალური ფანჯრის საწმენდი საცმი.
6. მაღალი წნევით რეცხვის შემწოვი შლანგი მოათავსეთ სპეციალურ საწმენდ სითხეში. ან, აპარატის მოდელისგან გამომდინარე, მოათავსეთ საწმენდი ხსნარი შესაბამის ავზში.
7. ახლა შეგიძლიათ მორეცხოთ მინის ზედაპირი სპეციალური მინის საწმენდი სითხით.
8. დაამაგრეთ აპარატზე გამფრქვევი თავაკი.
9. ჩამორეცხეთ სპეციალური მინის საწმენდი სითხე სუფთა წყლით.
ერთის მხრივ, ეს მიდგომა ძალიან მოხერხებულია, როდესაც საქმე შემინული ნაგებობის ექსტერიერის წმენდას ეხება, და მინიმალურია იმის რისკი, რომ თქვენ მიერ ახლახან გაწმენდილი მინა მალე დაბინძურდება. მეორეს მხრივ, ისეთი მასალები, როგორიცაა ხე, გოფრირებული პლასტმასა, და თუნდაც ორმაგი პანელები წმენდისას სხვა მიდგომას საჭიროებს.
ეს მნიშვნელოვანია: არ არის რეკომენდებული მაღალი წნევის რეცხვის აპარატი გამოყენება განსაკუთრებით ნაზ ნაწილებზე, როგორიცაა, მაგალითად, რეზინის ჰერმეტიზატორები. თუ შეუძლებელია მათთან კონტაქტის თავიდან აცილება, სულ მცირე ეცადეთ კონტაქტი მაქსიმალურად მოკლე იყოს. მაღალმა წნევის გამო წყალი და ჭუჭყი შეიძლება რეზინის ქვეშ მოხვდეს, რაც დაარღვევს ჰერმეტიზაციას.