როგორ გავწმინდოთ მანქანის საბურავები
აგვისტო 09 2024
დროთა განმავლობაში საბურავებზე სიღრმისეულად ჯდება ბევრი ისეთი ტიპის ჭუჭყი, რომლის მოშორებაც რთულია. მათ შორის მუხრუჭების მტვერი, გზის ტალახი და ტექნიკური მარილი, რომლითაც ზამთარში გზები იხრეშება. იმისთვის, რომ საბურავის ალუმინის დისკებმა იბზინონ, ხოლო ფოლადის დისკები კარგად იყოს დაცული ჟანგისგან, რეკომენდირებულია ისინი რეგულარულად და საფუძვლიანად გაიწმინდოს.
ამ სტატიაში განვიხილავთ მთავარ წესებს, რომლებიც დისკების წმენდისას უნდა გაითვალისწინოთ. თუ ჩვენს რჩევებს მიყვებით, პროცესი ბევრად უფრო სწრაფი და მარტივი იქნება.
როგორ გავწმინდოთ ავტომობილის საბურავის დისკები: სიღრმისეული გიდი
ნებისმიერი მანქანა უკეთესად გამოიყურება, როდესაც დისკები სისუფთავისგან ბზინავს. სამწუხაროდ ბუნებრივი ნალექი, გზის ჭუჭყი, მუხრუჭების მტვერი და ტექნიკური მარილი მალე აკარგვინებს დისკებს პრეზენტაბელურ სახეს. დროთა განმავლობაში, ჭუჭყი შეიძლება სიღრმისეულად ჩაჯდეს დისკებში, რის შემდეგაც ბევრად რთული გახდება მტვრისა და ჭუჭყის მთლიანად გამორეცხვა. ამიტომ მიზანშეწონილია საბურავები რეგულარულად, საფუძვლიანად გაიწმინდოს. პროცესი განსაკუთრებით მარტივია სეზონის ცვალებადობასთან ერთად - როდესაც მძღოლი ზაფხულიდან ზამთრის საბურავებზე გადადის და პირიქით. საბურავებს შენახვამდე მძღოლების უმეტესობა წმენდს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ წლის განმავლობაში რეგულარული მოვლა არ სჭირდებათ.
აი რა დაგჭირდებათ დისკების სიღრმისეულად გასაწმენდად:
- მაღალი წნევით რეცხვის აპარატი (ან წყლის ვედრო);
- დისკების საწმენდი ხსნარი;
- ჯაგრისი (უმჯობესია სპეციალური დისკების საწმენდი ჯაგრისი);
- სარეცხი ღრუბელი;
- რბილი ქსოვილი (ოპტიმალურია მიკროფიბრის ან ტყავის ნაჭერი).
ახლა კი ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ პროცესს სიმარტივისთვის:
1. წაუსვით საბურავის დისკებს სპეციალური საწმენდი ხსნარი
ისეთი ღრმა ჭუჭყის, როგორიცაა ჩამჯდარი მტვერი ან გზის მარილი, მოსაცილებლად, ალუმინის ან ფოლადის დისკები ჯერ აუცილებლად სპეციალური საწმენდი ხსნარით უნდა დაამუშაოთ. სანამ ხსნარს შეასხურებთ, დარწმუნდით, რომ მეტალი სრულიად მშრალია. სპეციალური საწმენდი ხსნარი კარგად ვერ ეკვრის ნამიან ზედაპირებს, ამიტომ სიმშრალე ოპტიმალური შედეგისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
შეძენამდე კარგად დაათვალიერეთ საწმენდის შეკვრა და დარწმუნდით, რომ პროდუქტს რაც შეიძლება ნაკლები მჟავიანობა აქვს. შედარებით ნაზი შემადგენლობის საწმენდები უფრო დიდი ხნით უნარჩუნებენ მეტალს ეფექტურ სახეს. თუ ხსნარი მაღალმჟავიანია (pH 1-დან 5-მდე) გრძელვადიანი გამოყენების შედეგად მაღალია შანსი მეტალი დაზიანდეს. მაღალმჟავიანი ხსნარები სრულიად შეუფერებელია მბზინავი მასალებისთვის, მაგ. ქრომის ან რაიმე შენადნობისგან (როგორც წესი, ძირითადად ალუმინის ან მაგნიუმის) ჩამოსხმული დისკების საწმენდად.
2. ჩამორეცხეთ დისკი და მოაშორეთ უხეში ჭუჭყი
როდესაც საკმარისი დრო გავა, ჩამორეცხეთ საწმენდი ხსნარი (შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციის შესაბამისად) დისკებიდან. თუ გაქვთ მაღალი წნევით რეცხვის აპარატი, გამოიყენეთ ბრტყელი ჭავლის ფუნქცია. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ უბრალო საწმენდი ღრუბელი და წყლის ვედრო დაიხმაროთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ფრთხილად იყავით და სანამ რეცხვას დაიწყებთ აუცილებლად ჩაიცვით სპეციალური დამცავი ხელთათმანები - შიშველი კანისთვის სარეცხ ხსნართან და ჭუჭყთან პირდაპირი კონტაქტი საზიანოა.
თუ სპეციალური საწმენდი ხსნარი არ გაქვთ, მაშინ ეს ნაბიჯი ზედაპირული ჭუჭყის მოსაცილებლდ გამოდგება, სანამ საბურავების სიღრმისეული წმენდის პროცესს დაიწყებთ.
3. გარეცხეთ საბურავის ღარები
კარგი იქნება თუ დროს ოპტიმალურად გამოიყენებთ და დისკის ჩამორეცხვის პროცესის პარალელურად თავად იმ ღარსაც გარეცხავთ, რომელშიც საბურავია მოთავსებული. თუ პროცესში მაღალი წნევით რეცხვის აპარატს იყენებთ, მაშინ გამოიყენეთ ბრტყელი ჭავლის გამფრქვევი თავაკი.
ეს საყურადღებოა: თუ შეამჩნიეთ, რომ ღრიჭოებში და სხვა რთულად მისაწვდომ ადგილებში ჭუჭყია ჩარჩენილი, გამოიყენეთ ცვლადრეჟიმიანი გამფრქვევი თავაკი წმენდის პროცესის გასამარტივებლად.
4. სიღრმისეულად გაწმინდეთ საბურავის დისკი
ზედაპირული წმენდის შემდეგ დისკების სიღრმისეული წმენდის დროა. ხშირად, საწმენდი ხსნარებისა და წინასწარი წმენდის მიუხედავად, დისკებზე მაინც რჩება ჭუჭყის ნარჩენები, განსაკუთრებით ვიწრო ღარებში. მათთან საბრძოლველად ცოტა მეტი ძალისხმევაა საჭირო - უმჯობესია თუ ღარებს ჯაგრისით თითო-თითოდ გაწმენდთ. განსაკუთრებით ღრმად ჩამჯდარი ლაქებისთვის პატარა ზომის რბილი ჯაგრისი იქნება საჭირო. ამისთვის კარგად გამოდგება ძველი კბილის ჯაგრისი (კბილის ჯაგრისები როგორც წესი რბილია და ნაკლებად სახიფათოა დისკი დაკაწროს).
თუ ნარჩენების სრულად მოცილება ჯაგრისითაც არ გამოდის, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გამოიყენოთ საწმენდი ხსნარი. ადგილობრივად წაუსვით, დატოვეთ შესაბამისი დროით და ჩამორეცხეთ სუფთა წყლით.
შემდეგ აცალეთ დისკს გაშრობა ან გაამშრალეთ რბილი (მიკროფიბრის ან ტყავის) ქსოვილით. ტყავის ქსოვილით გამრალება განსაკუთრებით რეკომენდირებულია ქრომირებული დისკებისთვის და შავი დისკებისთვის, რადგან მათზე გაშრობისას დატოვებული წყლის ლაქები შესამჩნევია ხოლმე.
ყურადღება: დაიცავით რეგულაციები
თქვენი ავტომობილის დასასუფთავებლად, წყლის და ხსნარების გამოყენების თვალსაზრისით, ყველაზე ოპტიმალური არჩევანია ავტოსამრეცხაოში მისი გარეცხვა. თუმცა, შესაძლოა მოუხერხებელი იყოს იმ მხრივ, რომ იმ საწმენდი საშუალებების გამოყენება მოგიწევთ, რომლებსაც თავად დაწესებულება შემოგთავაზებთ. რადგან ბევრი ავტოსამრეცხაო უბრალოდ კრძალავს მესამე პირის მიერ საწმენდი საშუალებების ტერიტორიაზე შეტანას. მსგავს შემთხვევაში შესაძლოა გაგიჭირდეთ ოპტიმალური მჟავიანობის მქონე სხნარის არჩევა.
რაც შეეხება კერძო ტერიტორიას, ნებადართულია თუ არა რეცხვა დამოკიდებულია ადგილობრივ რეგულაციებზე. აუცილებლად გაარკვიეთ გაქვთ თუ არა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანის რეცხვის უფლება.
ეს საყურადღებოა: ყოველთვის უმჯობესია საბურავები და დისკები დანარჩენი მანქანისგან განცალკევებით გაირეცხოს. საგზაო ჭუჭყი და პატარა ქვები, ისევე როგორც რთულად დასამორჩილებელი ნადები მანქანაზე ხშირად რთული მოსაშორებელია და განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის გარეშე არ შორდება. თუ ასეთი ნალექი განგრძობითი პერიოდით დარჩა საბურავებზე, მომავალში შეიძლება დააზიანოს დისკები. ამასთან საბურავები და უშუალოდ ავტომობილის კორპუსი სხვადასხვა ჯაგრისებით უნდა გაირეცხოს - ერთი და იგივე ჯაგრისის გამოყენების შემთხვევაში მაღალია შანსი დააზიანოთ ვტომობილის საღებავი.
ხშირად დასმული შეკითხვები:
როგორ მოვაშოროთ საბურავის დისკებს მუხრუჭების დატოვებული მტვერი?
ჩამწვარი მუხრუჭების მტვერი და ცვეთის კვალი ფოლადის და ალუმინის დისკებიდან შეიძლება სწრაფად მოიხსნას სპეციალური საწმენდი ხსნარის დახმარებით. კერხერის დისკების საწმენდ ხსნარს აქვს დაბალი მჟავის შემცველობა და, შესაბამისად, ნაზია ფაქიზ მასალებთან მიმართებაში. მისი მოწითალო შეფერილობის დახმარებით მარტივია მოქმედებისთვის თვალის დევნება.
უბრალოდ დაასხით მშრალ დისკზე, გააჩერეთ 1-3 წუთით და შემდეგ ჩამორეცხეთ სუფთა წყლით. როდესაც ხსნარი თავის საქმეს გააკეთებს, გამოიყენეთ დისკების საწმენდი ჯაგრისი სიღრმისეული ჭუჭყის მოსაცილებლად.
როგორ მოვაშოროთ საბურავის დისკებს ტექნიკური მარილი?
პირველ რიგში, გირჩევთ ზამთარში გზებზე სიარულისას არ გამოიყენოთ ძვირფასი, სხვადასხვა მეტალის შენადნობისგან დამზადებული საბურავის დისკი. მაგრამ თუ ზამთარში შენადნობის დისკს იყენებთ, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. ასეთი დისკები სხვებთან შედარებით ფაქიზია და რეგულარულად უნდა გაიწმინდოს, განსაკუთრებით ტექნიკური მარილით მოხრეშილ გზებზე სიარულის მერე - გრძელვადიან პერსპექტივაში მარილის ნადებს შეუძლია სერიოზულად დააზიანოს დისკი თუ მალევე არ ჩამორეცხავთ.
თუმცა ეს არ ნიშნავს რომ უფრო გამძლე მეტალის, მაგ. ალუმინის ან ფოლადის, დისკები დროდადრო ხელის შევლებას არ საჭიროებს. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით ზამთრის საბურავებიდან საზაფხულოზე გადასვლისას. ამ დროს ყველანაირი ნალექი საფუძვლიანად უნდა ჩამოირეცხოს. თუ თავად სპეციალურ ხსნარზე ხელი არ მიგიწვდებათ, აუცილებლად ესტუმრეთ ისეთ ავტოსამრეცხაოს, როლის მომსახურებაში საბურავის დისკების სპეციალური საწმენდი ხსნარით რეცხვაც შედის.
როგორ მოვაშოროთ საბურავის დისკებს ჟანგი?
ფოლადის დისკებს ჟანგი თავად შეგიძლიათ მოაშოროთ. მხოლოდ მავთულის ფუნჯი დაგიჭირდებათ. დასრულების შემდეგ აუცილებლად გააპრიალეთ ზუმფარის ტილოთი.
ალუმინისა და ქრომის დისკები არ იჟანგება, მაგრამ ნესტი და ტექნიკური მარილი ხშირად ტოვებს მათზე ნაკვალევს. მასალა იწყებს ოქსიდიზაციას და თუ ყურადღებას არ მიაქცევთ კოროზიის პროცესი შეიძლება დაიწყოს. ორივეს დიდი სიფრთხილით მიუდექით. აუცილებელია რბილი ჯაგრისი, რადგან ალუმინი და ქრომი ადვილად იკაწრება. გასუფთავების შემდეგ ზედაპირი აუცილებლად თავიდან უნდა გაპრიალდეს. რეკომენდებულია გამოყენებისთვის პროფესიული სერვისი გამოიყენოთ.
როგორი სარეცხი ჯაგრისი უნდა გამოვიყენოთ საბურავის დისკების გასაწმენდად?
მაღალი წნევით რეცხვის აპარატის აქსესუარია სპეციალური საბურავების სარეცხი ჯაგრისი, რომელიც შეგიძლიათ მაგალითად აიღოთ. ჯაგრისს სპეციალური ფორმა და ფუნჯის დაბოლოებები აქვს. შედეგად იძლევა ძალიან ეფექტური 360° წმენდის პროცესის საშუალებას. მარტივად უდგება ძნელად მისადგომ ადგილებსა და ღარებსაც კი, რომელთაც სიღრმისეულად და ეფექტურად წმენდს. აპარატის მიერ წყლის თანაბარი განაწილებით კი ჭუჭყი მთლიანად ჩამოირეცხება.
თუ შეიძლება დისკებზე სახლში დამზადებული საწმენდი საშუალებების გამოყენება?
თუ დისკების საწმენდ სპეციალურ ხსნარზე ხელი არ მიგიწვდებათ, რამდენიმე ისეთი ალტერნატული საწმენდი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც სახლში, როგორც წესი, ყველას გვაქვს.
ხრიკი #1: შენადნობისგან დამზადებული დისკები და კბილის პასტა
თუ თქვენი საბურავის დისკი ალუმინის შენადნობისგან არის დამზადებული, მაშინ, გაგიკვირდებათ, და ყველაზე ეფექტური არასპეციალური საწმენდი საშუალება კბილის პასტაა. ოდნავ დაასველეთ სუფთა ქსოვილი და წაუსვით ზედ ცოტა კბილის პასტა. წმინდეთ დისკი პასტიანი ქსოვილით სანამ ჭუჭყი ბოლომდე არ მოშორდება.
გაითვალისწინეთ, რომ სპეციალურ სითხესთან შედარებით კბილის პასტა ნაკლებეფექტურია და მეტი დრო დაგჭირდებათ. შეიძლება დისკზე რამდენჯერმე მოგიწიოთ ქსოვილის გადატარება. წმენდის სესიებს შორის ქსოვილი სუფთა წყლით უნდა გარეცხოთ, გაწუროთ და თავიდან დაიტანოთ პასტა. როდესაც დაასრულებთ, ალუმინის დისკები სუფთა წყლით ჩამორეცხეთ და აცალეთ გაშრობა.
წმენდის ამ მეთოდის გამოყენება ასევე შეგიძლიათ თუ დისკზე მსუბუქ ნაკაწრებს შეამჩნევთ - კბილის პასტა აბრაზიულ ნაწილაკებს შეიცავს, ამიტომ ზედაპირულ ნაკაწრებს მოაპრიალებს (თუმცა უფრო სიღრმისეული დაზიანებებისთვის მაინც პროფესიულ სერვისს უნდა მიმართოთ).
ამავე აბრაზიული ნაწილაკების გამო, კბილის პასტის მეთოდი დიდად არ გამოდგება ქრომის, ან ნებისმიერი სხვა მბზინავი (გაპრიალებული) მეტალის, დისკებისთვის. ჭუჭყი შეიძლება მოხსნათ, მაგრამ მაღალია შანსი აბრაზიულმა ნაწილაკებმა დისკებს ბზინვარება დააკარგვინოს
ხრიკი #2: შენადნობისგან დამზადებული დისკები და საწმენდი პასტა
ალუმინის შენადნობის დისკები შეგიძლიათ საწმენდი პასტითაც გაწმინდოთ. (ამ შემთხვევაში იგულისხმება სქელი კონსისტენციის მრავალმიზნობრივი საწმენდი საშუალება. გამოდგება როგორც მეტალის, ისე შუშის, ხისა და კერამიკის საწმენდად. იყენებენ როგორც სამზარეულოსა და სააბაზანოში, ისე ბაღის ავეჯზე და ტრანსპორტზე).
როგორ გამოვიყენოთ: დაასველეთ ღრუბელი წყლით და წაუსვით საწმენდი პასტა ისე, რომ შეიქმნას სქელი ქაფი. შემდეგ გაქაფული ღრუბელი გადაუსვით მეტალის დისკებს, ისე რომ ქაფი მაქსიმალურად ყველა გასაწმენდ ზედაპირზე მოხვდეს. ჩამორეცხეთ დისკები სუფთა წყლით ისე, რომ არ დარჩეს ქაფის ნაკვალევი.
ისევე, როგორც კბილის პასტის შემთხვევაში, ფრთხილად უნდა იყოთ ამ მეთოდის გამოყენებისას, თუ თქვენი საბურავის დისკები ქრომისგან (ან ნებისმიერი სხვა მბზინავი/გაპრიალებული მეტალისგან) არის დამზადებული.
ხრიკი #3: შეღებილი ან დამცავი საფარის მქონე დისკები და ჭურჭლის სარეცხი სითხე
შეღებილი და დამცავი საფარის მქონე დისკები განსაკუთრებით მოწყვლადია ჭუჭყის მიმართ. გრძელვადიან პერიოდში მტვერის მსგავს დისკებზე დატოვება დიდი ალბათობით ჭუჭყის სიღრმისეულ ჩაჯდომას და საღებავის საფარის დაზიანებას გამოიწვევს. მეორეს მხრივ, შეღებილი და დამცავი საფარის მქონე დისკები განსაკუთრებით ფაქიზ წმენდას საჭიროებს რომ კარგად გამოიყურებოდეს, ამიტომ ჭუჭყის მოშორება ხშირად პრობლემა ხდება.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება მსგავსი დისკებიდან ჭუჭყის მოსაშორებლად ჭურჭლის სარეცხი სითხეა (თუმცა აქაც ყურადღება უნდა მიაქციოთ როგორ სარეცხ სითხეს იყენებთ და შედარებით ნაზი მოქმედების შეარჩიოთ). მსგავსი ჭუჭლის სარეცხი სითხე დაარბილებს ჭუჭყს ისე, რომ არ დააზიანებს დისკებს. დაამატეთ სითხე თბილ წყალში ისე, რომ აქაფდეს. დაასველეთ ამ აქაფებულ სითხეში რბილი ღრუბელი - უმჯობესია მიკროფიბრისგან დამზადებული - და სიღრმისეულად გაწმინდეთ დისკები. შემდეგ ჩამორეცხეთ სუფთა წყლით და გაწმინდეთ მშრალი რბილი (მიკროფიბრის ან ტყავის) ქსოვილით. ეს მეთოდი შეიძლება არ იყოს საკმარისი სიღრმისეული ჭუჭყის მოსაშორებლად. ამ შემთხვევაში წმენდის განმეორებისას უმჯობესია თუ გამოიყენებთ დისკების სპეციალურ საწმენდ ხსნარს (5-ზე მაღალი pH შემცველობით).
ეს საყურადღებოა: ყოველთვის წინასწარ დატესტეთ ახალი საწმენდი საშუალება - არ აქვს მნიშვნელობა სახლშია დამზადებული თუ პროფესიულია. დაიტანეთ მცირე რაოდენობა დისკის პატარა მონაკვეთზე (რაც ნაკლებად შესამჩნევი, მით უკეთესი) და ნახეთ რა რეაქცია ექნება.
საუკეთესო საწმენდი საშუალება ქრომის დისკებისთვის:
დროთა განმავლობაში, ქრომის დისკებმა შესაძლოა დაკარგონ ბზინვარება. მასალის სიფაქიზის გამო ვერ შეძლოთ სპეციალური გამწმენდი სითხის გამოყენება - უმეტესობა გარკვეული რაოდენობით შეიცავს მჟავას, რომელმაც მაღალია შანსი დააზიანოს ქრომის ზედაპირი. არსებობს სპეციალურად ქრომის ზედაპირებისთვის შემუშავებული საწმენდი სითხეები, რომლებიც უფრო ეფექტურად აშორებენ ჭუჭყს, თუმცა მათი მოძიება შესაძლოა რთული იყოს.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ჩვეულებრივი ხელის დასაბანი საპონი და წყალია (თუმცა შესაძლოა დისკების გასაწმენდად მეტი ძალისხმევა და დრო დაგჭირდეთ, განსაკუთრებით სიღრმისეული ჭუჭყის შემთხვევაში).
კიდევ ერთი ეფექტური ქრომის საწმენდი საშუალება ნატრიუმის ბიკარბონატია. დაასხით სამ სუფრის კოვზ ნატრიუმის ბიკარბონატს ცოტა წყალი და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ არ მიიღებთ სქელ პასტას. შემდეგ კი რბილი (უმჯობესია მიკროფიბრის ან ტყავის) ქსოვილის გამოყენებით, წრიული მოძრაობებით წაუსვით პასტა დისკზე. გაიმეორეთ სანამ ყველა ლაქა არ მოშორდება.
წმენდის გარდა, ქრომის დისკებს სჭირდება რეგულარული გაპრიალება რათა თავისი გამორჩეული ბზინვარება შეინარჩუნოს.