ბარბექიუს გრილის წმენდა: როგორ გავასუფთაოთ მაყალი

მაისი 30 2025

გრილის წმენდა
გრილის წმენდა

ზაფხულში მწვადის მომზადება ბევრი ადამიანისთვის საყვარელი ტრადიციაა. ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ღია ბუნებაში, ბაღში თუ ტერასაზე მწვადის შეწვა ხშირად ზაფხულის სეზონის ყველაზე სასიამოვნო მოგონებებს უკავშირდება. დღესდღეობით კი ტრადიციული შამფურების გარდა უკვე სულ უფრო ხშირად იყენებენ მაყალის უფრო თანამედროვე ვარიანტსაც - ბარბექიუს გრილს. და მიუხედავად იმისა, გრილი ზაფხულის თბილი საღამოებისთვის გაქვთ გადანახული თუ მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყენებთ, მას სპეციფიკური მოვლა სჭირდება, იმისთვის რომ მაქსიმალურად დიდი ხანი გემსახუროთ. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის გრილს იყენებთ - ელექტრო, ნახშირის თუ გაზის - კერხერის რჩევებით მისი წმენდა და შენახვა მარტივი პროცესი იქნება, რომელიც დიდ დროს და ძალისხმევას არ მოითხოვს.

რატომ არის გრილის რეგულარულად წმენდა მნიშვნელოვანი?

იმისათვის, რომ ნებისმიერ დროს უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლოთ მწვადის (ან სხვა ნებისმიერი ტიპის ბარბექიუს) მომზადება, გრილი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს. რეგულარული წმენდა უზრუნველყოფს, რომ მოწყობილობა ყოველთვის მზად იყოს გამოყენებისთვის, ხოლო სუფთა ცხაური კი იმის გარანტიაა, რომ შეწვისას საკვებს იდეალურად მოამზადებთ, ისე რომ მას არ აჰყვება ძველი კერძებიდან შემორჩენილი ნარჩენები თუ არომატი. რა სიხშირით უნდა გაწმინდოთ გრილი თუ შიგნიდან, თუ გარედან სრულიად დამოკიდებულია მისი გამოყენების სიხშირესა და დაბინძურების ხარისხზე. თუმცა, საშუალო დონის მარტივი წმენდა ყველა შემთხვევაში რეგულარულად უნდა ჩატარდეს - ყოველი გამოყენებისას. საფუძვლიანი, ყოვლისმომცველი წმენდა - მაგალითად, ისეთი, როგორსაც ორთქლით წმენდის აპარატი უზრუნველყოფს - ბევრად უფრო შრომატევადია, მაგრამ, როგორც წესი, მსგავს ძალისხმევას გრილი იშვიათად მოითხოვს. იდეალურ შემთხვევაში ღრმა წმენდას წელიწადში ორჯერ ჩაატარებთ – ერთხელ მწვადის სეზონის დაწყებამდე და ერთხელაც მის შემდეგ - თუმცა თუ გრილს დიდად აქტიურად არ იყენებთ, წელიწადში ერთხელაც რომ სიღრმისეულად გაწმინდოთ, უკვე საკმარისი იქნება.

რეკომენდაცია: სანამ ახალ გრილს პირველად გამოიყენებთ, ჯერ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაზე უნდა გააცხელოთ. ეს ხელს შეუწყობს ზეთის თუ სხვა იმ ნარჩენების აორთქლებას, რომელიც საწარმოში აწყობისას ხშირად რჩება ცხაურაზე.

როდის უნდა გავწმინდოთ BBQ გრილი: გამოყენებამდე თუ გამოყენების შემდეგ?

გრილი უნდა გაიწმინდოს როგორც გამოყენებამდე, ისე გამოყენების შემდეგ. როგორც წესი ამგვარი წმენდა ძირითადად ზედაპირული ტიპის იქნება და განსხვავება მიდგომაშია.

გამოყენებამდე რეგულარული წმენდის პროცედურა მოითხოვს გრილის დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებას და შემდეგ ბადის გრილის საწმენდი ჯაგრისით გაწმენდას. ამ გზით თავს იზღვევთ, რომ ცხაურზე დარჩენილი არაა საკვების ნარჩენები ან ჟანგი. იმ შემთხვევაშიც, თუ გრილი ბოლო გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ, ზედაპირული წმენდა შემდეგ გამოყენებამდე აუცილებელია, იმიტომ რომ პროცესი ბაქტერიების ნაწილს კლავს. სანამ შესაწვავ საკვებს გრილზე მოათავსებთ, ცხაურს შეასხურეთ მცირე რაოდენობით საკვების მიკრობის საწინააღმდეგო სპრეი, ეს ხელს შეუშლის გრილზე ზედმეტი ნარჩენების დატოვებას.

ასევე არსებობს რამდენიმე ხრიკი მწვადის შეწვისას ცხიმისა და ნარჩენების მინიმუმამდე შესამცირებლად. მათი გამოყენება გაამარტივებს გრილის შემდგომ წმენდას. კარგი იქნება, თუ ზომიერი რაოდენობით გამოიყენებთ მარინადსა და სოუსებს - ზედმეტი რაოდენობა ხშირად გრილზე ეწვეთება. გამოიყენეთ ალუმინის საწრეტი ლანგრები, ცხიმისა თუ სხვა სითხეების მოსაგროვებლად, რათა თავიდან აიცილოთ მათი ბადეზე, გრილის ძირზე ან მოწყობილობის ვიწრო ღრეჩოებში მოხვედრა. მაყალზე უფრო მეტი ჭუჭყის მოხვედრა შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ  „ირიბი გრილის“ მეთოდით (ეს განსაკუთრებით განსაკუთრებით ეფექტურია ტრადიციული ნახშირის გრილის შემთხვევაში). მოათავსეთ ალუმინის საწრეტი ლანგარი გრილის ქვედა ნაწილის ცენტრში, ხოლო ნახშირი ლანგრის მარცხნივ და მარჯვნივ დააყარეთ. როდესაც მწვადის მომზადებას დაიწყებთ, შენიშნავთ რომ ამგვარი განლაგება ნარჩენების კონტროლირებადი სახით შეგროვებას უზრუნველყოფს.

როდესაც ბარბექიუს მომზადებას დაასრულებთ, გრილი კიდევ ერთხელ უნდა გაწმინდოთ. გააცხელეთ გრილი მაღალ ტემპერატურაზე, სასურველია დახურული სახურავით, რათა ცხაურზე მოგროვილი ნარჩენების უმეტესობა დაიწვას. შეგიძლიათ გამოიყენოთ მავთულის ჯაგრისი ღრეჩოების მსუბუქად გასაწმენდად – არსებობს სპეციალური ცალმხრივი, ორმხრივი ან სამმხრივი ჯაგრისები, რომელი მათგანი უნდა გამოიყენოთ გრილის დიზაინზე იქნება დამოკიდებული. როდესაც მწვადი მზად იქნება, დაცალეთ საწრეტი ლანგრები ან, თუ ერთჯერად ლანგრებს იყენებთ, აცალეთ მათ სრულად გაგრილება და შემდეგ გადაყარეთ (ან, შეძლებისდაგვარად, მოათავსეთ გადამუშავებისთვის განკუთვნილ ურნებში).

როგორ გავწმინდოთ გრილი ორთქლით წმენდის აპარატით

უჟანგავი ფოლადის ზედაპირების საფუძვლიანი სიღრმისეული წმენდის ჩასატარებლად ყველაზე მარტივია ორთქლით წმენდის აპარატის გამოყენება. ისეთი დეტალები, როგორც გრილის თავსახური, გვერდითი პანელები და მართვის პულტი სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ გაწმინდოთ ცხელი ორთქლის დახმარებით. პირველ რიგში, ყველა ზედაპირი საფუძვლიანად დაამუშავეთ აპარატზე დასამაგრებელი სპეციალური ჯაგრისით. შემდეგ შეგიძლიათ ეს პროცესი გაიმეოროთ მიკროფიბრის ქსოვილით. ასე თქვენ ყველა ზედაპირს მაქსიმალურად ეფექტურად გაწმენდთ.  ორთქლის ზემოქმედება ცხიმსა და საკვების ნარჩენებს მაქსიმალურად მოაშორებს, ხოლო მიკროფიბრის ქსოვილი მათ შეგროვებას და შეკავებას უზრუნველყოფს.

უჟანგავ ფოლადზე წარმოქმნილი ზედაპირული ცხიმის ლაქები ხელითაც შეგიძლიათ მოხსნათ, დაგჭირდებათ მხოლოდ თბილი წყალი, ჭურჭლის სარეცხი სითხე და მიკროფიბრის ქსოვილი. თუმცა მსგავსი მიდგომა ბევრად მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ორთქლით წმენდის აპარატი. ალტერნატიულად, სპეციალიზებულ მაღაზიებში შეძლებთ ცხიმის გამხსნელი სპეციალური გრილის საწმენდი ხსნარის შეძენასაც, რომელიც ცოტა უფრო სწრაფად გაუმკლავდება ზედაპირულ ჭუჭყს.

რთულად მისადგომ ადგილებში, როგორიცაა თუჯის გრილის ფირფიტა ან უჟანგავი ფოლადის ცხაურის ნიშა, გამოიყენეთ მეტალის ჯაგრისები, რომლებიც ორთქლით წმენდის აპარატზე მაგრდება და ეფექტურია უფრო ჯიუტი ჭუჭყის შემთხვევებში. თუ ცხაური ემალირებულია, უმჯობესი იქნება გამოიყენოთ პლასტმასის ჯაგრისების ნაკრები - მეტალმა ემალი შესაძლოა დააზიანოს. ჯიუტი ჭუჭყი დაარბილეთ ცხელი ორთქლით და შემდეგ დაამუშავეთ ჯაგრისით - წესით ყველა ტიპის ნარჩენი მალევე მოიხსნება. დარბილებული ჭუჭყი ძველი ქსოვილით მოწმინდეთ. ორთქლით წმენდის აპარატი ასევე შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ იმ შემთხვევაშიც, თუ გრილი დამოუკიდებელი აპარატი არ არის და ინტეგრირებულია გარე სამზარეულოში.

რეკომენდაცია: თუ გრილის გასაწმენდად ორთქლით წმენდის აპარატს გამოიყენებთ, ფრთხილად იყავით აპარატის დატოვებულ წყლის კვალთან - პარკეტზე, ქვის ფილებსა და ფიცარნაგზეც შესაძლოა უშნო ლაქები დარჩეს, თუ წინასწარ სპეციალურ ზომებს არ მიიღებთ. ყველაზე კარგი იქნება, თუ გრილის ქვეშ ფოლგას ან გაზეთს დააგებთ სანამ წმენდას დაიწყებთ. მთავარია დარწმუნდეთ, რომ ფოლგა თუ გაზეთი მთელ იმ დიამეტრს ფარავს, რასაც ცხელი ორთქლი შეიძლება მოხვდეს. ალტერნატიულად, არსებობს სპეციალური მრავალჯერადი გამოყენების საფენები, რომლებიც გრილის ქვეშ შეგიძლიათ დააგოთ. ეს საფენები არა მარტო წმენდისას გამოიყენება, არამედ საერთოდ იცავს ზედაპირებს ყველა ტიპის ლაქებისგან - მათ შორის ცხიმის, საკვებისა თუ ამინდის. თუ გრილის წმენდის დასრულებისას შენიშნეთ, რომ ზედაპირებზე ლაქები მაინც დარჩა, გამოიყენეთ ჩვენი რჩევები პარკეტის, ქვის ფილებისა თუ ფიცარნაგის წმენდაზე იმისთვის, რომ ზედაპირს შეხედულება მალევე დაუბრუნოთ. 

როგორ გავწმინდოთ ნახშირის გრილი მტვერსასრუტის დახმარებით 

თუ ნახშირის გრილს იყენებთ, გახსოვდეთ, რომ აორთქლებული ცხიმი დროთა განმავლობაში დაგროვდება ქვაბსა და თავსახურში. ნარჩენების მოსაშორებლად ყველაზე მარტივი გზა ისევ ორთქლით წმენდის აპარატის ან ცხიმის გამხსნელი საწმენდი საშუალების გამოყენებაა.

თუმცა გაზსა და ელექტროენერგიაზე მომუშავე მოწყობილობებისგან განსხვავებით, ნახშირის გრილის შემთხვევაში არა მხოლოდ ნამწვებით დაფარულ ცხაური და ცხიმიანი ზედაპირები უნდა გაწმინდოთ, არამედ გრილის ლანგარზე დაგროვილი ნაცარიც. ნაკვერჩხლების ჩაქრობის შემდეგ, ნახშირი კარგად უნდა გაცივდეს. ყოველთვის მინიმუმ მთელი ღამით, და, იდეალურ შემთხვევაში, სრული 12 საათი აცალეთ გაგრილება. რაც დარჩება, მეორე დღეს მარტივად შეიძლება აიწმინდოს ძლიერი მტვერსასრუტით. შეგროვებული ნაცარი ფრთხილად დაცალეთ წინასწარ გამზადებულ ღრმა ნაგვის ურნაში და ეცადეთ ჭუჭყთან არ გქონდეთ დამატებითი კონტაქტი, რათა შემთხვევით არ გააბნიოთ. 

რეკომენდაცია: გამოყენების და წმენდის შემდეგ დარწმუნდით, რომ გრილი ყველა წესის დაცვით შეინახეთ

გრილის წესებით დაცვით შენახვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი სრული გაგრილება და საფუძვლიანი წმენდა. იმ პერიოდებში, როდესაც მოწყობილობას არ იყენებთ, გრილის თავსახური მჭიდროდ დახურული უნდა იყოს. ასე გექნებათ გარანტია, რომ მაყალი დაცულია მტვრის, ნესტისა და მექანიკური დაზიანებებისგან. უჟანგავი ფოლადის გრილები განსაკუთრებით გამძლეა, და თუ თავსახური კარგად ახურავს, უპრობლემოდ შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში გარეთ დატოვოთ, თუ პერიოდულ წმენდას უზრუნველყოფთ.