საუკეთესო მეთოდები ხალიჩის გასაწმენდად
აგვისტო 09 2024
იატაკზე ყოველდღე უამრავი რამ ტოვებს ნაკვალევს: ცხოველები ჭუჭყიანი თათის ანაბეჭდებს ტოვებენ, ადამიანები ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით დადიან, ნამცეცებს ყრიან, და არაა გამორიცხული აქა-იქ ყავა დაესხათ. თუ იატაკზე ხალიჩა აგია, ჭუჭყის საფუძვლიანად მოშორება უფრო რთულდება. ხალიჩა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიწმინდოს, თორემ დროთა განმავლობაში ძველი ჭუჭყი სიღრმისეულად ჩაჯდება და მისი მოშორება ძალიან გართულდება.
ამ სტატიაში დეტალურად ჩავშლით, როგორ უნდა გავწმინდოთ ხალიჩა ისე, რომ ამოვიყვანოთ ყველაზე ჯიუტი ლაქებიც კი.
რატომ არის საჭირო ხალიჩების რეგულარული წმენდა:
ლამაზი ხალიჩა სახლში სიმყუდროვეს ქმნის, მომგებიანად აქცენტირებს დიზაინის დეტალებს და ზედ სიარულიც უფრო მოხერხებული და კომფორტულია. ტექსტილის იატაკის საფარი არა უბრალოდ მიმზიდველად გამოიყურება, არამედ ამცირებს ხმაურის დონეს და, თან, ნაკლებია შანსი ხალიჩაზე სიარულისას ფეხი დაგისხლტეთ.
ხალიჩით დაფარული იატაკის სუფთად შენარჩუნებაზე რა ძალისხმევის დახარჯვა იქნება საჭირო მის სიგრძესა და მოხმარების ინტენსივობაზეა დამოკიდებული. არ აქვს მნიშვნელობა რა ფერისა თუ მასალისაა, ყველა ხალიჩისთვის რეკომენდებულია რეგულარული და საფუძვლიანი გაწმენდა: წმენდა ინარჩუნებს ხალიჩის ვიზუალურ იერს, ზრდის გამოყენების ხანგრძლივობას და, უფრო მეტიც, უზრუნველყოფს ჰიგიენის ნორმების დაცვას (სიღრმისეული ჭუჭყის დაშლა და მავნე ელემენტების მოშორება - იქნება ეს შინაური ცხოველების თმა, მტვერი, თუ ტკიპები - პირველ რიგში თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი, და უკვე შემდეგ ხალიჩის ვიზუალისთვის).
ხალიჩის მტვერსასრუტით წმენდის წესები:
არ აქვს მნიშვნელობა რა ზომისაა ხალიჩა, ის საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს კვირაში ერთხელ მაინც. მტვერსასრუტებს, როგორც წესი, აქვთ იატაკის წმენდისთვის განკუთვნილი თავაკი, რომელზედაც საშუალებას გაძლევთ წმენდა დაარეგულიროთ იმისდა მიხედვით მყარ იატაკს წმენდთ თუ ხალიჩას.
ე.წ. მაღალბეწვიანი ხალიჩისთვის გამოიყენეთ გლუვი ხალიჩის ჯაგრისი - წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა წმენდის დროს ხალიჩის ფაქტურა დაზიანდეს, საფარი ან “წაწვეს” ან ზედაპირს მოწყდეს. ტექსტილის იატაკის საფარისთვის, ანუ რბილი იატაკისთვის, უმჯობესია ტურბო თავაკის გამოყენება, რათა არ დარჩეს გაუწმენდელი ზონები. ზოგადად, მტვერსასრუტით წმენდის დროს ყოველთვის ეცადეთ არ იჩქაროთ და შედარებით ნელა, საფუძვლიანად გადაატაროთ თავაკი გასაწმენდ ზედაპირზე.
თუ სახლში ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ, გირჩევთ დროდადრო გამოიყენოთ უსადენო ელექტრო ცოცხი ან უსადენო მტვერსასრუტი სწრაფი წმენდისთვის.
ეს საყურადღებოა: თუ ალერგია გაწუხებთ, გამოიყენეთ მტვერსასრუტი წყლის ფილტრით
თუ ალერგიული ხართ ან სასუნთქი გზების პრობლემები გაწუხებთ, თქვენთვის უპრიანი იქნება სტანდარტული მტვერსასრუტის მაგივრად წყლის ფილტრიანი მოდელის გამოყენება. წყლის ფილტრიანი მტვერსასრუტები არა მხოლოდ უზრუნველყოფენ ეფექტურ წმენდას, არამედ იმას რომ მტვერი პროცესის განმავლობაში არ გაიბნას და ჰაერი მაქსიმალურად სუფთა დარჩეს. მტვერსასრუტი წყლის ფილტრით ფილტრავს მავნე ნაწილაკების 99,5 პროცენტს, აგროვებს ჭუჭყს, ტკიპებს, სპორებს და ა.შ. წყალში, ამცირებს უსიამოვნო სუნს, და უზრუნველყოფს სივრცეში სასიამოვნო შიდა კლიმატს.
სიღრმისეული წმენდა: ბოჭკოებში შეღწევა ქიმიური წმენდის აპარატით
მაშინაც კი, თუ ხალიჩებს რეგულარულად წმენდთ, დროთა განმავლობაში ისინი პირვანდელ სახეს დაკარგავს, გახუნდება და გაიცრიცება. ხშირად მიზეზი იმაშია, რომ მტვერსასრუტის გამოყენების დროს ჭუჭყი მხოლოდ ზედაპირიდან შორდება. ისეთი ჭუჭყის მოშორებას რომელიც ჩვეულებრივ წმენდის მეთოდებს გადაურჩა და დროთა განმავლობაში დაგროვდა, უფრო საფუძვლიანი მიდგომა და მეტი ძალისხმევა დასჭირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხალიჩის გასაწმენდად აუცილებლად პროფესიონალურ სერვისს უნდა მიმართოთ. ქიმიური წმენდა გაძლევთ საშუალებას სახლის პირობებში მოაშოროთ ხალიჩის ბოჭკოებში სიღრმისეულად ჩამჯდარი ჭუჭყი, ცხიმის ნარჩენები (და უსიამოვნო სუნიც). ასე ხალიჩა უფრო დიდი ხანი შეინარჩუნებს პირველად სახეს და უფრო ეფექტურადაც გემსახურებათ.
პრინციპი მარტივია: ქიმიური წმენდის დროს წყალი და საწმენდი სითხე ერთდროულად ხვდება ხალიჩის ზედაპირზე, შემდეგ კი მომენტალურად უკან შეიწოვება - ჭუჭყთან ერთად. აუცილებელია მეორეჯერაც გაწმინდოთ ხალიჩა, ამჯერად მხოლოდ სუფთა წყლით, რათა საწმენდი ხსნარის ნარჩენები მოაცილოთ. სანამ ხალიჩაზე გაივლით, დარწმუნდით რომ ის სრულიად მშრალია. როდესაც ხალიჩა გაშრება, უმჯობესი იქნება თუ კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე ჩვეულებრივი მტვერსასრუტით, გადაუვლით.
ეს საყურადღებოა ქიმიური წმენდის დროს:
- თბილი წყალი აუმჯობესებს წმენდის ეფექტურობას და იძლევა უკეთეს შედეგს ვიდრე ცივი წყალი, მაგრამ უფრო სახიფათოცაა. ტემპერატურა ყურადღებით უნდა დარეგულირდეს, წყალი არ უნდა იყოს დასაშვებზე ცხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალია შანსი დაზიანდეს ბოჭკოები (მაგალითად, შალის ხალიჩებზე), და წებოვანი ფენა ისეთ ხალიჩაზე, რომელიც იატაკზეა დაკრული.
- თუ იატაკქვეშა გათბობა გაქვთ დაყენებული, აუცილებლად გამორთეთ სანამ ხალიჩის წმენდას დაიწყებთ. ხალიჩის გაშრობისას გათბობამ შესაძლოა ფერების გახუნება ან მასალის ფაქტურაში ცვლილება გამოიწვიოს.
- აპარატის გამოყენებამდე ყოველთვის დატესტეთ წყლის დასხურების სიმძლავრე ხალიჩის დამალულ მონაკვეთზე.
სხვათა შორის, სპრეის ექსტრაქციით წმენდა შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ ხალიჩების სიღრმისეული წმენდისთვის, არამედ რბილი ავეჯის გადასაკრავების, ლეიბებისა და მანქანის სავარძლების გასაწმენდადაც.
ხალიჩის რეცხვა
თუ მასალა და ზომა საშუალებას იძლევა, შეგიძლიათ ხალიჩა გარეცხოთ კიდეც. პატარა ხალიჩები, რომლებიც დამზადებულია ბამბის, მატყლის ან სინთეტიკური ნაჭრისგან (მაგალითად როგორიცაა პოლიესტერი), განსაკუთრებით ადვილი გასაწმენდია. მათი გარეცხვა შესაძლებელია როგორც ხელით ან სარეცხი მანქანაში 30 °C ტემპერატურაზე დელიკატური რეცხვის რეჟიმზე. აი ნაზი ქსოვილის შემთხვევაში კი, როგორიცაა ხავერდი, სიზალი ან ქოქოსის ბოჭკო, უმჯობესია ხალიჩა გაიწმინდოს მხოლოდ წყლით და სპეციალური საწმენდი საშუალებებით.
ხალიჩიდან ლაქების ამოყვანა
საკვების ნამცეცები, სასმლის ნარჩენები და ჭუჭყიანი ხშირად ხალიჩაზე უფრო სწრაფად ხვდება, ვიდრე რეაგირებას მოვასწრებთ. ეს გარდაუვალია. ოთახში არც უნდა ვჭამოთ, არც ტელევიზორს ვუყუროთ, და არც ბავშვებს მივცეთ თამაშის უფლება ხალიჩას ყველანაირი ჭუჭყი რომ ავარიდოთ. საბედნიეროდ, ხალიჩიდან ლაქების ამოყვანა არც ისე რთულია, თუ პროფესიონალურ რჩევებს გაითვალისწინებთ:
რჩევა #1: იმოქმედეთ სწრაფად
სწრაფი რეაქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სველი ლაქების შემთხვევაში - სითხე მარტივად აღწევს ხალიჩის ბოჭკოებში და მათი ამოყვანა შესაძლოა მნიშვნელოვნად გართულდეს დროის გასვლასთან ერთად. როდესაც ხალიჩაზე რაიმე გექცევათ, მაშინვე უნდა დააფაროთ სუფთა ტილო ან რამდენიმე ქაღალდის პირსახოცი, რათა მაქსიმალურად შეიწოვოს დაქცეული სითხე. ამასთან არ დააწვეთ ტილოს/პირსახოცს ზედმეტად - სითხეები რომლებსაც დალაქავება ახასიათებს (ღვინო, წვენი, ა.შ.) უფრო სწრაფად გაჟღენთს ხალიჩას და შეიძლება ბოჭკოები დააზიანოს კიდეც.
რჩევა #2: ეცადეთ ლაქა ჯერ სუფთა წყლით მოაშოროთ
ახალი ლაქების დაახლოებით 90% წყალში ხსნადია. სანამ პროფესიულ საწმენდ ხსნარს ან თუნდაც საყოფაცხოვრებო საშუალებას გამოიყენებთ, სცადეთ ლაქის ამოყვანა სუფთა ქსოვილითა და თბილი წყლით. თუ ამჩნევთ, რომ ლაქა წმენდას ემორჩილება, გააგრძელეთ წმენდა მცირე მბრუნავი მოძრაობებით ქვემოდან ზემოთ სანამ არ შეატყობთ, რომ ხალიჩის ზედაპირი სუფთაა. ისეთი ლაქებისთვის, რომლებიც არ იშლება, უნივერსალური ლაქების ამომყვანი ხსნარი გამოიყენეთ: დაასხურეთ გამძლე ქსოვილის ტილოს და იგივე მოძრაობებით გადაატარეთ შესაბამის მონაკვეთზე, სანამ ლაქა არ დაიშლება. ორივე მეთოდით ყოველთვის უნდა დარწმუნდეთ, რომ იყენებთ სუფთა ქსოვილს. გახსოვდეთ, რომ წმენდის პროცესში არ უნდა გამოიყენოთ ძლიერი ზეწოლა.
საუკეთესო საყოფაცხოვრებო საშუალებები ხალიჩის წმენდისთვის
გამაფხვიერებელი: გამაფხვიერებელი გაცილებით უფრო მრავალფუნქციური პროდუქტია, ვიდრე უმეტესობას გონია. ლაქის ამოსაყვანად, დასვრილ ადგილას დააყარეთ გამაფხვიერებელი და ფრთხილად დაასხით ცხელი წყალი. ეს გახსნის ბოჭკოების ფორებს. აცალეთ რამდენიმე საათიან, გამაფხვიერებლის პასტა მოაშორეთ სუფთა ტილოთი ან, უმჯობესია, გადაუარეთ მტვერსასრუტით. წესით ლაქა უნდა გამქრალიყო.
სოდა: გამაფხვიერებლისგან განსხვავებით, სოდას საწმენდი დანიშნულებით ბევრი ადამიანი იყენებს, თუმცა როგორც წესი ითვლება რომ ძირითადად გამძლე, მაგალითად მეტალის, ზედაპირების სახეხად უფრო გამოდგება. სინამდვილეში კი სოდა ძალიან ეფექტურია ლაქებთან ბრძოლაში, უბრალოდ სხვადასხვა მასალასთან სხვადასხვა მიდგომა სჭირდება. საბედნიეროდ, ხალიჩები, როგორც წესი, ტანსაცმელზე უფრო გამძლეა, ამიტომ სოდის მათი წმენდისთვის გამოყენებაც უფრო მარტივია. თხელ ფენად გადაანაწილეთ სოდა ლაქის ზედაპირზე, დააპკურეთ ცოტა წყალი (იმდენი, რომ ფხვნილმა ფაქტურა იცვალოს, მაგრამ არა ისე რომ გათხევადდეს), და დატოვეთ სანამ არ გაშრება. გამშრალი სოდის საფარი მტვერსასრუტით აწმინდეთ.
ძმარი: ძმარი უკვე დიდი ხანია რაც პოპულარული საწმენდი საშუალებაა ისეთ ადამიანებშიც, ვინც როგორც წესი სპეციალურ საწმენდ სითხეებს ამჯობინებს საყოფაცხოვრებო მეთოდებს. გამოიყენება ჭურჭლის და ტანსაცმლის რეცხვისთვის, და თითქმის შეუცვლელი დამხმარეა კირის ნადებთან ბრძოლისას. ასე რომ, სრულიად მოსალოდნელია რომ მისთვის ხალიჩის ლაქებთან ბრძოლა დიდი გამოწვევა არაა. პირიქით, შეიძლება ძმარი ზედმეტად ძლიერიც იყოს, ამიტომ ჯობია რომ სანამ საწმენდად გამოიყენებთ 1:1 თანაფარდობით წყალთან გაურიოთ. ასეთი ნარევი საკმაოდ მსუბუქია და მცირეა შანსი ხალიჩა დააზიანოს. დაასველეთ ნარევით ბამბის ტილო და ფრთხილად გადაუსვით ლაქას. ეცადეთ აკურატულად მიუდგეთ და ხალიჩის სუფთა ზედაპირს არ მოახვედროთ. და, რაც მთავარია, არ დააწვეთ ლაქას ზედმეტად. მას შემდეგ, რაც დალაქავებულ ნაწილს ნარევით სრულად დაასველებთ, აცალეთ 30-40 წუთი, და შემდეგ სუფთა წყლით მოწმინდეთ დამუშავებული ადგილი.
საპარსი ქაფი: დაიტანეთ ქაფი ლაქაზე და რბილი ჯაგრისის ან ქსოვილის გამოყენებით ნელა შეიზილეთ დალაქავებულ ადგილს. გააჩერეთ მინიმუმ ერთი საათი (ძველი სიღრმისეული ლაქის შემთხვევაში, ჯობია ცოტა მეტიც). შემდეგ სუფთა ქსოვილით ფრთხილად გაწმინდეთ დამუშავებული ადგილი - საპარსი ქაფი წესით ლაქას დაარბილებს და ქსოვილსაც ჩამჯდარი ჭუჭყი მარტივად ამოჰყვება.
მარილი: კიდევ ერთი აპრობირებული საყოფაცხოვრებო საშუალება რომელიც ხალიჩიდან ლაქების ამოსაყვანად გამოგადგებათ მარილია. მარილს ხშირად წითელი ღვინის ლაქების ამოსაყვანად იყენებენ, თუ ღვინოს ჯერ გაშრობა არ მოუსწრია. დაფარეთ ლაქა მარილის თხელი ფენით. მოყრისას დაიწყეთ ლაქის გარე კიდეებიდან, რათა მარილი არ მოხვდეს სუფთა მონაკვეთებზე. დატოვეთ გასაშრობად. მარილის კრისტალები სითხეს შეიწოვს და რამდენიმე საათის შემდეგ შეგეძლებათ ყველაფერი მტვერსასრუტით აწმინდოთ.
თუმცა გაითვალისწინეთ რომ ეს მეთოდი არ გამოდგება ისეთი ლაქებისთვის, რომლებიც უკვე გაშრა და, ასევე, არაა რეკომენდებული დელიკატური მასალის ხალიჩების წმენდისას. თუ უკვე გამხმარ ლაქებთან გვაქვს საქმე, დიდი ალბათობით მათ ვერ ამოიყვანს ვერც სპეციალიზებული საწმენდი ხსნარი და ვერც საყოფაცხოვრებო საშუალებები. ასეთ შემთხვევებში საუკეთესო გამოსავალი ისევ და ისევ პროფესიული წმენდაა.
ხალიჩის განახლება ორთქლით წმენდის აპარატით
ავეჯის გადაადგილებისას ბევრი აწყდება შემდეგ პრობლემას: იქ, სადაც ადრე ხალიჩაზე ავეჯი იდგა ადვილი საცნობია, რადგან ზედაპირზე ღრმა ზოლები რჩება. ხალიჩის საფარის ხელახლა ასაფუებლად და ბოჭკოების ასაწევად შეგიძლიათ ორთქლით წმენდის აპარატი გამოიყენოთ. უბრალოდ მოათავსეთ მშრალი ქსოვილი იმ ადგილზე სადაც ავეჯმა კვალი დატოვა და დაამუშავეთ ცხელი ორთქლით. ნესტიანი ნაკადი ბოჭკოებს გააფუებს და ხალიჩის ზედაპირიც პირვანდელ ფორმას დაუბრუნდება, ისე, რომ არაესთეტიკური კვალი სრულად გაქრება.
ალტერნატიულად, შეგიძლიათ სპეციალური ხალიჩაზე მოსრიალე აქსესუარი გამოიყენოთ. ის ორთქლით წმენდის აპარატის ერთ-ერთი აქსესუარია და იატაკის წმენდის თავაკზე მაგრდება. დამაგრების შემდეგ, დატესტეთ მოფარებულ ადგილას პატარა მონაკვეთზე და, როდესაც დარწმუნდებით, რომ ყველაფერი მუშაობს, მსუბუქად გადაატარეთ ხალიჩაზე დატოვებულ ავეჯის ნაკვალევებზე. დადებითი გვერდითი ეფექტი: ეს არა მხოლოდ აფუებს ტექსტილის ბოჭკოებს და უბრუნებს ხალიჩას პირვანდელ სახეს, არამედ აცილებს უსიამოვნო სუნსაც.
აუცილებელი არაა ეს მიდგომა მხოლოდ ავეჯის დატოვებული ნაკვალევის მოსაშორებლად გამოიყენოთ. პერიოდულად შეგიძლიათ წმენდის შემდეგ ხალიჩას მოსრიალე აქსესუარით გადაუაროთ ბოჭკოების განახლებისთვის. ეს ხალიჩას უფრო დიდხანს შეუნარჩუნებს იერსახეს.