პოლივინილისა (PVC) და ლინოლეუმის იატაკის წმენდა

აპრილი 28 2025

პოლივინილისა (PVC) და ლინოლეუმის იატაკის წმენდა
პოლივინილისა (PVC) და ლინოლეუმის იატაკის წმენდა

დიდი ხნის განმავლობაში პოლივინილი და ლინოლეუმი იატაკის ყველაზე პოპულარული საფარების სიაში მოწინავე პოზიციებს იკავებდა. შემდეგ ერთი პერიოდი გაუჩინარდა, თუმცა ამჟამად როგორც ჩანს პოპულარობის ახალ ტალღას უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ ორივე ტიპის საფარი სულ უფრო ხშირად ჩანს ინტერიერის დიზაინში. ალბათ გასაგებიცაა: პოლივინილი და ლინოლეუმი გაცილებით უფრო მარტივი გასაწმენდია ვიდრე იგივე პარკეტი. თუმცა, როგორც ყველა სხვა მასალის შემთხვევაში, იმისთვის, იატაკის საფარი მაქსიმალურად დიდხანს შევინარჩუნოთ, პოლივინილისა და ლინოლეუმის წმენდისასაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა.

როგორ გავწმინდოთ გამძლე იატაკის საფარი

თანამედროვე ბაზარზე უკვე იმდენი სახის იატაკის საფარია, რომელიც “გამძლედ” კლასიფიცირდება, რომ ცოტა რთულია იმის გაგება რა განასხვავებს მათ ერთმანეთისგან. თუ იატაკის საფარის ცოდნა თქვენი უშუალო სპეციალიზაციის სავალდებულო ნაწილი არაა, მაშინ დასაწყისისთვის მხოლოდ სამი ტიპის ცოდნა საკმარისია: პოლივინილი (PVC), ლინოლეუმი და ელასტომერი ყველაზე ხშირად გამოიყენება. ისინი ბევრ რამეში ერთმანეთს ჰგავს, თუმცა აქვთ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაც - სამივე სხვადასხვა ტიპის საწმენდი საშუალებებისადმია მოწყვლადი.

პოლივინილის (PVC) იატაკის საფარი

PVC საფარი ძირითადად პოლივინილ ქლორიდისგან შედგება. ხელმისაწვდომია ფურცლების, სტანდარტული ფილებისა და ჩასადგამი პანელების სახით. ეს მასალა განსაკუთრებით გამძლე და მდგრადია, კარგად უძლებს მექანიკურ სტრესს და იტანს ძლიერი ტუტეების ზემოქმედებას. სამაგიეროდ მოწყვლადია მაღალი მჟავიანობის მქონე საწმენდი საშუალებებისადმი, მაღალია რისკი არასწორი ხსნარის გამოყენებამ პოლივინილის საფარს ფერი შეუცვალოს. ასევე სიფრთხილეა საჭირო ორგანული გამხსნელების გამოყენებისას. ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ფეხსაცმლის გასაპრიალებელი, ჭვარტლი, ფლომასტერების საღებავი შესაძლოა ღრმად ჩავიდეს იატაკის საფარში, თუ მალე არ გაიწმინდა. არ ღირს ასეთი იატაკის მქონე ოთახში მოწევა - PVC მოწყვლადია სიგარეტის ფერფლისა და ნაპერწკლების მიმართ.

ლინოლეუმის იატაკის საფარი

ლინოლეუმი პოლივინილის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივაა. ლინოლეუმი მზადდება  ბუნებრივი ნედლეულისგან, როგორიცაა სელის ზეთი, კორპის ან ხის ფქვილი და ბუნებრივი ხის ფისი. ლინოლეუმისგან დამზადებული იატაკის საფარი სითბოს ძალიან ნელა ატარებს და ამიტომ პროფესიულ სფეროში მას ზოგჯერ თბილ ფეხსაგებსაც ეძახიან. PVC-სგან განსხვავებით, ლინოლეუმი მოწყვლადია მექანიკური სტრესისადმი და ისეთი საწმენდი საშუალებებისადმი, რომლებსაც მაღალი ტუტის შემცველობა აქვთ (pH >10). და, პირიქით, შედარებით მარტივად იტანს ორგანული გამხსნელების ზემოქმედებასა და სიგარეტის ფერფლს. ამასთან წმენდისას გასათვალისწინებელია, რომ თუმცა ლინოლეუმს აქვს ტენიანობის მარეგულირებელი თვისებები, იგი მგრძნობიარეა ზედმეტი ტენიანობის მიმართ.

ელასტომერის ან რეზინის იატაკის საფარი

ელასტომერისგან დამზადებული იატაკის საფარი კერძო საცხოვრებელ სივრცეებში იშვიათად გვხვდება, თუმცა მათ აქტიურად გამოიყენებენ შენობების კომუნალური სივრცეების იატაკებისთვის - მაგალითად სამრეცხაოებში ან კიბეებზე. ამის ძირითადი მიზეზი ელასტომერის მაღალი გამძლეობაა - მისგან დამზადებული საფარი ძალიან ნელა ცვდება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შედარებით რთულია მისთვის სწორი საწმენდი სითხის შერჩევა. მასალა მოწყვლადია როგორც ტუტის მაღალი შემცველობის (pH >10), ისე მაღალი მჟავიანობის შემცველობის მქონე საწმენდ საშუალებებთან (ეს უკანასკნელი ისევე უცვლის ელასტომერის საფარს ფერს, როგორც პოლივინილს). სამაგიეროდ გამძლეა ფერფლისა და ნაპერწკლებისადმი - ასეთ საფარზე მოწევა იატაკის დაზიანების ნაკლებ საფრთხეს ქმნის.

ფურცლების სამაგრის ტესტი იატაკის საფარის მასალის გასარკვევად 

თუ დარწმუნებული არ ხართ რა მასალასთან გაქვთ საქმე, შეგიძლიათ ე.წ. ფურცლების სამაგრის (სკრეპის) ტესტი ჩაატაროთ.

პირველ რიგში, იპოვეთ ოთახის ყველაზე მოფარებული კუთხე, რათა ტესტის შედეგმა ვიზუალურ მხარეზე დიდი გავლენა არ იქონიოს. 

შემდეგ გაასწორეთ სკრეპის ერთ-ერთი მხარე ისე, რომ მოგრძო მეტალის მავთული მიიღოთ. გასწორებული ფრთის წვერი დაახლოებით 5 წამის განმავლობაში სანთებელას საშუალებით გააცხელეთ. 

გაცხელებული წვერი ჩაარჭეთ იატაკის საფარში, გააჩერეთ დაახლოებით 3 წამი და უკან ამოიღეთ. 

დატოვებული პატარა ხვრელი, პერფორაციის პროცესი, და მისი თანმდევი სუნი დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში რა მასალისგანაა თქვენი იატაკის საფარი დამზადებული. 

პოლივინილის (PVC) საფარი

  • გაცხელებული სკრეპის წვერი მარტივად უნდა ჩავიდეს საფარში 

  • პოლივინილის საფარის ზედაპირი ცოტა უნდა დადნეს

  • ხვრელის ადგილი ცოტა უნდა ამოიბურცოს

  • გაცხელებისას შესაძლებელი იქნება ძაფების ამოძრობა

  • სკრეპზე მიწებებული ნარჩენები ჭვარტლით იწვება

  • პროცესს თან სდევს ძლიერი უსიამოვნო სუნი

ლინოლეუმის საფარი

  • გაცხელებული სკრეპის წვერი მარტივად უნდა ჩავიდეს საფარში

  • ლინოლეუმის ზედაპირი არ დადნება

  • ხვრელის გარშემო რჩება ნახშირის კვალი, მაგრამ არ იბურცება

  • პროცესს თან სდევს დამწვარი ხის ან სელის ზეთის სუნი

ელასტომერის (ან რეზინის) საფარი

  • გაცხელებული სკრეპის წვერი ვერ ჩადის საფარში მარტივად

  • ელასტომერის საფარის ზედაპირი არ დნება

  • ტესტის ადგილას რჩება პატარა, აკურატული ხვრელი რომელიც არ იბურცება

  • პროცესს თან, როგორც წესი, სდევს დამწვარი რეზინის სუნი

იატაკის მექანიკური წმენდა მარტივად, ორ ნაბიჯში

მსგავსი გამძლე მასალისგან დამზადებული იატაკის საფარის წმენდის ყველაზე პოპულარული მეთოდი უბრალო მტვერსასრუტის და სველი წმენდის კომბინაციაა. პირველ ეტაპზე სტანდარტული მტვერსასრუტით უნდა აკრიფოთ ზედაპირული ჭუჭყი, როგორიცაა მტვერი და თმები. შემდეგ კი იატაკს გადაუვლით სველი შვაბრით ან სპეციალური იატაკის საწმენდი ჯოხით. იდეალურ შემთხვევაში, წმენდის პროცესში რეგულარულად უნდა გაწუროთ საწმენდი ქსოვილი სპეციალური პრესის გამოყენებით, რადგან ეს მაქსიმალურად ამცირებს თქვენს პირდაპირ კონტაქტს ჭუჭყთან. უშუალოდ წმენდის პროცესი აუცილებლად დაიწყეთ ოთახის ყველაზე უკანა კიდიდან და შემდეგ ნელ-ნელა უკუსვლით იმოძრავეთ კარისკენ - ასე მთელ ოთახს თანაბრად ისე გაწმენდთ, რომ გაწმენდილზე არ გადაივლით და პროცესის გამეორება აღარ დაგჭირდებათ.  

მცირე პრაქტიკის შემდეგ, ამ მექანიკური მეთოდის გამოყენებას ძალიან მარტივად შეძლებთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსგავსს პროცესს რამდენიმე უარყოფითი მხარეც აქვს: პირველ რიგში, სიღრმისეული ჭუჭყის ამოყვანას დამატებითი ძალისხმევა სჭირდება და რამდენჯერმე მოგიწევთ დალაქავებული ადგილის დამუშავება მის დასარბილებლად. ამასთან, იატაკის საწმენდების უმეტესობა პროცესში შედარებით დიდი რაოდენობის წყალს იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იატაკის გაშრობას გარკვეული დრო სჭირდება და, ლინოლეუმის შემთხვევაში, შესაძლოა ასევე მექანიკურად გამშრალებაც დასჭირდეს.

სწრაფი წმენდა იატაკის საწმენდი ელექტრო აპარატით

თუ მექანიკური წმენდისთვის საკმარისი დრო ხშირად არ გაქვთ, უფრო თანამედროვე ალტერნატივა - კერხერის იატაკის საწმენდი აპარატი შეგიძლიათ დაიხმაროთ. მიკროფიბრის საწმენდი გორგოლაჭები მოძრაობს წუთში 500 ბრუნის სიხშირით და ყველანაირი ძალისხმევის გარეშე ამოჰყავს ჯიუტი ჭუჭყი. მოძრაობის სიხშირე რეალური უპირატესობაა და მნიშვნელოვან დროის ეკონომიას გთავაზობთ თანამედროვე PVC და დიზაინერული იატაკის სტრუქტურირებული ზედაპირების წმენდისას. რაც შეეხება ჭუჭყიან წყალს - ის გროვდება ცალკე ავზში, ამიტომ წმენდისას ყოველთვის შეგიძლიათ სუფთა წყლის გამოყენება დამატებითი გამოწურვის გარეშე.

სამივე ტიპის - პოლივინილის, ლინოლეუმისა და ელასტომერის - საფარის წმენდისას შეგიძლიათ გამოიყენოთ უნივერსალური საწმენდი სითხე. რადგან თავად იატაკის საწმენდ აპარატს პროცესისთვის ძალიან მცირე ოდენობის წყალი სჭირდება, საწმენდი სითხეც მინიმალური რაოდენობით დაგჭირდებათ. სტრუქტურირებული იატაკის საფარის შემთხვევაში, გირჩევთ იმუშაოთ ჰორიზონტალური მიდგომით, იმოძრაოთ სივრცის ერთი კიდიდან მეორისკენ, შემდეგ კი კიდევ ერთხელ გაიმეოროთ პროცესი, ამჯერად ჯვარედინად - ასე შეძლებთ მაქსიმალურად ღრმად შეაღწიოთ ზედაპირის სტრუქტურაში და სიღრმისეული ჭუჭყი ამოიყვანოთ. ხის იატაკები ყოველთვის გაწმინდეთ მათი ჭრილების გასწვრივ.

სიღრმისეული წმენდა ორთქლით წმენდის აპარატის დახმარებით

იატაკის მექანიკური წმენდის კიდევ ერთი ეფექტური ალტერნატივა ორთქლით წმენდის აპარატის გამოყენებაა. აღსანიშნავია, რომ ეს აპარატი განსაკუთრებით ჰიგიენურ წმენდის მეთოდად ითვლება, რადგან ჭუჭყის მოსაშორებლად ცხელ ორთქლს იყენებს, რომელიც მაღალი ტემპერატურის დახმარებით ბაქტერიებისა და ვირუსების 99.99%-ს აცილებს, თან ყველანაირი ქიმიური ხსნარის გამოყენების გარეშე. ვინაიდან ორთქლის წარმოება წყლის დემინერალიზაციას ახდენს, ორთქლი არ ტოვებს ნარჩენებს ან ზოლებს იატაკის წმენდისას. ამასთან, მაღალი ტემპერატურის წყალობით, იატაკი მალევე შრება და მოწმენდილზე გაცილებით მალე შეიძლება ფეხით თავისუფლად სიარული, ვიდრე მექანიკური წმენდის შემდეგ.

ორთქლით წმენდის აპარატის გამოყენება განსაკუთრებით მიზანშეწონილია თუ ოჯახში ალერგიული ადამიანი და პატარა ბავშვები გყავთ, რომელთა სიახლოვეს აგრესიული ქიმიური ხსნარების გამოყენება არაა რეკომენდებული. 

იატაკის მოსაწმენდად გამოიყენება სპეციალური საქშენის ქსოვილის გადასაფარებლები. ორთქლის გათავისუფლებისას იატაკის საქშენი სწრაფად გადაიტანეთ ერთი მხრიდან მეორეზე. ამით უზრუნველყოფთ, რომ შეიქმნას ორთქლის მხოლოდ ის ოპტიმალური რაოდენობა, რაც საჭიროა ჭუჭყის დასარბილებლად. სტრუქტურირებული იატაკის საფარის შემთხვევაში, გირჩევთ გაწმინდოთ დიაგონალური მოძრაობით, ასე უფრო სიღრმისეულად ჩააღწევთ ზედაპირში. პროცესში ყურადღება მიაქციეთ საქშენის გადასაფარებელ ქსოვილს - როგორც კი შეამჩნევთ რომ გაჭუჭყიანდა, აუცილებლად ახლით შეცვალეთ. 

პოლივინილისა და ლინოლეუმის საფარიდან ყველაზე გავრცელებული ტიპის ჭუჭყის მოცილება

ძველი იატაკის საწმენდი სითხე

თუ დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ სპეციალურ საწმენდ სითხეებს სველი წმენდის ჩასატარებლად, შეიძლება თქვენდა უნებლიეთ იატაკის საფარზე ამ სითხის მონარჩენი ფენა შეიქმნას. დროთა განმავლობაში, ჭუჭყის ნაწილაკები ამ ფენაში ჩაჯდება და იატაკის საფარს შეხედულებას შეუცვლის. ძველი საწმენდი სითხის ფენის მოშორების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება სუფთა ცხელი წყლით (მაქსიმუმ 60 °C) სიღრმისეული მორეცხვაა, რომელსაც უმჯობესია თუ იატაკის საწმენდი ელექტრო აპარატით ჩაატარებთ. იმუშავეთ უკვე აღწერილი მეთოდით: ჰორიზონტალურად ოთახის ერთი კიდიდან მეორემდე, მაგრამ ამ შემთხვევაში ნუ შეგეშინდებათ მორეცხილი ზედაპირის გადაკვეთა - პროცესი რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ, სანამ იატაკის ზედაპირიდან საწმენდი სითხის ფენა სრულიად არ მოშორდება. გაიმეორეთ პროცესი, სანამ არ შეამჩნევთ, რომ ნარჩენი წყლის ავზში აღარ წარმოიქმნება ქაფი.

რემონტის ნარჩენები

თუ ოთახში ბოლო დროს სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, აუცილებლად დარჩებოდა ჭუჭყი, რაოდენ მარტივი და ზედაპირულიც არ უნდა ყოფილიყო ეს სამუშაო. მაგალითად, კედლებზე მუშაობისას ხშირად ხშირად გამოიყენება ფანქრით დატოვებული მანიშნებლები ორიენტაციისთვის - მათი მოხსნა შემდეგ საშლელითაა საჭირო. თუ კედლებს ღებავდით, დიდია შანსი საღებავის ლაქები დაჩენილიყო იატაკზე - თუ ლაქები ახალია, მათი ამოყვანა მექანიკურად შეიძლება, სუფთა თბილი წყლითა და თეთრი, არამკაწრავი მასალისგან დამზადებული ღრუბლით. ლაქის და სხვა მასალების დატოვებული წებოვანი ნარჩენები კი ლინოლეუმიდან და ელასტომერიდან ორგანული გამხსნელების გამოყენებით შეიძლება მოიხნას - ასეთია, მაგალითად, უნივერსალური ლაქების საწინააღმდეგო ხსნარი; მეორეს მხრივ PVC, როგორც წესი, უმეტესობა ასეთი ხსნარების მიმართ მგრძნობიარეა, ამიტომ გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს მოფარებულ ადგილას.

ფერადი ნივთიერებების დატოვებული ლაქები

ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ფეხსაცმლის გასაპრიალებელი, ფლომასტერების მელანი ან საკვების საღებავი ღრმად ჩადის იატაკის საფარში, თუ მაშინვე არ აიწმინდა. ეს განსაკუთრებით სწრაფი პროცესია პოლივინილის იატაკის საფარი შემთხვევაში, მაგრამ ასევე სხვა ტიპის ზედაპირებიც საკმაოდ მოწყვლადია. თუ ლაქა ახალია, მაშინ მისი ამოყვანა შეიძლება უნივერსალური ლაქების მოსაშორებელი ხსნარის ძალიან ფრთხილი გამოყენებით. ან, თუ სპეციალურ ხსნარზე ხელი არ მიგიწვდებათ, შეგიძლიათ ისეთი საყოფაცხოვრებო საშუალებით ჩაანაცვლოთ რომელსაც გამათეთრებლის ეფექტი აქვს, მაგალითად წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით. თუმცა, სამწუხაროდ, თუ ლაქას გაშრობის საშუალება მიეცა, ხშირ შემთხვევაში მისი ამოყვანა აღარ არის შესაძლებელი. 

ცვილის ლაქები

ზოგიერთი ტიპის ლაქა აზიანებს იატაკის საფარის მთლიან შეხედულებას, თუმცა არაა საჭირო მთელი ზედაპირის დამუშავება მათ მოსახსნელად. ასეთია, მაგალითად, დამდნარი ცვილის ლაქები. მათ ამოსაყვანად ლოკალური დამუშავებაა საჭირო - დაწვეთებული ცვილი ფრთხილად უნდა დაადნოთ და შემდეგ სუფთა სამზარეულოს პირსახოცით აწმინდოთ. ყველაზე მარტივი იქნება თუ ცვილს ცოტა ცხელ წყალს დაასხამთ დასარბილებლად და შემდეგ თმის ფენით მოადნობთ. ან, კიდევ უკეთესი, პირდაპირ ორთქლით წმენდის აპარატს გადაატარებთ. თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ თუ პოლივინილის საფართან გაქვთ საქმე - როგორც უკვე ვახსენეთ, PVC სიცხისადმი მოწყვლადია, ამიტომ ჯერ მოფარებულ ადგილზე უნდა შეამოწმოთ რამდენად გაუძლებს თქვენს არჩეულ მეთოდს.