ფიცარნაგის მოვლა: როგორ გავწმინდოთ სწრაფად და მარტივად
მარტი 19 2025

პატიო ძალიან მოსახერხებელი გამოსაყენებელია, განსაკუთრებით ზაფხულში. მარტივია აქ მოაწყო კომფორტული კუთხე, სადაც უბრალოდ დაჯდები და მზის გულზე დაისვენებ, დილით ყავას დალევ, ან მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დასხდები დროის გასატარებლად. ხის შეფიცვრით დაფარული პატიო დღესდღეობით განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სახლის დიზაინისას, რადგან ხის საფარი სითბოსთან და ბუნებრიობასთან ასოცირდება და სახლის გარე ზონას სიმყუდროვეს მატებს. თუმცა ხის საფარს თავისი მინუსებიც აქვს - ბეტონისა და ქვისგან განსხვავებით ის საკმაოდ მგრძნობიარეა (თუმცა მოწყვლადობა კონკრეტულ ხის მასალაზეა დამოკიდებული).
იმისათვის, რომ ხის პატიო დიდი ხნის განმავლობაში გემსახუროთ, საჭიროა მისი რეგულარული წმენდა და დამცავით დამუშავება. კერხერის ამ ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ შედარებით მარტივად და ნაკლები ძალისხმევით გაუხანგრძლივოთ ხის პატიოს სიცოცხლე
როდის უნდა გაიწმინდოს ფიცარნაგი?
არ აქვს მნიშვნელობა რა მასალისგანაა დამზადებული პატიო - ხისგან, ქვისგან თუ ბეტონისგან - ნებისმიერი გარე ტერიტორია რაღაც დონეზე მოწყვლადია როდესაც საქმე ამინდს ეხება. მაგრამ სადაც ქვა შედარებით გამძლეა, ქარმა, წვიმამ და მზის შუქმაც კი შეიძლება საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენოს ხის შეფიცვრით დაფარულ პატიოს. განსაკუთრებით საშიშია შემოდგომისა და ზამთრის თვეები - მაღალია შანსი მუდმივმა ტენიანობამ დააზიანოს ხე და გაუჩინოს ზედაპირს ფორები. მეორეს მხრივ, ზაფხულში, როდესაც ადამიანები ჭამენ, დღესასწაულებს აღნიშნავენ და, საერთოდ აქტიურად იყენებენ პატიოს, უფრო სწრაფია შეფიცვრის ცვეთა. მაღალმა დატვირთვამ შეიძლება გააჩინოს ხეზე ნაკაწრები, ბზარები, ლაქები და გაუფერულება.
მაგრამ რა სიხშირით უნდა გაიწმინდოს ფიცარნაგი ისე, რომ ზედაპირს იერი შეუნარჩუნოს და არ დააზიანოს? საერთოდ რეკომენდებულია წელიწადში ორჯერ მაინც საბაზისო წმენდის ჩატარება. ჩვენ გირჩევთ ეზოში ნებისმიერი შეფიცრული ზედაპირის წმენდა მებაღეობის სეზონის დაწყებას დაამთხვიოთ - შემოდგომაზე, რათა ბაღი ზამთარგამძლე იყოს და გაზაფხულზე, რათა ზაფხულში უკეთ გამოიყენოთ. ფიცარნაგის წმენდა და შემდგომი დამუშავება ყოველთვის მშრალ ამინდში უნდა მოხდეს. ხეს უნდა ჰქონდეს საშუალება საფუძვლიანად გაშრეს სველი წმენდის შემდეგ.
რატომ არის საჭირო ფიცარნაგის რეგულარული წმენდა?
ხის ფიცრებით დაფარულ ზედაპირებს რეგულარული წმენდა რამდენიმე მიზეზის გამო სჭირდებათ:
-
რათა თავიდან ავიცილოთ ნაცრისფერი, გაუფერულებული ლაქების გაჩენა
-
მოვხსნათ (ან სრულად ავიცილოთ) მწვანე მცენარეული ნადები (მაგ. ხავსი)
-
დავრწმუნდეთ, რომ ზედაპირი კარგადაა დამუშავებული და არ გაჩენილა მოლიპული მონაკვეთები
-
დავრწმუნდეთ, რომ ფიცარნაგის რომელიმე მონაკვეთში არ დარჩენილა სინესტე და არ იწყება ლპობა
-
რათა არ გაჩნდეს და გამრავლდეს სახიფათო ობი
-
რათა ფიცარნაგმა რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს კარგი იერსახე
როგორ უნდა მოვამზადოთ ფიცარნაგი გასაწმენდად
სანამ შეფიცრული ზედაპირების წმენდას დაიწყებთ, ყველა ზედ განთავსებული ნივთი უნდა სხვაგან გადადგათ (მაგ. ბაღის ავეჯი, მცენარის ქოთნები და ა.შ.), რათა პატიოს ყველა კუთხეს მაქსიმალურად მარტივად მისწვდეთ წმენდის პროცესში. ზედაპირული ჭუჭყის მოშორება მთელი გარე ტერიტორიიდან მარტივად შესაძლებელია უბრალო ცოცხით. თუ პროცესის დაჩქარება გინდათ, დიდი რაოდენობის ჭუჭყის მოსაშორებლად ეფექტურია ფოთლების გამშლელი მტვერსასრუტი შეწოვის ფუნქციით, განსაკუთრებით შემოდგომაზე, როცა ჩამოცვენილი ფოთლები დიდი რაოდენობით ბრუნდება. სანამ ბაღის ავეჯს (და დანარჩენ ნივთებს) უკან დადგამთ, აცალეთ ხის ზედაპირს საფუძვლიანად გაშრეს. გაშრობის დრო შეიძლება ეფექტურად გამოიყენოთ ბაღის ავეჯის გასაწმენდად.
ფიცარნაგის წმენდის საუკეთესო მეთოდები
როგორ უნდა მიუდგეთ ფიცარნაგის წმენდას იმაზეა დამოკიდებული, რა დაბინძურების ხარისხთან გვაქვს საქმე. თუ მხოლოდ ფოთლებია მოსაგველი ან ზედაპირული მწვანე მცენარეული ნადები გაჩნდა, შეფიცვრა ჩვეულებრივ შეიძლება ხელით გაიწმინდოს, ყველანაირი დამატებითი საწმენდი საშუალებებისა და სპეციალური აპარატების დახმარების გარეშე. მყარი ცოცხი ძლიერი ჯაგრით, ხელის ჯაგრისი ან თუნდაც სტანდარტული ღრუბელი, ცოტაოდენი თბილი წყალი და საპონი, როგორც წესი, სრულიად საკმარისია სტანდარტული ფიცარნაგიდან ზედაპირული ჭუჭყის ეფექტურად მოსაშორებლად.
იმ შემთხვევაში თუ საქმე ჯიუტ ჭუჭყთან და სიღრმისეულად ჩამჯდარ ნადებთან გვაქვს (მაგალითად ფიცრებში ჩაზრდილი მცენარეული ნადები), დიდი ალბათობით დამატებითი დახმარება დაგჭირდებათ. გამოგადგებათ პატიოს სპეციალური საწმენდი აპარატი, ან, ასეთის არქონის შემთხვევაში, კერხერის მოსახვეტი აპარატიც. აპარატი აღჭურვილია გვერდითი ფუნჯებით, რომელიც საკმაოდ ნაზია იმისთვის რომ არ დააზიანოს ზედაპირი, მაგრამ ამავდროულად ეფექტურად წმენდს, მინიმალური რაოდენობის წყლის გამოყენებით. ჯაგრისებით შეძლებთ კარგად მიწვეთ კუთხეებსა და კიდეებს სადაც ჭუჭყი ხშირად რჩება უბრალო ხელით წმენდის შემდეგ, და ასევე ადვილად მოხსნათ სახლის კედლების გასწვრივ დაგროვილი მტვერი. ეზოს მოსახვეტი აპარატი ყველანაირ ზედაპირზე კარგად მოქმედებს, შესაძლებელია როგორც ხის, ასევე გლუვი ქვის პატიოს გაწმენდაც.
რჩევა: სპეციალურ წმენდის აპარატით ხის ზედაპირზე მუშაობისას ყურადღება მიაქციეთ ძალის ინტენსივობას. ხე მოწყვლადი მასალაა და ნაკლები ძალა სჭირდება.
მაღალი წნევით რეცხვის აპარატით ფიცარნაგის წმენდა
იმისთვის რომ ხის შეფიცვრის წმენდა კიდევ უფრო გაიმარტივოთ (და ნაკლები ძალა თუ დრო დახარჯოთ), შეგიძლიათ კერხერის მაღალი წნევით რეცხვის აპარატით ისარგებლოთ - თუმცა წინასწარ აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ მხოლოდ სწორ პარამეტრებსა და აქსესუარებს იყენებთ. მაღალი წნევით რეცხვის აპარატი ძლიერი ხელსაწყოა, ხოლო ხე კი - რბილი და საკმაოდ დელიკატური მასალა (თუმცა ზოგი ტიპის ფიცარნაგი უფრო გამძლეა ვიდრე დანარჩენი, ყველაფერი დამოკიდებულია ჯიშზე და დამუშავებაზე). ეს არ ნიშნავს რომ აპარატის გამოყენება საზიანოა - კერხერის მაღალი წნევით რეცხვის აპარატი მაქსიმალურად უნივერსალურ მოხმარებაზეა გათვლილი - მაგრამ კონკრეტულად ხის პატიოს წმენდას სპეციალური მიდგომა სჭირდება, რომელიც კარგად უნდა გაიაზროთ სანამ აპარატს ჩართავთ. პირველ რიგში, აუცილებლად შეამოწმეთ არჩეული მეთოდი პატიოს მაქსიმალურად მოფარებულ მონაკვეთზე. მაღალი წნევით რეცხვის აპარატის რეჟიმის რეგულაციისას მხედველობაში უნდა მიიღოთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ხის ჯიში, ფიცრების დამუშავება და ფიცარნაგის არსებული მდგომარეობა. რაც უფრო მგრძნობიარეა მასალა, მით უფრო დაბალი უნდა იყოს წნევის რეჟიმი.
თუ მაღალი წნევით რეცხვის აპარატი სწორადაა დარეგულირებული, მაშინ სპეციალური საწმენდი სითხისა და ზედაპირის სარეცხი ფუნჯის დახმარებით ყველა დაბინძურება მაქსიმალურად სწრაფად და ძალის დატანების გარეშე უნდა მოიხსნას.
ნაბიჯი 1: დაფარეთ სრულიად ფიცარნაგი საწმენდი სითხით
ხის შეფიცვრით დაფარული პატიოსგან უხეში ჭუჭყის მოცილებისთვის ყველაზე ეფექტურია სპეციალური ხის მასალების საწმენდი ხსნარი, მაგრამ თუ არ გაქვთ - უნივერსალური საწმენდი ხსნარიც გამოდგება. იმისთვის, რომ ფიცარნაგი ხსნარით სწრაფად დაფაროთ შეგიძლიათ Vario-Power სპეციალური მილი გამოიყენოთ. როდესაც მთელ ფიცარნაგს დაამუშავებთ, აცალეთ საწმენდ სითხეს დაახლოებით 5-10 წუთი, რათა კარგად გაუჯდეს ყველა სახის მოსაცილებელ დაბინძურებას. შემდეგ შესაფერის რეჟიმზე დაყენებული მაღალი წნევით რეცხვის აპარატით მორეცხეთ.
ნაბიჯი 2: კარგად გახეხეთ მთელი შეფიცრული ზედაპირი
იმისთვის, რომ წმენდის პროცესი უფრო ეფექტური იყოს გამოიყენეთ ზედაპირების საწმენდი ჯაგრისის თავაკი. რადგან ჯაგრისის წვრილი ჯაგარი აღწევს ზედაპირის ღარებში, უფრო მარტივი იქნება ფიცარნაგიდან ჯიუტი ჭუჭყის ამოყვანა. თანაბრად დაამუშავეთ მთელი ზედაპირი და გახსოვდეთ, რომ ზედმეტი ძალის დატანებამ სათუთი ხე შესაძლოა დააზიანოს. იმ შემთხვევაშიც, თუ ჯიუტი ჭუჭყი არ ამოვიდა, უმჯობესია თუ არ გააჩერებთ ჯაგრისს ერთ ადგილზე დიდხანს და შემდეგ ნაბიჯებზე გადახვალთ.
ნაბიჯი 3: კიდევ ერთხელ გადაუსვით საწმენდი სითხე გარეცხილ ზედაპირს
იმისთვის, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად გაიწმინდოს ფიცარნაგი (მათ შორის ამოვიდეს ის სიღრმისეულად ჩამჯდარი ჭუჭყიც, რომელიც პირველმა წმენდამ ვერ ამოიყვანა), კიდევ ერთხელ დაამუშავეთ პატიოს ზედაპირი საწმენდი სითხით. ხის სპეციალური საწმენდი სითხის შემთხვევაში ამას ორმაგი დაცვის ეფექტიც ექნება, რადგან სპეციალიზებული სითხეები ხეს არა უბრალოდ წმენდს, არამედ UV სხივებისგან იცავს.
ნაბიჯი 4: კარგად მორეცხეთ ფიცარნაგი, რათა არ დარჩეს საწმენდი სითხის ლაქები
და ბოლოს, ძირეულად მორეცხეთ ხის პატიოს მთელი ზედაპირი და დარწმუნდით, რომ საწმენდი სითხე არსად რჩება - არის საფრთხე, რომ დაალაქავებს ფაქიზ ზედაპირს. მორეცხვისას გამოიყენეთ მხოლოდ ბრტყელი ჭავლის თავაკი, რადგან ერთ ადგილზე კონცენტრირებულმა ვიწრო ძლიერმა ჭავლმა შეიძლება დააზიანოს ხის საფარი. პატიოს მორეცხვისას იდეალური შედეგის მისაღწევად, თავაკი ზედაპირიდან 30 სმ მანძილის დაშორებით დაიჭირეთ. შემდეგ კი აცალეთ პატიოს სრულიად გაშრეს, სანამ ზედ რაიმეს დაალაგებთ.
შეფიცრული ზედაპირიდან უხეში ჭუჭყისა და გაუფერულების მოშორება
უხეში ლაქების თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელია - პატიო ყოველთვის მოწყვლადია ამინდის მიმართ და აქტიური გამოყენება ყველაზე გამძლე მასალასაც კი ცვეთს. ტენიანობის და მზის გამო დროთა განმავლობაში ხე უფერულდება და ნაცრისფერი ლაქები ჩნდება. მათ მოსაშორებლად, ხის პატიო ჯერ მსუბუქად დაამუშავეთ წყლით, და უხეში ნადები მოაშორეთ ცოცხის ან ხელის ფუნჯი მეშვეობით. შემდეგ უკვე შეგიძლიათ უშუალოდ ხის ნაცრისფერ შეფერილობას მიხედოთ - ამისთვის სპეციალური საწმენდი ხსნარი დაგჭირდებათ, რომელიც ხისთვის პირვანდელი ჯანსაღი სახის აღსადგენად გამოიყენება. მსგავსი საშუალებით დაამუშავეთ ფიცარნაგი და დატოვეთ რამდენიმე საათი (კონკრეტული ხსნარის ინსტრუქციის მიხედვით), შემდეგ კი სუფთა წყლით მორეცხეთ. სამწუხაროდ საშინაო საშუალებებით გაუფერულების ამოყვანა არ ხდება.
მწვანე ნადების მოშორება
ტენიანი მწვანე ნადები ფიცარნაგს მალე ეკიდება - ეს არა უბრალოდ ესთეტიკური კუთხითაა არასასიამოვნო, არამედ სახიფათოც შეიძლება იყოს. ხავსისა და სხვა მცენარეულობის შიგნით ტენიანობის გამო ხის საფარი სულ უფრო სრიალა ხდება. უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მწვანე ნადები (ხავსი) რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოშორდეს. გაუფერულების პრობლემისგან განსხვავებით, მწვანე ნადებს საკმაოდ ეფექტურად ებრძვიან საშინაო საშუალებები. აურიეთ ერთმანეთში ცოტა თბილი წყალი, სიმინდის სახამებელი და საჭმელი სოდა. მასა უნდა იყოს პასტის კონსისტენციის და შემდეგ გაიხსნას წყალში, რის შედეგადაც ეფექტურ საწმენდ სითხეს მიიღებთ.
დასამზადებლად დაახლოებით 500 მლ თბილ წყალს დაუმატეთ სამი სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი და კარგად მოურიეთ, რომ სახამებელი გაიხსნას. პასტის შერევისას დარწმუნდით, რომ მასა ერთგვაროვანია და არ შექმნილა კოლტები. ეს ნაზავი ოდნავ კრემისებრი ნაზავი ჩაყარეთ ქვაბში და დაუმატეთ 100 გრ საჭმელი სოდა და დაასხით 5 ლ წყალი. ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე.
საწმენდი სითხე გადაანაწილეთ მთელ პატიოზე და ენერგიულად დაამუშავეთ სკრაბერით ან ხელის ფუნჯით. აცალეთ რამდენიმე საათი, რომ ფიცარნაგი კარგად გაიჟღინთოს. ნარევი საფუძვლიანად ჩამორეცხეთ ხის ზედაპირისგან, დაიხმარეთ ბაღის შლანგი.
ფიცარნაგის წმენდა საოჯახო საშუალებებით
სოდა-სახამებლის ნარევის გარდა, სხვა საშინაო საშუალებებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ხის შეფიცრული ზედაპირის საწმენდად, თუ სპეციალურ საწმენდ ხსნარებზე ხელი არ მიგიწვდებათ. მაგალითად, განზავებული სარეცხი სითხე საკმაოდ ეფექტური საშუალებაა მარტივი ლაქების ამოსაყვანად. საკმარისია წყალში გახსნათ საწმენდი სითხის რამდენიმე წვეთიც. უბრალოდ, გულუხვად გადაანაწილეთ ხის ფიცრებზე და აცალეთ 5-10 წუთი. შემდეგ კარგად გახეხეთ ჯაგრისით ან ცოცხით და ბოლოს მორეცხეთ პატიო სუფთა წყლით.
გამოდგება უბრალო თხევადი საპონიც. წაუსვით გაუზავებელი საპონი ფიცარნაგს, გაიხეხეთ ჯაგრისით და შემდეგ კარგად მორეცხეთ სუფთა წყლით.
შეფიცრული ზედაპირების ზეთით დამუშავება
ფიცარნაგის ზედაპირის გასაძლიერებლად და ჭუჭყისაგან დასაცავად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა გაწმენდის შემდეგ სპეციალური ხის ზეთის წასმაა. ზეთი არა მხოლოდ ეხმარება ხეს შეინარჩუნოს ფერი, არამედ აფერხებს ბზარებისა თუ სხვა დარღვევების გაჩენას. ის ასევე იცავს ფიცრებს ტენისგან. ზოგიერთი სპეციალური ხის საწმენდი საშუალება შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც იცავს ხეს, ამიტომ შემდგომ ზეთით დამუშავება არ არის საჭირო. მაგრამ თუ უბრალო უნივერსალურ ხსნარს ან საოჯახო საშუალებებს იყენებთ, გრძელვადიან პერიოდში უკეთესია თუ შემდეგ ფიცარნაგს ზეთით დაამუშავებთ.