პარკეტის და ლამინატის წმენდა - პრაქტიკული რჩევები
აგვისტო 08 2024 – Karcher Digital
არ აქვს მნიშვნელობა მისაღებში თუ საძინებელში, სასადილოში თუ დერეფანში, პარკეტის ან ლამინატისგან დამზადებული იატაკი სახლში განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. ტექსტილის იატაკებთან შედარებით, მათი მოვლა და წმენდა ადვილია, მთავარია პროცესს სწორად მივუდგეთ. ამ ბლოგპოსტში კერხერი გაგიზიარებთ რჩევებსა და რეკომენდაციებს: რას უნდა მივაქციოთ ყურადღება წმენდისა და მოვლის დროს და როგორ მოვაშოროთ დაბინძურება ძვირადღირებულ იატაკს დაზიანების გარეშე.
პარკეტი, ლამინატი და მსგავსი მასალები: რას უნდა მივაქციოთ ყურადღება წმენდისას?
ხის იატაკებზე საუბრისას განასხვავებენ პარკეტსა და ლამინატს. პარკეტი სუფთა ხის მასალაა, ლამინატი კი სხვადასხვა მასალებისა და ბოჭკოვანი მუყაოს ნარევისგან მზადდება. მათ შორის ბევრი საერთოა, თუმცა წმენდის დროს უნდა გავითვალისწინოთ ის მცირე განსხვავებები, რაც აქვთ:
მთავარი წესები პარკეტის იატაკის წმენდის შესახებ
არსებობს პარკეტის დაგების რამდენიმე მეთოდი: ზოლოვანი, მოზაიკისებური და ზიგზაგისებური. ხის პარკეტის იატაკის წმენდისას გადამწყვეტ როლს ზედაპირის დამცავი თამაშობს: რა მასალითაა ფიცრები დაფარული, ცვილით, ზეთით თუ ლაქით? ცვილით დაფარულ ხეს მქრქალი და მბზინავი ზედაპირი აქვს. ზეთის დაფარვა უკეთ იცავს ხეს ტენიანობისგან. ლაქირებული პარკეტი ასევე კარგადაა დაცული ტენისა და ჭუჭყის შეღწევისგან, თუმცა მეტია წყლის მოხვედრის შანსი ღარებისა და ღრმა ნაკაწრებში. ასეთი პარკეტი მგრძნობიარეა ტენიანობის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ წმენდისას მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ნაკლები ტენი დარჩეს ზედაპირზე, მიუხედავად იმისა, რომ წმენდის ამ მეთოდს სველ წმენდას ვეძახით. ნესტის გავლენით ხის იატაკის ფიცრები შეიძლება გაფართოვდეს ან შეიკუმშოს, რაც ხშირი არასწორი წმენდის შემთხვევაში სტრუქტურული დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს.
მთავარი წესები ლამინატის წმენდის შესახებ
ვიზუალურად ლამინატის საფარი, როგორც წესი, ერთგვარი ხის ეფექტის იმიტაციაა, მაგრამ არსებობს კრამიტის და ქვის ვარიანტებიც. ძირითადი შემადგენელი მასალა ბოჭკოვანი მუყაოა, რომლისგანაც საბაზისო ფენას ამზადებენ. ზემოდან ჯერ ადებენ დეკორატიული ფენას და, შემდეგ, გამჭვირვალე მელამინის ფისოვან ფენას. ზედაპირი ნაკაწრებისადმი მდგრადია და ადვილად იწმინდება. თუმცა, კიდეები, როგორც წესი, მგრძნობიარეა ტენის მიმართ - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ლამინატი არასწორად არის დაგებული. ამიტომ, ისევე როგორც პარკეტის შემთხვევაში, ზედაპირზე ტენი მინიმალურად უნდა დარჩეს გაწმენდისას.
მშრალი წმენდა მტვერსასრუტითა და რბილი ჯაგრისით
სველი საწმენდის გამოყენებამდე, პარკეტსა თუ ლამინატს უნდა მოშორდეს მტვერი და ნარჩენები, მაგ. შინაური ცხოველების ბეწვი, მტვერსასრუტის, ცოცხის ან რბილი ჯაგრისის გამოყენებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სუფთა წყალი შეერევა ჭუჭყს და წმენდის დროს დატოვებს ზოლებს (ან, უარეს შემთხვევაში) წვრილ ნაკაწრებს იატაკზე.
ხის იატაკზე მტვერსასრუტის გამოყენების დროს მნიშვნელოვანია სწორი თავაკის გამოყენება. ბევრ მტვერსასრუტს აქვს სპეციალური მძიმე იატაკის ან დამატებითი პარკეტის საწმენდი შესაბამისი თავაკი, რომელიც, როგორც წესი, აღჭურვილია ბუნებრივი ბეწვისგან დამზადებული პატარა ჯაგრისით, რომელიც იცავს ხის იატაკის ნაზ ზედაპირს ნაკაწრებისგან.
მშრალი მტვერის მოცილების შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ სველი წმენდის პროცესი – იქნება ეს ტრადიციული ტრადიციული იატაკის საწმენდი ჯოხი და სველი ტილო, მიკროფიბრის ქსოვილი თუ კერხერის იატაკის საწმენდი აპარატის გამოყენებით. იატაკის საწმენდი ჯოხი ან მიკროფიბრის ქსოვილი აუცილებელია იატაკის მოწმენდამდე კარგად გაწუროთ, რათა ხის იატაკზე მინიმალური სისველე დარჩეს და რამდენიმე წუთში გაშრეს.
დასუფთავებისთვის ქსოვილის არჩევისას სასურველია გამოიყენოთ მიკროფიბრი გაძლიერებული მექანიკური მოქმედების გამო, ასეთი ქსოვილი ეფექტურად აცლის ჭუჭყს ზედაპირებს, მაშინაც კი, თუ პროცესში არ გამოიყენება სპეციალური საწმენდი სითხე. ზეთის ან ცვილის დაფარვის მქონე პარკეტის შემთხვევაში ზედაპირების დასაცავად შეიძლება ტყავის, ვისკოზას ან ბამბის ქსოვილის გამოყენებაც, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ის მიკროფიბრის ნაჭერზე ნაკლებეფექტური იქნება.
სველი წმენდა იატაკის საწმენდით
პარკეტი და ლამინატი მგრძნობიარეა ტენის მიმართ, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი წმენდისას წყლის მაქსიმალურად ეკონომიურად გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იატაკის ფიცრები შეიძლება გაფართოვდეს და სამუდამოდ დაზიანდეს. სველი წმენდის ფაქიზი პროცესის დროს მიზანშეწონილია იატაკის სპეციალური საწმენდი ხსნარის გამოყენება. ის მინიმალურ ტენს ტოვებს ზედაპირზე, რომელიც რამდენიმე წუთში მთლიანად შრება. პლიუს, აღარაა საჭირო იატაკის საწმენდი ჯოხისა თუ ქსოვილის დამატებით მრავალჯერ გავლება და გაწურვა.
სანამ იატაკს საწმენდი ხსნარით მოწმენდთ, მტვერი და მშრალი ჭუჭყი უნდა მოაშოროთ. თუ თქვენს საწმენდ აპარატს აქვს შეწოვის ფუნქციაც, მაშინ აღარ არის საჭირო იატაკების მტვერსასრუტით წინასწარ წმენდა.
მტვრის მოშორების შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ სველი წმენდა. დაამატეთ სუფთა წყალში ხის იატაკის საწმენდი ხსნარი (ინსტრუქციის მიხედვით). წმენდისას იატაკის საწმენდი ნელა უნდა ამოძრაოთ წინ და უკან. ეს უზრუნველყოფს იატაკის თანაბრად წმენდას და არ ტოვებს ზოლებს. ხის ზედაპირი ჩვეულებრივ ორ წუთში უნდა გაშრეს. თუ ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ შეამჩნევთ სველ ადგილებს, გადაუსვით მშრალი რბილი ტილო.
პრაქტიკული რჩევები იატაკის საწმენდების გამოყენებაზე
დაიწყეთ უკანა კედლით და გააგრძელეთ ეტაპობრივად კარისკენ. ასე შემთხვევით არ გაივლით იმ ადგილებში, რომლებიც უკვე გაწმენდილია, სანამ მათი გაშრობა მოესწრება.
საწმენდი ხსნარის ნარჩენების დატოვებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ ამ წმენდის, არამედ მომავალი პროცესების შედეგზეც. იატაკის საწმენდი ხნსარის პირველად გამოყენებისას საჭიროა იატაკის უფრო ინტენსიური დამუშავება. აუცილებელია იატაკი კარგად უნდა მოიწმინდოს საწმენდი ხსნარების გარეშე, რათა საბოლოოდ მათი ჩამორეცხვაც მარტივი იყოს და სადმე ნაკაწრში ან ღრიჭოში არ ჩარჩეს.
სხვა მასალის ზედაპირებზე გადასვლისას (მაგალითად, ლამინატიდან ან პარკეტიდან ფილებზე) ჯერ კარგად უნდა გარეცხოთ საწმენდი აპარატი. უმჯობესია სულაც შეცვალოთ ის ახლით.
არ გაჩერდეთ დიდი ხნით ერთ ადგილზე, რათა იატაკი ძალიან არ დასველდეს.
ზეთით ან ცვილით დაფარული ხის იატაკის შემთხვევაში, მოერიდეთ ერთ უბანზე დიდი დროით წმენდას, რადგან ამით შეიძლება ზეთის ან ცვილის საფარი დაზიანდეს ან საერთოდ მოცილდეს.
ფაქიზი მასალისაგან დამზადებული (მაგალითად, დაუმუშავებელი კორპის) იატაკი, წმენდამდე უნდა შემოწმდეს წყალგამძლეობაზე მცირე უბანზე, უმჯობესია მოფარებულ ადგილას.
პარკეტის და ლამინატის ორთქლით წმენდა
პარკეტისა და ლამინატის იატაკი შეიძლება გაიწმინდოს ორთქლის საწმენდი აპარატითაც. ამისათვის გამოიყენეთ იატაკის საწმენდი თავაკი მიკრობოჭკოვანი საწმენდი ქსოვილით და სწრაფად ამოძრავეთ წინ და უკან ორთქლის პერიოდული მოკლე შესხურებებით. მნიშვნელოვანია ორთქლის ზომიერად გამოყენება, მხოლოდ იმდენის, რამდენიც საჭიროა ჭუჭყის დასარბილებლად. გარდა ამისა, არ უნდა გააჩეროთ თავაკი დიდი ხნით ერთ უბანზე, რათა ხის იატაკზე გუბეები არ დარჩეს. ზოგადად, ხის იატაკი ორთქლით უნდა გაიწმინდოს მხოლოდ მაშინ, თუ სწორადაა არის დაგებული და ტენიანობა ვერ შეაღწევს ღარებში და დაუცველ კიდეებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ფიცრები გაფართოვდება.
საწმენდი ხსნარი: ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი
იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხის იატაკი არა უბრალოდ სუფთად, არამედ მოვლილად გამოიყურებოდეს, წმენდისას გამოიყენეთ სპეციალური საწმენდი სხნარი, რომელიც შეიცავს მოვლა-შენახვის კომპონენტს წმენდის კომპონენტთან ერთად. ხის იატაკის წმენდისთვის სწორი აპარატურის შერჩევა დამოკიდებულია ზედეპირის დაფარვის მასალაზე:
კერხერის ბრენდის საწმენდი ხსნარები ხის იატაკებისთვის
ხის იატაკი ლაქის საფარით: ტენისგან დამცავი საწმენდი ხსნარი იდეალურია ლაქირებული ხის იატაკების (არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს პარკეტი, კორკი თუ ლამინატი) სიღრმისეული მაგრამ ფაქიზი წმენდისთვისა და მოვლისთვის. აქვს ბარიერის ეფექტი, რის გამოც იატაკის საფარი ნაკლებ ტენს შთანთქავს. აქედან გამომდინარე, ხე დაცულია არა მხოლოდ გაფართოებისგან, არამედ ახალი ჭუჭყის სიღრმისეულად ჩაჯდომისგანაც.
ხის იატაკი ზეთის ან ცვილის საფარით: საწმენდი ხსნარი სპეციალური მოვლა-შენახვის კომპონენტით, რომელიც ანიჭებს იატაკებს მქრქალ ბზინვარებას და იცავს იატაკს ტენის შეღწევისგან. იდეალურია ზეთის ან ცვილის საფარის მქონე ხის იატაკების წმენდა-მოვლისთვის. თუმცა მნიშვნელოვანია დოზირების ინსტრუქციების დაცვა, რადგან გადამეტებული გამოყენების შემთხვევაში ხეზე წარმოიქმნება წებოვანი საფარი, რომელიც ადვილად იკრავს მტვერს. არ შეიძლება ტუტე საწენდი სითხეების გამოყენება (მაგ. მრავალფუნქციური საწმენდი სითხეები) ზეთის ან ცვილის საფარის მქონე ხის იატაკზე - მაღალია საფრთხე, რომ ასეთი საწმენდი საშუალება საფარს დააზიანებს.
თუ მოწმენდის შემდეგ იატაკზე რჩება ზოლები, შესაძლოა ზედმეტად ბევრი საწმენდი სითხე გამოიყენეთ. უბნები, რომლებიც იშვიათად გამოიყენება, შეიძლება ნაცრისფერი გახდეს, რადგან ზედმეტად სქელი დამცავი საფარი მტვერს იკრავს. ეს ადგილები ჯერ მხოლოდ სუფთა წყლით უნდა მოირეცხოს. საწმენდი ხსნარი გამოიყენეთ მხოლოდ იმ უბნების გასასუფთავებლად, რომლებიც ხშირად გამოიყენება.
ეს საყურადღებოა: თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ საწმენდი ხსნარი თქვენი იატაკის მასალაზეა გამიზნული, ჩაატარეთ პატარა ტესტი - დააწვეთეთ მცირე რაოდენობით მოფარებულ ადგილას. შეამოწმეთ იატაკის საფარის მწარმოებლის დასუფთავებისა და მოვლის ინსტრუქციები - ხშირად აქ იპოვით დამატებითი ინფორმაცია შესაბამისი იატაკის საფარის გაწმენდისა და შენახვა-მოვლის შესახებ.
SOS: ლაქების მოცილება პარკეტისა და ლამინატისგან
ლაქები პარკეტსა და ლამინატზე შესაძლოა ორი ფორმით დარჩეს: ლაქები, რომლებიც მხოლოდ ზედაპირზეა და დაბინძურება, რომელმაც უკვე მასალაში ღრმად შეაღწია.
დაღვრილი ღვინო, წვენი ან საკვების სხვადასხვა ლაქები მარტივად შეიძლება მოშორდეს მიკრობოჭკოვანი ქსოვილის გამოყენებით. როგორც წესი, სპეციალური საწმენდი ხსნარი ამ დროს საჭირო არაა, ქსოვილის მსუბუქად დანამვაც საკმარისია.
სიღრმისეული ჭუჭყის შემთხვევაში კი ლაქა უნივერსალური საწმენდი ხსნარით უნდა დამუშავდეს. გარკვეულ შემთხვევებში, უნივერსალური საწმენდების ალტერნატივა შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო საშუალებები, როგორებიცაა წყალში გახსნილი ჭურჭლის სარეცხი სითხე, საპონი ან ქსოვილის დამარბილებელი ან, მაგალითად, მეთილის სპირტი საღებავების მოსაშორებლად,. ჭუჭყიანი ადგილები ყოველთვის უნდა გაიწმინდოს ხის სტრუქტურის მიმართულებით და საწმენდი საშუალება ყურადღებით ჩამოირეცხოს.
ხის ზედაპირებიდან ლაქები ძნელი მოსაშორებელია, რადგან ხშირად ჯერ დამცავი ცვილის, ზეთის ან ლაქის ფენა უნდა მოიხსნას ლაქამდე მისაღწევად. ამ შემთხვევაში, ხშირად, ერთადერთი გამოსავალია იატაკის პროფესიული წმენდა პროფილური კომპანიის მიერ.