როგორ მოვაშოროთ ხავსი ნებისმიერი ტიპის ზედაპირს?
იანვარი 27 2025
სახლის კედლებზე, ბაღის ავეჯზე, გაზონზე და სახურავზეც კი - ხავსს ყველგან შეუძლია გაიხაროს, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში სადაც ხშირად ჩნდება პატარა ღრიჭოები და ბზარები. და რა გასაკვირია, რომ ადამიანებს დიდი ძალების დახარჯვა უწევთ მის მოსაშორებლად. ალბათ ყველას, ვისაც ხავსთან ბრძოლა უწევს, ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა: ნუთუ არ არსებობს უფრო მარტივი გზა ხავსის მოსაშორებლად? ამ ბლოგში კერხერი გთავაზობთ ისეთი რჩევებისა და ხრიკები ჩამონათვალს, რომელიც თუ აქამდე არ გამოგიყენებიათ, სამომავლოდ აუცილებლად გაგიმარტივებთ ხავსთან ბრძოლას.
როგორ მოვაშოროთ ხავსი? რჩევები და ხრიკები
არის შემთხვევები, როცა ხავსი უბრალოდ ლამაზი დეკორატიული მცენარეა, რომელსაც მებაღეები განზრახ რგავენ ბაღის გასალამაზებლად. თუმცა, უფესვო მცენარეებს სწრაფი გავრცელება სჩვევიათ და, თუ მებაღემ სათანადო ყურადღება არ მიაქცია, სულ მალე ბაღის ყველა, მათ შორის ყველაზე მიუდგომელ, კუთხესაც კი დაიკავებს. თუ ხავსს დროულად არ მოაშორებთ, შესაძლოა უკონტროლოდ გაიზარდოს იქ, სადაც არაფერი ესაქმება - ბაღის ავეჯზე, ქვაფენილზე და ა.შ. შედეგად კი მაღალია შანსი თქვენი ბაღის ავეჯი გამოუყენებელი გახადოს, გაიზარდოს სასიარულო ბილიკებზე დასრიალების რისკი და, რადგან ბევრ წყალს აკავებს, ხელი შეუწყოს კედლებსა და სახურავებზე ნესტის შეკავებას. ხავსი ასევე შეიძლება გავრცელდეს გაზონზე და ნელ-ნელა დაიკავოს ბალახის ადგილი.
იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ სხვადასხვა ადგილსა და ზედაპირზე შეიძლება გაიზარდოს ხავსი, გასაკვირი არ არის, რომ გამოცდილმა მებაღეებმა მისი მოშორების სხვადასხვა გზა შეიმუშავეს.
-
საყოფაცხოვრებო საშუალებები, როგორიცაა კოკა კოლა და სხვა ტკბილი გაზიანი სასმელები, ეკოლოგიურად უსაფრთხოა და ხშირად უკვე გაქვთ სახლში. მათი გამოყენების შემდეგ საგრძნობი შედეგის ნახვა ჩვეულებრივ გარკვეულ დროს მოითხოვს და ამიტომ ძირითადად ხავსით დაფარული მცირე ფართობების გასასუფთავებლად გამოიყენება. თუმცა, ისევე, როგორც ქიმიური საწმენდი ხსნარების, ისე საყოფაცხოვრებო საშუალებების გამოყენებისას საჭიროა ჯერ მცირე ფართობზე გატესტოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ მათი გამოყენება შედეგიანი იქნება და ზედაპირს ზიანს არ მიაყენებს.
-
ხავსის მოშორება ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით. პოპულარული ვარიანტია პატარა, ბლაგვი დანები. ისინი განსაკუთრებით ეფექტურია ტროტუარის ნაპრალებში ჩამჯდარი ხავსის მოსაშორებლად. უფრო ფართო ზედაპირებიდან ხავსის მოსაშორებლად ხშირად გასაფხეკ ჯაგრისებს იყენებენ. ხოლო თუ ხავსი შედარებით დიდ ფართობზე გავრცელდა, მაღალი წნევით რეცხვის აპარატი შესანიშნავი ინსტრუმენტია. ასევე ვარიანტია მექანიკური სარეველების მომშორებელი, რომელიც მბრუნავ მოძრაობას იყენებს სხვადასხვა ზედაპირიდან ზედმეტი ვეგეტაციის, მათ შორის ხავსის, მოსაშორებლად.
-
თუ ხავსი გაზონზე გადავიდა, შესაძლოა საჭირო გახდეს ხავსის მოსაშორებელი სპეციალური ქიმიური ხსნარის გამოყენება, თუმცა მებაღეების უმეტესობა გვირჩევს მათ დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ. ქიმიური ხსნარი შესაძლოა ტოქსიკური იყოს, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს, როდესაც ყველა სხვა მეთოდი არაეფექტური აღმოჩნდება.
როგორც ხედავთ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი კონკრეტული სიტუაციის მიხედვით გადაწყვიტოთ, რომელი მეთოდის გამოყენება უფრო უპრიანია. მაგალითად, თუ არ გსურთ ხავსის მოსაშორებლად მაღალი წნევით რეცხვის აპარატი გამოიყენოთ, გაითვალისწინეთ, რომ პროცესი მეტ დროს წაიღებს, ამიტომ უმჯობესია თუ უიკენდს დაამთხვევთ. თუმცა, ეს ეხება მხოლოდ შედარებით მარტივად გასაწმენდ გლუვ ზედაპირებს, როგორიცაა იატაკი და ავეჯი. თუ ხავსი გაზონს უნდა მოაშოროთ, დამატებით ინსტრუმენტების გამოყენება აუცილებელი იქნება, სხვანაირად ეფექტურ შედეგს ვერ მიიღებთ..
როგორ მოვაშოროთ ხავსი გაზონს
ხავსი ჯიუტი ვეგეტაციაა, რომელიც მჭიდროდ ეჭიდება თავის საცხოვრებელ ადგილ. ამიტომ ხავსიან გაზონს სიყვარული და ყურადღებიანი მიდგომა სჭირდება, სხვანაირად ამ ჯიუტ უნებართვო მდგმურს ვერ მოაშორებთ. აუცილებელია დროული მოქმედება: თუ გაზონის დიდ ნაწილზე ბევრი ხავსი გაიზარდა, თავად ბალახი შეიძლება ძალიან დასუსტდეს და ხავსის გავრცელებას წინ ვერ აღუდგეს. ხავსის მოშორების საუკეთესო დრო გაზაფხულია: გაზაფხულზე გაზონის გაფხვიერება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ხავსის გავრცელებისგან თავის დასაცავად. გაზონი მოკლედ უნდა გაითიბოს და შემდეგ ჭადრაკული ფორმით გაივარცხნოს. ასევე საჭიროა გაიხსნას ნოტიო, ძლიერად დატკეპნილი ზედაპირი. შემდეგ უკვე შეგიძლიათ გაზონის ქვიშა მოაყაროთ (განსაკუთრებით საჭიროა ჩრდილიან, ნოტიო მონაკვეთებზე). დაქვიშვა გააუმჯობესებს დატენიანებას და უზრუნველყოფს ზედაპირის სწრაფ გაშრობას, რაც ხელს შეუშლის ხავსის გავრცელებას. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს პროცესი საკმაოდ სტრესულია გაზონისთვის, ამიტომ საჭიროა შემდეგ ბალახი დამატებით გააძლიეროთ შესაბამისი სასუქის გამოყენებით.
თუ თქვენი ძალისხმევის მიუხედავად ხავსი მოკლე დროში ისევ გავრცელდა, საჭიროა ნიადაგის ანალიზის გაკეთება. არსებობს სპეციალური ტესტები, რომელთა გამოყენებით შეგიძლიათ გაარკვიოთ, მაგალითად, არის თუ არა ნიადაგი ბალახის ქვეშ ზედმეტად მჟავიანი. გაზონის ნიადაგის იდეალური pH მაჩვენებელი 6-დან 7-მდეა. თუ მჟავიანობა 5.5-ზე ნაკლებია, ნიადაგი მოსაკირია. შესაძლოა საქმე არა ნიადაგში, არამედ იმაში იყოს, რომ გაზონი ჩრდილიან ადგილას იზრდება. ამ შემთხვევაში გამოსავალი სპეციალური, ჩრდილის გამძლე გაზონის ან სხვა გამძლე საფარი მცენარეების დათესვაა. უკიდურეს სიტუაციაში, როდესაც ხავსი თავისით არ კვდება, ზოგიერთი მებაღე რკინის სასუქს იყენებს. ქიმიური ხავსის მომშორებელი ეფექტური, მაგრამ ტოქსიკურია, ამიტომ მისი გამოყენებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. თუმცა, საბედნიეროდ დღეს არსებობს ისეთი ხავსის მომშორებელი საშუალებებიც, რომელიც ძმრის ესენციის საფუძველზე მუშაობს და შედარებით უსაფრთხო კარგი ალტერნატივაა.
როგორ მოვაშოროთ ხავსი გლუვ ზედაპირებს (მაგ. კედლები, პატიო (შიდა ეზო) და ბაღის ავეჯი)
თუ ხავსის საფარი შედარებით თხელია და მცირე ფართობზეა გავრცელებული, შეგიძლიათ სცადოთ კოლას დახმარებით მოშორება. კოლა ფოსფორის მჟავას შეიცავს, რომელიც აზიანებს ხავსის უჯრედულ სტრუქტურას და ხელს უშლის იგივე ადგილას ხავსის სწრაფად გაჩენას. ამასთან, კოლა არატოქსიკური და მარტივად ხელმისაწვდომია. მისი, როგორც გამწმენდი საშუალების, გამოყენება ძალიან მარტივია: შეასხურეთ კოლა ხავსიან ადგილებს, დაელოდეთ მის მოქმედებას, გაწმინდეთ ან დაგავეთ და შემდეგ ჩამორეცხეთ სუფთა წყლით. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დიდი ფართობების გასაწმენდად ეს მეთოდი არ გამოდგება - კოლა არ უნდა განზავდეს და ხავსიანი ზედაპირი კარგად უნდა დაალბოს. ეს მეთოდი გამოდგება, თუ გსურთ ხავსის მოშორება კონკრეტული პატარა ადგილიდან, მაგრამ არა იმ შემთხვევაში თუ, ვთქვათ, სრულად ასფალტის ბილიკის გაწმენდა გჭირდებათ. ამასთან, არ შეიძლება კოლას გამოყენება ისეთ მასალებზე, რომლებიც მოწყვლადია მჟავის მიმართ, მაგალითად მარმარილოსა და ბეტონზე.
დიდი ფართობიდან ხავსის ეფექტურად მოშორებისთვის 10 ლიტრი მდუღარე წყლისა და 15-20 გრამი სოდის ხსნარი იდეალური გამოსავალია. ხსნარის გამოყენებამდე, ეცადეთ მექანიკური გზით მოაშოროთ ხავსის ყველაზე ურჩი ნაწილები. შემდეგ კი გასაწმენდ ზედაპირს, მაგალითად, პატიოს ფილებს, დაასხით სოდიანი წყალი. იდეალურ შემთხვევაში, ხსნარი რამდენიმე დღით უნდა დატოვოთ რომ მაქსიმალურად ეფექტურად იმოქმედოს (ამიტომ ეცადეთ ამინდის პროგნოზს თვალი ადევნოთ და მაქსიმალურად მშრალი პერიოდი შეარჩიოთ), თუმცა თუ გეჩქარებათ, დილით ადრე დაასხით და ეცადეთ მინიმუმ ხუთი საათი მაინც დაელოდეთ. მორჩენილი ხავსი გაცილებით უფრო ადვილად შეიძლება მოშორდეს საწმენდი ჯაგრისით.
უფრო მგრძნობიარე მასალების, როგორიცაა მარმარილო, ბუნებრივი ქვა და კირქვა, წმენდისას, უმჯობესია თუ 15 გრამი კალიუმის პერმანგანატისა და 10 ლიტრი მდუღარე წყლის ნარევს გამოიყენებთ. მეთოდი იგივეა, რაც სოდიანი ხსნარის გამოყენებისას, თუმცა ჯერ უნდა გამოცადოთ მცირე მონაკვეთზე მოფარებულ ადგილას, რათა დარწმუნდეთ, რომ ზედაპირს არ დააზიანებს. ამ ნარევის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ შესაბამისად დამუშავებულ იატაკის საფარზე, რადგან კალიუმის პერმანგანატმა შეიძლება არა მხოლოდ წყალი შეღებოს მოყავისფრო-მეწამულ ფერად, არამედ დაუცველი იატაკიც. მუშაობისას აუცილებელია ხელთათმანების გამოყენება.
და, რასაკვირველია, ხავსის საფუძვლიანად და სწრაფად მოშორების ყველაზე ეფექტური გზა მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენებაა. არ აქვს მნიშვნელობა გასაწმენდი ზედაპირის ფართობს. კიბეები თუ პატიოს ფილები, მაგალითად, სწრაფად და უსაფრთხოდ იწმინდება. საუკეთესო მიდგომა იქნება თუ მაღალი წნევით მრეცხავი აღჭურვილი იქნება სპეციალური თავაკით, რადგან ის მარტივად მოაშორებს არა მხოლოდ ზედაპირულ ხავსს, არამედ ამოიყვანს ზედაპირის ფორებში ჩამჯდარ სხვა ტიპის ნალექსაც. წმენდის პროცესი ძალიან მარტივია და სულ სამ ნაბიჯად იყოფა:
- მოდელის მიხედვით, დაამაგრეთ თქვენი რჩეული თავაკი მაღალი წნევით რეცხვის აპარატზე ან დააყენეთ მბრუნავი ჭავლის რეჟიმი.
- დაიჭირეთ წყლის ჭავლი მცირე დახრით და ნელა გადაატარეთ ხავსიან ზედაპირს. წმენდისას შეინარჩუნეთ ზედაპირისგან 15-20 სმ მანძილი დაშორება.
- გადაატარეთ ცოცხი გაწმენდილ ადგილს, რათა შეკრიბოთ მოშორებული ხავსი და გადაყარეთ.
ისეთი ადგილებისთვის, სადაც ხავსი სწრაფად ვრცელდება, მაღალი წნევით რეცხვის აპარატი იდეალურია. ის გამოდგება როგორც მყარი, ისე ნაზი ზედაპირებისთვის. შედარებით ნაზი ზედაპირების წმენდისას გამოიყენეთ ბრტყელი ჭავლი ჭუჭყის მომშორებელი თავაკის ნაცვლად და შეამცირეთ წნევა საშხეფ პისტოლეტზე. აპარატი აშორებს სხვა ტიპის ჭუჭყისაც და ზედაპირი არ საჭიროებს შემდგომ დამუშავებას.
როგორ მოვაშოროთ ხავსი სახლის სახურავს
აზრები იმის თაობაზე აქვს თუ არა აზრი სახურავიდან ხავსის მოშორებას, ხშირად ორად იყოფა. ზოგი ამბობს, რომ ხავსი აუცილებლად მოსაშორებელია, რადგან მისმა უკონტროლო ზრდამ შესაძლოა დააზიანოს სახურავი, ზოგი კი პირიქით, თვლის რომ ხავსი სახურავს გარკვეულწილად იცავს, რადგან მას ნესტის შეკავება შეუძლია. ეს შეიძლება განსაკუთრებით ოპტიმალური აღმოჩნდეს, მაგალითად, ისეთ რეგიონებში სადაც ხშირი და ძლიერი წვიმა იცის, რადგან სადრენაჟო სისტემებს გადატვირთვისგან დაიცავს ძლიერი ნალექის დროს. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში არჩევანი თქვენზეა - შეგიძლიათ უბრალოდ დატოვოთ ხავსი სახურავზე, ან შეგიძლიათ მოაშოროთ თუნდაც წმინდა ესთეტიკური მიზეზების გამო.
თუ საბოლოო ჯამში მაინც გადაწყვეტთ ხავსის მოშორებას და სახურავისგან ამ დამატებით შრის მოშორებას, პირველ რიგში პროცესის უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროთ. მაღალია შანსები წმენდისას ხავსზე დასრიალდეთ, განსაკუთრებით თუ სახურავის ზედაპირი დახრილია. ამიტომ ყოველთვის გამოიყენეთ უსაფრთხოების ღვედი (ეს მხოლოდ ხავსის წმენდას არ ეხება, სახურავზე ასვლა რის გამოც არ უნდა დაგჭირდეთ, უსაფრთხოების ღვედის გამოყენება ყოველთვის სასურველია), და სანამ წმენდას შეუდგებით, დარწმუნდით რომ საიმედოდაა დამაგრებული. თუ საკუთარ ძალებში არ ხართ დარწმუნებული, უმჯობესია ხავსის მოსაშორებლად დაიქირაოთ შესაბამისი კომპანია. მაგრამ თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, შეგიძლიათ მოაშოროთ ხავსი სახურავზე იმავე გზით, როგორც აშორებთ ხავსს პატიოს თუ ბილიკის ფილებს, ანუ ჯაგრისებისა და მაღალი წნევით რეცხვის აპარატის დახმარებით.
თუ ხავსის ფენა სახურავზე თხელია, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პორტატიული მაღალი წნევით რეცხვის აპარატი, რომელიც ბატარეაზე მუშაობს და ხშირად გამოიყენება რთულად მისადგომი ვიწრო ადგილების გასაწმენდად. მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ ნაკლები დრო დაგეხარჯებათ სახურავზე ხავსის მოშორებაში. თუმცა ნებისმიერი ტიპის მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენებისას გახსოვდეთ, რომ თვალი უნდა ადევნოთ წყალსაწრეტებსა და წყალსადენ მილს - ხავსი სწრაფად უნდა მოშორდეს წყალსაწრეტიდან, სანამ სადინარებს გაჭედავს.