ეზოს ფილების წმენდა: პრაქტიკული სახელმძღვანელო

იანვარი 27 2025

ეზოს ფილების დასუფთავება
ეზოს ფილების დასუფთავება

თუ კერძო სახლი გაქვთ, მაღალია შანსი რომ პატიოს (ეზოს მცირე შიდა ტერიტორია, უშუალოდ სახლის მიმდებარედ) ხშირად იყენებთ დასასვენებლად, განსაკუთრებით თბილ თვეებში. კარგ ამინდებში, პატიო იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ოჯახი კომფორტულად შეიკრიბოს და ერთად გაატაროს დრო. მაგრამ იმისთვის, რომ ეზოს ეს ტერიტორია მართლაც კომფორტული იყოს გამოყენებისას და საუკეთესოდ გამოიყურებოდეს, ეზოს ფილები წელიწადში მინიმუმ ორჯერ მაინც საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს. კერხერი გთავაზობთ სიღრმისეულ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნით როგორ მოუაროთ თქვენს პატიოს.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ეზოს ფილების წმენდისას?

ბევრი ირჩევს პატიოს მოპირკეთებას ბეტონის ან ბუნებრივი ქვის ფილებით არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ეზო უფრო თანამედროვედ გამოიყურება, არამედ იმიტომაც, რომ ეს ფილები უფრო მარტივი მოსავლელია - ხის პატიოებისგან განსხვავებით გლუვი ზედაპირის მქონე პატიოს ფილების გაწმენდა უფრო ადვილია. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ აქტიური მოხმარებისას ნებისმიერი მასალის საფარი ცვდება და გარკვეული დროის შემდეგ, ბუნებრივია ქვის ფილებზე არა მხოლოდ ლაქები გაჩნდეს, არამედ ნაპრალებსა და ღრიჭოებში წყალმცენარეებმა, ხავსმა და სარეველებმა დაიწყოს ზრდა. გარდა იმისა, რომ მოუვლელი ფილები უბრალოდ არაესთეტიკურად გამოიყურება, მათი უყურადღებოდ დატოვება შეიძლება სახიფათოც იყოს, მაგალითად უკონტროლოდ გავრცელებული ხავსზე და წყალმცენარეებზე მალე შეიძლება ფეხი დაგიცდეთ. ამიტომ თუ პატიოს მოპირკეთებას აპირებთ, აუცილებლად წინასწარ უნდა გაეცნოთ როგორ გამოიყურება პატიოს ფილების გაწმენდის საუკეთესო სტრატეგია.

ნატურალური ქვებისა და ბეტონის ეზოს ფილების მიმზიდველი ატრიბუტია ის, რომ გასაწმენდად სახლის პატრონებს თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ როგორც ელექტრო ინსტრუმენტები და ქიმიური საშუალებები, ისე ეკოლოგიურად უსაფრთხო საყოფაცხოვრებო საშუალებები. მთავარია გახსოვდეთ შემდეგი წესი: წმენდის მეთოდი ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს მასალას, რათა ეზოს ფილები დაზიანებისგან დავიცვათ. ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა ნაპრალების საფხეკები, მაღალი წნევით რეცხვის აპარატები, ან საწმენდი ხსნარები, ისევე, როგორც საყოფაცხოვრებო საშუალებები, უმეტეს შემთხვევაში ოპტიმალური მიდგომაა, იმიტომ რომ უკვე ბევრჯერაა დაცდილი.

როგორ მოვაშოროთ ეზოს ფილებს ჯიუტი ჭუჭყი

სანამ ეზოს ფილების სიღრმისეულ წმენდაზე გადახვალთ, პირველ რიგში უხეში ჭუჭყი უნდა მოაშოროთ ზედაპირს. ამ ნაბიჯს ბევრი ახტება, რადგან დამატებით დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ასე თავს დაიცავთ ჭუჭყის უფრო დიდ ტერიტორიაზე გავრცელებისგან, როდესაც ეზოს ფილების სპეციალური საშუალებებით წმენდას დაიწყებთ. ზედაპირული ჭუჭყი, როგორიცაა მაგალითად დაცვენილი ფოთლები და ხმელი ტოტები, ყველაზე მარტივია უბრალო ცოცხით მოგავოთ. ლითონის ფოცხი უფრო მყარია, მაგრამ ამასთანავე უხეში და ხმაურიანი. მი მისი გამოყენებისას შეიძლება მეზობლები შეაწუხოთ, და თანაც მაღალია შანსი ფილების ზედაპირი დაკაწროთ. თუ განსაკუთრებით დიდი ტერიტორია გაქვს მოპირკეთებული, გირჩევთ სამომავლოდ ძლიერი მტვერსასრუტი შეიძინოთ დროისა და ენერგიის დასაზოგად. 

ეს საყურადღებოა: ხავსისა და წყალმცენარეების თავიდან ასაცილებლად, ეზოს ფილები რეგულარულად (წელიწადში რამდენჯერმე მაინც) უნდა სიღრმისეულად გაიწმინდოს.

როგორ გავწმინდოთ ღრიჭოები ეზოს ფილებს შორის

მას მერე, რაც პატიოს ზედაპირულ ჭუჭყს მოაცილებთ, შეგიძლიათ ნაპრალების გაწმენდაზე გადახვიდეთ. დაიწყეთ ფხეკა ნაპრალების გასწვრივ და მოაშორეთ გაჭედილი მწვანე მცენარეულობა, სარეველები ან ხავსი. ეს ნაბიჯი საკმაო დროს მოითხოვს და გარკვეულ მოთმინებას საჭიროებს, მაგრამ საბოლოო შედეგი ძალისხმევად ღირს. კარგი იქნება, თუ სარეველების ამოსაძირკვად სპეციალურ ნაპრალების საფხეკს გამოიყენებთ, ეს დროს დაგიზოგავთ და მუშაობას გაგიმარტივებთ. თუ ნაპრალების საფხეკი არ გაქვთ, უბრალო მყარი შპატელიც გამოგადგებათ. ყველაზე ეფექტურია უსადენო სარეველების მომშორებელი აპარატის გამოყენება, თუმცა ჯერჯერობით ეს აპარატი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.

კიდევ ერთი ეფექტური მარტივი ალტერნატივა ცხელი წყალია. ამ ხერხის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის იაფია და ეკოლოგიურად უსაფრთხო. თუ სარეველებს ძალიან ცხელ წყალს დაასხამთ, ეს წყალი ფესვებამდე ჩავა და მცენარის უჯრედულ სტრუქტურის განადგურებას იწყებს, რასაც დროთა განმავლობაში სარეველების კვდომამდე მივყავართ. ამ მეთოდის ნაკლი ისაა, რომ სარეველების მოკვლა სწრაფი პროცესი არაა - ცხელი წყლით ფილების გაწმენდა რამდენჯერმე მოგიწევთ, სანამ საბოლოო ეფექტს ნახავთ, უკვე არსებული სარეველები კი კვლავ ხელით ამოსაძირკვი იქნება (თუმცა მკვდარი ფესვების გამო მათი ამოღება უფრო მარტივი იქნება). 

როდესაც ზედაპირულს ჭუჭყს მოაშორებთ და დარწმუნდებით, რომ ფილებს შორის ნაპრალებს მაქსიმალურად გაწმენდილია, დგება დრო სიღრმისეულ წმენდაზე გადახვიდეთ.

როგორ ამოვიყვანოთ ეზოს ფილებში ჩამჯდარი ღრმა ლაქები

იმის გამო, რომ თბილ თვეებში შიდა ეზო ხშირად ოჯახური შეკრებების მთავარი ადგილია, სრულიად ბუნებრივია ფილებზე წითელი ღვინის, სოუსების, და ცხიმის ლაქები ვიხილოთ. საგანგაშო ამ ლაქებში არაფერია, თუმცა საჭიროა როგორც კი შეამჩნევთ, მაშინვე აწმინდოთ. ეს იმიტომ, რომ ფოროვანი ზედაპირის მქონე ეზოს ფილები სითხეებს სწრაფად იწოვს და თუ დროზე არ მორეცხავთ, ლაქის ადგილას შეიძლება ფილა გახუნდეს და გაუფერულდეს, რისი მოშორებაც უკვე გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ლაქის ამოყვანა. განსაკუთრებით ჯიუტ ღრმა ლაქებს ბეტონის და ქვის ფილებზე ცხიმი ტოვებს. ასეთი ტიპის ლაქების მოშორებისთვის უმჯობესია თუ პირდაპირ ქვის ზედაპირებისთვის და/ან ბეტონისთვის განკუთვნილ საწმენდ ხსნარს გამოიყენებთ. გახსოვდეთ, რომ ორივე შემთხვევაში ზოგი საწმენდი საშუალება პირდაპირ გამოიყენება და ზოგი კი უნდა განზავდეს. ამ უკანასკნელის გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორი თანაფარდობის დაცვა. საწმენდი ხსნარი გამოიყენეთ ლოკალურად დაზიანებულ ადგილებზე და დატოვეთ სამოქმედოდ ინსტრუქციის მიხედვით (უმეტეს შემთხვევაში დაახლოებით 2-დან 5 წუთამდე). შესაბამისი დროის გასვლის შემდეგ, მორეცხეთ დამუშავებული ადგილები სუფთა წყლით.

ეზოს ფილების წმენდისას საყოფაცხოვრებო საშუალებებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, განსაკუთრებით თუ ახალ და არა სიღრმისეულ ლაქებზეა საუბარი. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საწმენდი საშუალება ეზოს ფილებისთვის უბრალოდ თბილ წყალში განზავებული საპონია. ასევე შეგიძლიათ სახლში გააკეთოთ უფრო ძლიერი მოქმედების საწმენდი ხსნარი, ამისთვის მხოლოდ სოდა ან ძმარი. 

თუმცა, სანამ ამ უკანასკნელს გამოიყენებთ, საწმენდი ხსნარი პატიოს შედარებით მოფარებულ ადგილას გატესტეთ. თუ სატესტო ადგილმა ფერი იცვალა, ესე იგი ფილების მასალა თქვენი საშინაო ხსნარისთვის ზედმეტად ფაქიზია, და უმჯობესია ისევ პროფესიონალური საწმენდი ხსნარი გამოიყენოთ. თუ აღმოჩნდა, რომ საშინაო ხსნარი ფილების საწმენდად გამოდგება, უკვე შეგიძლიათ თავისუფლად დაიწყოთ ეზოს ფილების დამუშავება.  

ძმარი შეიძლება პირდაპირ გამოიყენოთ ან განაზავოთ წყლით 1:1 თანაფარდობით (ჩვენ გირჩევთ განაზავოთ, ნაკლები შანსია ფილების ზედაპირი დააზიანოს). სოდის შემთხვევაში, გახსენით 1-დან 5 სუფრის კოვზამდე 10 ლიტრ წყალში, იმისდა მიხედვით რამდენად რთული ლაქებია ფილებიდან ამოსაყვანი. აცადეთ ნარევს 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი კარგად არ შეიწოვს. შემდეგ სახეხით გახეხეთ დამუშავებული ზედაპირი და მორეცხეთ სუფთა წყლით.

როგორ გავწმინდოთ ეზოს ფილები მაღალი წნევით რეცხვის აპარატით

თუ პატიოს მთელი ზედაპირი გასაწმენდია, მაშინ სიღრმისეული ჭუჭყის საფუძვლიანად მოშორების ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენებაა. წყლის ჭავლის სიძლიერის გამოისობით აპარატი თითქმის ყველა ტიპის ზედაპირს უკიდურესად საიმედოდ წმენდს იმისდა მიუხედავად რა სახის ჭუჭყზეა საუბარი, და არც ეზოს ფილებია გამონაკლისი. თუმცა მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო:  შედარებით უფრო ნაზი მასალისგან დამზადებული ეზოს ფილები პირდაპირმა წყლის ჭავლმა შესაძლოა დააზიანოს. მაგარი ტიპის ნატურალური ქვის ფილები, მაგალითად, მარტივად შეგიძლიათ მაღალი წნევის ჭავლით მორეცხოთ, მაგრამ რბილ ბუნებრივ ქვებზე მხოლოდ ყველაზე დაბალი წნევის რეჟიმი უნდა გამოიყენოთ. 

იმისთვის, რომ დაბალი წნევის რეჟიმის მიუხედავად ეზოს ფილები მაინც საფუძვლიანად გაიწმინდოს, რეკომენდებულია მაღალი წნევით რეცხვის აპარატზე სპეციალური ზედაპირის საწმენდი ჯაგრისი დაამაგროთ, რომელიც ზედაპირამდე მანძილის გაზრდის საშუალებას იძლევა და ხელს უწყობს უფრო ნაზ წმენდას. 

როგორ გავწმინდოთ ნატურალური ქვისგან დამზადებული ეზოს ფილები

ისეთი ბუნებრივი ქვისგან დამზადებული ეზოს ფილები, როგორიცაა გრანიტი, მარმარილო და კირქვა, ძალიან მყარია, ნელა ცვდება და დიდი ხნით ინარჩუნებს თავის ფერს. ამ მასალებისგან დამზადებული ფილების მთავარი ნაკლი ისაა, რომ აქვთ მცირე ბუნებრივი ჩაღრმავებები, სადაც სწრაფად გროვდება ჭუჭყი და ნადები. თუმცა მათი მოშორება მარტივად შეიძლება მაღალი წნევით რეცხვის აპარატის დახმარებით, სანამ აპარატს მოიმარჯვებთ, ჯერ შეამოწმეთ რამდენად მტკიცეა ის ქვა, რომლისგანაც თქვენი ეზოს ფილებია დამზადებული. რაც უფრო მაგარია ქვა, მით ნაკლებად მგრძნობიარეა ის ნებისმიერი ელექტრო ინსტრუმენტის მიმართ. მაღალი გამძლეობის მასალები, როგორიცაა გრანიტი ან ბაზალტი, ყველანაირი რისკის გარეშე შეიძლება გაიწმინდოს მაღალი წნევის ჭავლით. აი რბილი ბუნებრივი ქვებისთვის კი უმჯობესია ყველაზე დაბალი წნევის ჭავლის გამოყენება ან სულაც ხელით წმენდა. მცირე ზედაპირების გასაწმენდად pH-ნეიტრალური საპონი, ცოტა წყალი და ჯაგრისი სრულიად საკმარისია. მაგრამ თუ ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული დიდი ფართობების სიღრმისეულად გაწმენდა გსურთ, მაშინ დარწმუნდით რომ მაღალი წნევით რეცხვის აპარატს სწორად იყენებთ. ყველაზე უკეთესი იქნება თუ აპარატზე სპეციალური ზედაპირის საწმენდ თავაკს დაამაგრებთ, რომელიც ჭავლის კონტროლის საშუალებას მოგცემთ.

როგორ გავწმინდოთ ბეტონისგან დამზადებული ეზოს ფილები

ბეტონი გამძლე და მყარი მასალაა, მაგრამ შეწოვის მაღალი უნარი აქვს, რაც კონკრეტულად ეზოს ფილების შემთხვევაში გარკვეულწილად ნაკლია. ბეტონის საფარში სითხეები ღია ფორებში უფრო სწრაფად აღწევს, ვიდრე ბუნებრივ ქვებში. ამიტომ ბეტონის ფილების წმენდისას წყალი ეკონომიურად უნდა გამოიყენოთ. თუ საქმე მხოლოდ მცირე ლაქების ეხება, შეგიძლიათ ფილების გასაწმენდად სპეციალური სახეხი ქვიშა გამოიყენოთ - მას ზუმფარის ქაღალდის ეფექტი აქვს და მშრალ ჭუჭყს ეფექტურად აშორებს. 

მცენარეული ნადების (მაგალითად იგივე წყალმცენარეების) მოშორება ცხელი წყლითა და სახეხით შეგიძლიათ. ეკოლოგიურად სუფთა პროცესისთვის ასევე ბიოდეგრადირებადი საპონი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჯერ გახსენით საპონი თბილ წყალში, შემდეგ დაამუშავეთ დაბინძურებული ზედაპირი და დატოვეთ ნარევი 20-30 წუთის განმავლობაში. როდესაც ხსნარი შეიწოვება, ჯაგრისით გახეხეთ ზედაპირი. ამის შემდეგ ფილები საფუძვლიანად უნდა მოირეცხოს სუფთა წყლით, არ დატოვოთ საპნის ნარჩენები რათა ზედაპირი არ დალაქავდეს.