ფურგონის წმენდა: პრაქტიკული რჩევები და ხრიკები
მაისი 30 2025

ბევრი ადამიანისთვის მანქანაზე მისაბმელი ფურგონები ან სულაც კემპერები თავისუფლების განსახიერებაა. მათი წყალობით, შეგიძლია მოქნილად გაატარო თავისუფალი დრო - წახვიდე სადაც გინდა და როდესაც გინდა, ყოველთვის გექნება თავშესაფარი. თუმცა, ისევე როგორც ავტომობილები, კემპერები და ფურგონებიც საჭიროებენ რეგულარულ წმენდას როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. მტვერი, წვიმა, ფოთლები, მწერები და თუნდაც ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრება, თავის კვალს ტოვებს ნებისმიერ საცხოვრებელ სივრცეზე, განსაკუთრებით როდესაც ეს საცხოვრებელი სივრცე მობილურია და ხშირად ღია ბუნებაში გასასვლელად გამოიყენება. კერხერის ამ ბლოგში გაგიზიარებთ ფურგონისა თუ კემპერის წმენდისთვის სასარგებლო რჩევებსა და ხრიკებს, რომლებიც პროცესს ბევრად გაგიმარტივებთ.
რატომ არის საჭირო კემპერებისა და ფურგონების წმენდა?
კემპერისა თუ ფურგონის რეგულარული წმენდის მიზეზი იგივეა, რაც ნებისმიერი სხვა ავტომობილის. პირველ რიგში, ეს ესთეტიკისა და საბაზისო გამართულობის საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ინტერიერს ეხება.
მეორეს მხრივ, საფუძვლიანად გაწმენდილი ფურგონი გზაზე უფრო უსაფრთხოდ გადაადგილდება. თუ დაფიქრდებით, გაგახსენდებათ, რომ ავტომობილის შემთხვევაშიც ჭუჭყიანი უკანა ხედვის სარკეები და საქარე მინები ხშირად ხილვადობას ზღუდავს და, შესაბამისად, მოძრაობისას ხიფათიც იზრდება.
დაბოლოს - შესაძლოა ეს არ იყოს პირველი მიზეზი რომელიც გაგახსენდებათ, მაგრამ მაინც საჭიროა გახსოვდეთ - რეგულარული წმენდა ხელს უწყობს კემპერისა თუ ფურგონის გამართულ მუშაობას და ამით ავტომობილის ღირებულებას ინარჩუნებს.
ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით, ალბათ უკვე მოტივირებული ხართ ფურგონის გასაწმენდად. იდეალური იქნება, თუ საფუძვლიან სიღრმისეულ წმენდას წელიწადში ორჯერ მაინც ჩაატარებთ: ერთხელ შემოდგომაზე (ამ დროს მფლობელების უმეტესობა ზამთრისთვის ამზადებს თავის ფურგონს, რადგან ცივ პერიოდში კემპინგისთვის დიდად არ სჭირდება) და შემდეგ გაზაფხულზე, სანამ კვლავ დაიწყებენ გზაზე აქტიურად მოძრაობას. თუ ორჯერ სიღრმისეული წმენდის ჩატარებას ვერ ახერხებთ, სასურველია ერთხელ მაინც - უმჯობესია შემოდგომაზე, კემპერის დიდი ხნით დაყენებამდე, რომ ჯიუტმა ჭუჭყმა უფრო ღრმად ჩაჯდომა ვერ მოასწროს.
რაც არ ნიშნავს, რომ ფურგონი/კემპერი მეტჯერ არ უნდა გაიწმინდოს. ყოველთვის მიზანშეწონილია ბოლო გამოყენების კვალის მოშორება ზედაპირული წმენდით მაინც, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან, განსაკუთრებით თუ დიდი ხნის განმავლობაში მგზავრობდით. ფანჯრები და სარკეები კი, თუ ჭუჭყიანია, ყოველი მგზავრობის წინ უნდა გაიწმინდოს - ეს უკვე უსაფრთხოების საკითხია.
სად და როგორ გარემოში ჯობია კემპერისა თუ ფურგონის წმენდა?
როდესაც საქმე ეხება კემპერის/ფურგონის წმენდას, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ - ყურადღებით შეარჩიოთ ადგილი, სადაც ავტომობილს გარეცხავთ. საცხოვრებელი დანიშნულების მანქანის გარეცხვა ყველგან არ შეიძლება, ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა თქვენს საკუთრებაში არსებულ კერძო მიწის ნაკვეთზეც კი აკრძალული იყოს (ასეა, მაგალითად, ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გარემოს დაცვას და ცდილობენ მაქსიმალურად შეზღუდონ მავნე საწმენდი საშუალებების გარემოში გავრცელებას). თუმცა, იმ შემთხვევაშიც, როდესაც კანონი ადგილს არ ზღუდავს, უმჯობესია თქვენი კემპერი ან ფურგონი სპეციალურ ავტოსამრეცხაოში გაიწმინდება - ეს არა მხოლოდ უფრო უსაფრთხოა, არამედ, უფრო მოხერხებული, საჭირო ინფრასტრუქტურის გამო.
თუ სამრეცხაოში თვითმომსახურების არჩევანი გექნებათ, შეგიძლიათ თქვენი ფურგონი/კემპერი თავად გაწმინდოთ. პროცესი საკმაოდ მარტივია. მთავარია დიდი ავტომობილებისთვის სპეციალურად განკუთვნილი სამრეცხაო ბოქსი იყოს გამოყოფილი - ასეთს მეტი სივრცე აქვს, და, როგორც წესი, 2 მეტრზე მაღალია, რათა ფურგონი მარტივად მოთავსდეს. სამრეცხაო ბოქსში არსებული ჯაგრისები გამოყენებამდე ყოველთვის შეამოწმეთ სისუფთავეზე და ზედაპირულად მაინც გაწმინდეთ, რადგან სარეცხ ჯაგრისებზე არსებულმა მცირე ჭუჭყის ნაწილაკებმა შეიძლება ნაკაწრები დატოვოს მგრძნობიარე ზედაპირებზე. თუ ვიზუალურად დაბინძურება ვერ შეამჩნიეთ, უბრალოდ წყლის გადავლებაც საკმარისი იქნება.
თუ არ გსურთ თავად ამ პროცესით დაკავება, მაშინ პროფესიონალებს გადააბარეთ - მაგრამ წინასწარ დარწმუნდით, რომ მათ აქვთ დიდი ფორმატის საცხოვრებელი დანიშნულების მქონე ავტომობილებთან მოპყრობის გამოცდილება. როგორც წესი, უფრო მაღალია შანსი ასეთ პროფესიონალებს სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების ავტოსამრეცხაოებზე მიაგნოთ. თუმცა, აუცილებელია წინასწარ გაარკვიოთ, არის თუ არა დაწესებულება გათვლილი ფურგონების/კემპერების გარეცხვაზე.
ყველა ვარიანტში მნიშვნელოვანია გაეცნოთ მწარმოებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რადგან ყველა ავტომობილი არ არის შესაფერისი ავტოსამრეცხაოსთვის. განსაკუთრებული პრობლემა შეიძლება შეიქმნას უფრო დელიკატური დეტალების წმენდისას - ასეთია, მაგალითად, ფანჯრები, საიზოლაციო მასალები და სახურავის კონსტრუქცია.
ფურგონისა და კემპერის წმენდა: დეტალური ინსტრუქცია
კემპერებისა თუ ფურგონების წმენდისას, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ექსტერიერისა და ინტერიერის წმენდას განსხვავებულად უნდა მიუდგეთ. ასევე, არ უნდა დაგავიწყდეთ ჩარდახები და წყლის ავზები. თუ ჩვენს შემდეგ რჩევებს გაითვალისწინებთ, წმენდის პროცესი გაცილებით უფრო გაგიმარტივდებათ:
ფურგონისა და კემპერის ექსტერიერის წმენდა
პროცესის დასაწყებად ბევრი არაფერი დაგჭირდებათ. მთავარია ამინდმა ხელი შეგიწყოთ და იპოვოთ შესაფერისი ადგილი თქვენი კემპერის ან ფურგონის გასაწმენდად. ექსტერიერის წმენდისას, პირველ რიგში სახურავი უნდა გაწმინდოთ, შემდეგ გვერდები და ყველაზე ბოლოს კი დისკები. მართალია უმეტეს შემთხვევაში წმენდისას ზევიდან ქვევით მოძრაობით ვწმენდთ, მაგრამ ფურგონის გვერდების შემთხვევაში რეკომენდებულია ქვემოდან ზემოთ წმენდა - ეს მიდგომა აადვილებს იმის დანახვას, რომელი ადგილებია უკვე სუფთა, განსაკუთრებით საწმენდი საშუალებების გამოყენებისას.
კემპერის ან ფურგონის გასაწმენდად, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ინსტრუმენტები:
-
ფურგონისა და კემპერის საწმენდი სპეციალური სითხე (ასეთი სითხეები არ შეიცავენ აბრაზიულ ინგრედიენტებს, რომლებსაც შეუძლიათ დააზიანონ ექსტერიერი) ან ავტომობილის სტანდარტული საწმენდი სითხე, რომლის შემადგენლობაც სპეციალური სითხის მსგავსი ან იდენტურია
-
მწერების მოსაშორებელი
-
დისკების საწმენდი სითხე და სპეციალური დისკების საწმენდი ჯაგრისი
-
ავტომობილის შუშის საწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, აკრილის საწმენდი ხსნარი
-
სარეცხი ჯაგრისი და მაღალი წნევით რეცხვის აპარატი (ასეთის არქონის შემთხვევაში, ჩვეულებრივი ბაღის შლანგიც შეგიძლიათ გამოიყენოთ)
-
საჭიროების შემთხვევაში ტელესკოპური ჭავლის მილი
-
თბილი წყალი
-
ღრუბელი ან სარეცხი ტილო
-
მიკროფიბრის ქსოვილი
-
სადეზინფექციო საშუალება
-
ნადების მოსაშორებელი საშუალება
თქვენი ფურგონის ექსტერიერის გაწმენდის ყველაზე სწრაფი გზა მაღალი წნევით რეცხვის აპარატისა და სპეციალური საწმენდი სითხის ერთად გამოყენებაა.
თუ აპირებთ სახურავის გაწმენდას მაღალი წნევით რეცხვის აპარატით, არ უნდა დადგეთ მის თავზე და არ უნდა იმუშაოთ ფურგონის გვერდზე მიმდგარი კიბიდან. არსებობს რისკი, რომ ძლიერი წყლის ჭავლის გამო კიბე გადაბრუნდეს. ყველაზე უსაფრთხო გზაა მიწაზე იდგეთ და ჭავლი ქვემოდან აკონტროლოთ. თუ აპარატზე ტელესკოპური ჭავლის მილს დაამაგრებთ, პროცესი გაგიადვილდებათ - ტელესკოპური ჭავლი უფრო ძლიერია. ზოგიერთ სამრეცხაო სადგურზე ასევე განლაგებულია სპეციალური ხარაჩოები, რომლებიც მაღალი ავტომობილების უსაფრთხოდ წმენდისთვისაა განკუთვნილი.
მაღალი წნევით წმენდისას ასევე მნიშვნელოვანია ფრთხილად მოქმედება - გამოიყენეთ რაც შეიძლება რბილი წყლის ჭავლი. ასევე დაცული უნდა იყოს მინიმუმ 30 სმ მანძილი ზედაპირამდე. დეკორი, სავენტილაციო ცხაურები და საიზოლაციო მასალები ცალკე უნდა გაიწმინდოს. მაცივრის ჰაერსადინარების დასაცავად, რეკომენდებულია რეცხვის წინ ზამთრის საფარების დაყენება.
თუ ხელთ მხოლოდ კიბე გაქვთ - გამოიყენეთ აქაფებადი საწმენდი სითხე. დაასველეთ სახურავი და გვერდითი კედლები აქაფებადი საწმენდით, შემდეგ დაამუშავეთ რბილი სარეცხი ჯაგრისით და, მას შემდეგ, რაც ქაფი თანაბრად დაფარავს მთელ საწმენდ სივრცეს, ჩამორეცხეთ შლანგით. ამგვარი წმენდის პროცესში, მაქსიმალურად ფრთხილად იყავით შუასადებებთან - ისინი შემდეგ, ცალკე უნდა დამუშავდეს გლიცერინით ან ტალკით.
თქვენი ავტომობილის ფანჯრების გასაწმენდად უმჯობესია გამოიყენოთ სპეციალური საქარე მინების საწმენდი ხსნარი. ის შეგიძლიათ უბრალოდ შეასხუროთ მინებს და შემდეგ სუფთა მიკროფიბრის ქსოვილით ჩამოწმინდოთ. ხშირ შემთხვევაში, კემპერის/ფურგონის საცხოვრებელი სივრცის ფანჯრები აკრილის ან პლასტმასისგან მზადდება. მათ გასაწმენდად არსებობს სპეციალური აკრილის საწმენდი ხსნარები. თუმცა, მათი წმენდა ასევე შესაძლებელია ძმრისგან დამზადებული საშინაო საწმენდი სითხითაც.
ამ ფანჯრების წმენდისას არ გამოიყენოთ ჯაგრისები - შეიძლება ნაკაწრები დატოვოს. იმისთვის, რომ ფანჯრებზე ზოლები არ დარჩეს, წმენდის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამორეცხეთ წყლით და შემდეგ გაამშრალეთ სუფთა მიკროფიბრის ტილოთი ან სტანდარტული სამზარეულოს პირსახოცით.
რეკომენდაცია: თუ ფანჯრებზე, ფარებზე ან ფურგონის სახურავზე მწერების ნარჩენებია, ეს ადგილები შეგიძლიათ ცალკე მოწმინდოთ სპეციალური მწერების მოსაშორებელი საშუალებით და შემდეგ ჩამორეცხოთ მაღალი წნევით რეცხვის აპარატით ან უბრალო ბაღის შლანგის გამოყენებით.
ბორბლების თაღები და დისკები ასევე შეგიძლიათ მაღალი წნევით რეცხვის აპარატით გაწმინდოთ. დისკების წმენდისთვის რეკომენდებულია სპეციალური დისკების საწმენდი ხსნარის გამოყენება. თუმცა თუ ხელზე მხოლოდ საყოფაცხოვრებო საშუალებები გაქვთ, შეგიძლიათ თბილი წყლისა და მცირე რაოდენობით ძმრის ნაზავი გამოიყენოთ. ჯიუტი ჭუჭყის ამოსაყვანად გამოიყენეთ ბორბლების საწმენდი ჯაგრისი (განსაკუთრებით ღრეჩოებს შორის ჩამჯდარი ჭუჭყის ამოსაყვანად გამოგადგებათ).
რეკომენდაცია: ფურგონის ან კემპერის წმენდისთვის აირჩიეთ მშრალი და თბილი დღე. თავიდან აიცილეთ მწველი მზე - სიცხეში თქვენი გამოყენებული საწმენდი ხსნარები ძალიან სწრაფად გაშრება, ხშირად იმაზე სწრაფად, ვიდრე საფუძვლიანად ჩამორეცხვას მოასწრებთ და ფურგონზე უსიამოვნო ლაქები დარჩება. ამავე მიზეზის გამო, ჯერ ყოველთვის სრულად გაწმინდეთ კემპერის ან ფურგონის ერთი მხარე, და მეორეზე უკვე მაშინ გადადით, როდესაც დარწმუნდებით, რომ გამოყენებული საწმენდი საშუალებები სრულად ჩამორეცხეთ.
წყლის ავზისა და ჩარდახის წმენდა
კემპერების და ფურგონების წყლის ავზებში უამრავი მიკროორგანიზმი იყრის თავს. მნიშვნელოვანია, რომ წყლის სისტემა რეგულარულად გაწმინდოთ არა მხოლოდ ნადებისაგან, არამედ ე.წ. ბიოფილმისგანაც - მიკროორგანიზმების ჯგუფისგან, რომელშიც უჯრედები ერთმანეთს ზედაპირზე ეკვრის. არ აქვს მნიშვნელობა, რა სიხშირით იყენებთ კემპერს - ბაქტერიები აუცილებლად გამრავლდება წყლის სისტემაში და ბიოფილმიც აუცილებლად წარმოიქმნება დროთა განმავლობაში.
საბედნიეროდ, მისი შემჩნევა მარტივია - ბიოფილმი ყველაზე ხშირად ავზის კედლებზე ლორწოვანი ფენის სახით გვევლინება, თუმცა თუ შეამჩნიეთ, რომ მილებში ფერმა შეცვლა დაიწყო, სავარაუდოდ ბიოფილმის გამოა. ისევე, როგორც უშუალოდ კემპერი/ფურგონი, წყლის ავზებიც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიწმინდოს, მაგრამ სასურველია თუ კემპინგის სეზონის წინაც გაწმენდთ და დასრულების შემდეგაც. პირველ რიგში სისტემა უნდა გაასტერილოთ, შემდეგ ჩაუტაროთ დეზინფექცია და ნადები მოაშოროთ სპეციალური ნადების საწინააღმდეგო საშუალებით, ბოლოს კი საფუძვლიანად გამორეცხოთ წყლის ავზი პროდუქტზე მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
ჩარდახებსაც რეგულარული ინტერვალებით სჭირდება წმენდა. ჩვეულებრივი დაბინძურების შემთხვევაში, საკმარისია ზედაპირის მორეცხვა მცირე რაოდენობით თბილი წყლითა და ჯაგრისით, ქსოვილით ან ღრუბლით. თუ ჭუჭყი უფრო ჯიუტია, შეიძლება წყალში სულ ცოტა თხევადი საპონი ან ჭურჭლის სარეცხი სითხე გაურიოთ. ქსოვილი შემდეგ სუფთა ჰაერზე უნდა გაშრეს. ჩარდახის დაკეცვამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ ქსოვილი სრულად გაშრა.
კემპერისა და ფურგონის ინტერიერის წმენდა
საფუძვლიანი გარე დასუფთავების შემდეგ, შეგიძლიათ ინტერიერზე გადახვიდეთ. სანამ ფურგონის შიგნიდან გაწმენდას დაიწყებთ, აუცილებლად გარეთ გამოიტანეთ ყველა მოძრავი ნივთი. თუ დრო და შესაძლებლობა გაქვთ, ეს კარგი მომენტი იქნება ყველაფერი დაახარისხოთ და ის ნივთები, რომლებიც აღარ გჭირდებათ, მოაცილოთ, რათა კემპერში ტყუილად აღარ იკავებდნენ ადგილს. უშუალოდ სივრცის წმენდისთვის გამოიყენეთ შემდეგი ნივთები:
-
თბილი წყალი
-
ღრუბელი და ტილო
-
საყოფაცხოვრებო უნივერსალური საწმენდი სითხე
-
მტვერსასრუტი
-
ორთქლით წმენდის აპარატი
-
საჭიროების შემთხვევაში, ხალიჩის საწმენდი ან ლაქების ამომყვანი
ზოგადად, კემპერის შიდა სივრცის წმენდისას წყალი ზომიერად უნდა გამოიყენოთ, რადგან მისი სპეციფიური დიზაინის გამო ნესტმა შეიძლება განსაკუთრებით სწრაფად გამოიწვიოს ობის გაჩენა და, უარეს შემთხვევაში, შასის დაზიანება. წყლის ნარჩენები ყოველთვის კარგად უნდა მოიწმინდოს. ამასთან, საქმეს გაიადვილებთ, თუ ფანჯრებს ღია მდგომარეობაში გაწმენდთ - ასე წმენდის შედეგად წარმოქმნილი ნესტის დიდი ნაწილი გარეთ გავა.
რბილი ავეჯის გადასაკრავი ქსოვილების, მატრასებისა და ხალიჩების გასაწმენდად, გამოიყენეთ მტვერსასრუტი (უმჯობესია თუ მტვერსასრუტი აღჭურვილი იქნება ორივე - სველი და მშრალი - წმენდის ფუნქციით) და შემდეგ გააშრეთ გარეთ, მზეზე. უფრო სიღრმისეული ჭუჭყის ან ლაქების შემთხვევაში, შეგიძლიათ ხალიჩების საწმენდი სითხე დაიხმაროთ. კიდევ ერთი ვარიანტია, ლაქები ლოკალურად დაამუშავეთ სპეციალური საწმენდი ხსნარით.
ფანჯრების შიგნიდან გასაწმენდად შეგიძლიათ იგივე მიდგომა გამოიყენოთ, რაც ექსტერიერის წმენდისას. თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აუცილებელია გაითვალისწინოთ - იმისდა მიხედვით, ფანჯრები შუშისგანაა დამზადებული თუ პლასტმასის ან აკრილისგან, სხვადასხვა ტიპის საწმენდი ხსნარი უნდა გამოიყენოთ.
ფანჯრების დასრულების შემდეგ საფუძვლიანად გაწმინდეთ მტვერსასრუტით მთელი ინტერიერი. იატაკის გარდა, კარადები და სათავსოებიც უნდა გაიწმინდოს, მათ შორის ცალკეული განყოფილებები და უჯრები. შემდეგ ყველაფერს გადაუსვით დანამული ქსოვილი. თუ საჭიროდ ჩათვლით, შეგიძლიათ წყალს რამდენიმე წვეთი რბილი უნივერსალური საწმენდი სითხე გაურიოთ. ფრთხილად იყავით აქაფებად საწმენდებთან - ისინი ზოგჯერ გამხსნელებს შეიცავენ და შესაძლოა დააზიანონ ზოგიერთი ზედაპირი.
შემდგომ შეგიძლიათ მაცივრის წმენდაზე გადახვიდეთ. პირველ რიგში, გამოიღეთ ყველა თარო და კარგად გარეცხეთ ჭურჭლის სარეცხი სითხითა და თბილი წყლით. შემდეგ გამოიყენეთ სუფთა ტილო და გაწმინდეთ მაცივრის უკანა კედელი. ობის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, ცარიელი მაცივრის კარი ღია უნდა დატოვოთ, როდესაც არ იყენებთ, მაგალითად, ზამთარში.
დაბოლოს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სამზარეულოს ზედაპირსა და ქურას. როდესაც გაზქურის ცხაურსა და სანთურების თავსახურებს აწევთ, აუცილებლად შეამჩნევთ დაგროვებულ ჭუჭყს, მაგრამ, როგორც წესი, ეს ჭუჭყი მარტივად სცილდება მცირე რაოდენობით საწმენდი ხსნარისა და თბილი წყლის დახმარებით. სამზარეულოს ზონაში ნადების ნარჩენები შეგიძლიათ ძმრით მოაცილოთ. ძმარი ასევე ეფექტური საშუალებაა გაჭედილი სანიაღვრეების გასაწმენდად. ქურაზე და მის გარშემო ღრმად ჩამჯდარი ლაქებისა და ცხიმის ნარჩენების განსაკუთრებად სწრაფად და ეფექტურად მოშორებისთვის კი ორთქლით წმენდის აპარატი გამოიყენეთ.
რეკომენდაცია: თუ კემპერი ან ფურგონი ზამთარში არ მოძრაობს, შიგნით უნდა განთავსდეს ნესტის შემწოვი, რომელიც ხელს შეუშლის ნესტის დაგროვებას