ავეჯის გადასაკრავი ქსოვილების წმენდა

თებერვალი 19 2025

ავეჯის ქსოვილები
ავეჯის ქსოვილები

წარმოიდგინეთ როგორ ატარებთ საღამოს სახლში, ოჯახთან ერთად. თავად დივანზე ხართ მოკალათებული სასუსნავებითა და სასმელებით, ბავშვები და შინაური ცხოველები კი გარშემო დარბიან… სანამ გაიაზრებთ რა ხდება, დივანი უკვე ნამცეცებითა და ლაქებითაა დაფარული. ან წარმოიდგინეთ რომ ბევრ ადამიანთან ერთად მანქანით მოგზაურობთ - არასდროს გაქვთ გარანტია, რომ მანქანის სავარძლებზე არავის არაფერი დაეპნევა ან დაექცევა. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რით ისვრება ავეჯი - მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება სულაც არ არის რთული, თუ ჩვენს რჩევებს გამოიყენებთ. 

ეს საყურადღებოა: წმენდის დროს გამოიყენეთ გამოხდილი ან ადუღებული წყალი. ონკანის წყლის გამოყენებისას შეიძლება ქსოვილზე კირის ლაქები დატოვოს.

როგორ გავწმინდოთ რბილი ტყავის ავეჯი

ტყავის რბილი ავეჯისთვის წმენდის დროს პირვანდელი სახის აღდგენა მოითხოვს ცოტა სხვაგვარ მიდგომას, ვიდრე სტანდარტული დივნის, ოთახის სავარძლის თუ მანქანის სავარძლების გადასაკრავი ქსოვილის წმენდა - რბილი ტყავი გაცილებით უფრო ფაქიზი მასალაა. უხეში ჭუჭყი, როგორც მტვერი და ნამსხვრევები შეიძლება მოვაცილოთ რბილი ქსოვილით ან მტვერსასრუტის შედარებით დაბალი რეჟიმის გამოყენებით. უმეტეს შემთხვევაში, ტყავის გასაწმენდად ზედაპირის ნესტიანი ქსოვილით გაწმინდა საკმარისი იქნება. არასდროს გამოიყენოთ ცხიმის მოსაშორებელი საწმენდი საშუალებები, რასაც არ უნდა გპირდებოდეთ რეკლამა - მაღალია შანსი, რომ მათში შემავალმა აქტიურმა ნივთიერებებმა ტყავი გამოაშროს. თუ ტილოთი წმენდა ქსოვილს არ ეყო, უმჯობესია საკუთარი საწმენდი საშუალება დაამზადოთ: სუფთა მყარი საპონი (ნეიტრალური საპონი) თბილ წყალში გახსენით და ტყავი ამ ხსნარით ფრთხილად დაამუშავეთ.

არსებითად, სისველე ტყავის წმენდისას ყველაზე დიდი გამოწვევაა. რბილი ტყავი მოწყვლადია ნესტისა და სითხეების მიმართ. მაგალითად, თუ სასმელი დაგექცათ, ყოველთვის ეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად მოწმინდოთ, სანამ სიღრმისეულად ჩაჯდება. ტყავის ავეჯის ზედაპირის პირვანდელი სახის შესანარჩუნებლად ყველაზე ოპტიმალური გზა შესაბამისი პროდუქტებით რეგულარული მოვლაა.

ლიმონის წვენი სისხლის ლაქების წინააღმდეგ

პატარა ნაკაწრის შემთხვევაშიც კი ძალიან მარტივია სისხლი ისე მოხვდეს თქვენს ლეიბზე ან დივანზე, რომ ვერც შეამჩნიოთ. თუ სისხლის ლაქები ძალიან ცოტა ხნის წინ გაჩნდა და ჯერ კიდევ სველია, როგორც წესი მათი ამოყვანა მარტივად შეიძლება უბრალო ცივი წყლითაც. მთავარია ახალი ლაქების წმენდისას არ გამოიყენოთ თბილი წყალი, სითბო სისხლში სითხის კოაგულაციას იწვევს და მას უფრო მყარად აკავშირებს ქსოვილის ბოჭკოებთან. ანუ ლაქა ამოსვლისას სულ მცირე “გაჯიუტდება” და უარეს შემთხვევაში შესაძლოა ბოლომდე ვერც ამოიყვანოთ.  

მაგრამ თუ სისხლის ლაქა უკვე მშრალია, მაშინ ცოტა უფრო ძლიერი საშუალება დაგჭირდებათ. ამ შემთხვევაში დაცდილი საშუალებაა ლიმონის წვენი. ერთმანეთში აურიეთ მარილი და ლიმონის წვენი ისეთი თანაფარდობით, რომ საშუალო სისქის პასტა მიიღოთ. პასტა ფრთხილად წაუსვით დალაქავებულ ადგილს და გააჩერეთ დაახლოებით 30 წუთი. შემდეგ მოწმინდეთ პასტა მშრალი სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცით, შეასხურეთ დალაქავებულ ადგილს ცივი წყალი და ფრთხილად აწმინდეთ ნესტი ქაღალდით. 

ალტერნატიულად, მშრალი სისხლის ლაქის ამოყვანის კიდევ ერთი დაცდილი სახლური საშუალება ცივი წყლისა და გამაფხვიერებლის (baking powder) ნაზავია.

საწმენდი სითხე და საპონი ცხიმის ლაქების წინააღმდეგ 

თუ თქვენი ავეჯის გადასაკრავი რბილი ტყავისგან არაა დამზადებული, თბილი წყალი და ცხიმის მოსაშორებელი სპეციალური საწმენდი სითხე საუკეთესო საშუალებაა ცხიმის ლაქების მოსაშორებლად. თუმცა ხშირად ნეიტრალური თხევადი საპონიც საკმარისია, განსაკუთრებით თუ ლაქა სიღრმისეული არაა. ახალი ლაქები ეცადეთ მაშინვე ფრთხილად ამორეცხოთ, ხოლო ძველი და მშრალი ლაქები ჯერ წყლით ცოტა დაალბეთ. შემდეგ აურიეთ საწმენდი ან თხევადი საპონი წყალთან და ფრთხილად დაამუშავეთ ცხიმის ლაქა. ნარევი მხოლოდ დალაქავებულ ადგილზე გადაანაწილეთ, და ფრთხილად შეაზილეთ ლაქის კიდიდან ცენტრისკენ. თუ ლაქა ამოვიდა კიდევ ერთხელ დაასველეთ იგივე ადგილი სუფთა თბილი წყლით, რათა ქსოვილზე არ დარჩეს სარეცხი სითხის ნარჩენები - ამან შეიძლება ახალი ლაქა გააჩინოს.

ლაქების უნივერსალური მტერი: ნატრიუმის ბიკარბონატი (სოდა)

ჩვენმა დედებმა და ბებიებმა დიდი ხანია იციან სოდის უნივერსალური ძალის შესახებ. იმ დროს, როდესაც ხელი მარტივად არ მიუწვდებოდათ სპეციალურ საწმენდ საშუალებებზე, სწორედ სოდასა და სოდის ნაზავებს იყენებდნენ სხვადასხვა სახის ლაქების ამოსაყვანად. ახლა სპეციალური ხსნარის ყიდვა ყველა მაღაზიაშია შესაძლებელი, მაგრამ სოდა ხშირად მათ ჯობნის კიდეც ეფექტურობაში, მაგალითად შეუცვლელია ყავისა და წითელი ღვინის ლაქების ამოყვანისას. უბრალოდ დააყარეთ ფხვნილი ლაქას, გააჩერეთ ღამის განმავლობაში და დილით მტვერსასრუტით გადაუარეთ ადგილს. მაღალია შანსი სიღრმისეული ლაქისგანაც კი აღარაფერი იყოს დარჩენილი.

სოდა სველი წმენდის პროცესშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა სანამ სველ წმენდაზე გადახვალთ, ჯერ საფუძვლიანად გადაატარეთ მტვერსასრუტი ავეჯს რბილი და ზედაპირული ჭუჭყი რომ მოაშოროთ. შემდეგ 1 სუფრის კოვზი სოდა 1 სუფრის კოვზ წყალთან აურიეთ და მიღებული პასტა დარჩენილ ლაქებზე თხელ ფენად გადაუსვით. პასტა ლაქებს ნესტიანი ღრუბლით ან რბილი ქსოვილით შეაზილეთ და აცადეთ კარგად გაშრეს. გამშრალი პასტა მტვერსასრუტით ან მშრალი ქსოვილით მოაცილეთ.

მინერალური წყალი და მარილი წითელი ღვინის ლაქების წინააღმდეგ 

ბევრმა არ იცის, მაგრამ მინერალური წყალი ძალიან ეფექტური დამხმარე საშუალებაა წითელი ღვინის ლაქების ამოყვანისას. ახალ ლაქას უბრალოდ ფრთხილად დაასხით მინერალური წყალი ლაქაზე. შემდეგ ზედ დააფინეთ ქაღალდის პირსახოცი და ფრთხილად დააწექით, ისე რომ ქაღალდმა წყალი (და წყალთან ერთად ლაქა) შეისრუტოს. 

მარილი და სიმინდის ფქვილი ასევე ხელს უწყობს სითხის შეწოვას: მოაყარეთ ლაქას ისე რომ თხელი ფენა სრულად ფარავდეს კერას, დატოვეთ 1-2 საათით და შემდეგ აკრიფეთ მტვერსასრუტით. 

თუ უკვე გამშრალი ლაქის ამოყვანა გსურთ, ლიმონის წვენი ან ძმარი დაგეხმარებათ: დაალბეთ ბამბის ქსოვილი რომელიმეში, დაამუშავეთ ლაქა და გააჩერეთ დაახლოებით 15 წუთით. შემდეგ მოწმინდეთ სამზარეულოს პირსახოცით. შემდეგ, ისევე, როგორც სისხლის ლაქების შემთხვევაში, შეასხურეთ დალაქავებულ ადგილს ცივი წყალი და ფრთხილად მოწმინდეთ, რათა ზედმეტი ნესტი არ დარჩეს ქსოვილზე.

საუკეთესო საყოფაცხოვრებო საშუალებები ლაქების მოსაშორებლად 

თუ არ გიყვართ ქიმიური ხსნარების გამოყენება და არც სპეციალიზებული აპარატი გაქვთ, მაშინ ლაქების ამოყვანის ყველაზე ოპტიმალური გზა ისევ საყოფაცხოვრებო საშუალებების გამოყენებაა. 

ეს საყურადღებოა: ორთქლით წმენდა ლაქების ამოყვანის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალებაა

დივნებისა თუ სხვა ქსოვილგადაკრული ავეჯის გაწმენდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ორთქლით საწმენდი აპარატია. თუ მცირე ლაქების მოშორება გსურთ, უბრალოდ მოათავსეთ ქსოვილის საწმენდი თავაკი დახრილი კუთხით (არა ვერტიკალურად) ლაქის მიმართულებით. სანამ დაიწყებთ, ლაქის ახლოს, თავაკის მოპირდაპირე მხარეს დაიჭირეთ სუფთა მიკროფიბრის ქსოვილი და მხოლოდ შემდეგ გაუშვით ორთქლის ჭავლი. ორთქლის ჭავლი ლაქას, ასე ვთქვათ, მიკროფიბრის ქსოვილში „შეაფრქვევს“.

კერხერის რეკომენდაცია: სანამ პროცესს დაიწყებთ, ავეჯის ნაკლებად შესამჩნევ, მოფარებულ მხარეს მცირე მონაკვეთზე შეამოწმეთ როგორ რეაგირებს გადასაკრავი ქსოვილი ორთქლის ჭავლზე. ზოგი მასალა შესაძლოა მაღალი ტემპერატურის ორთქლის მიმართ სენსიტიური იყოს. მსგავს შემთხვევაში ორთქლით წმენდა არ უნდა გამოიყენოთ  - ზედაპირის დაზიანების რისკი ზედმეტად მაღალია. 

ადგილობრივი წმენდა: როგორ დავამუშაოთ მხოლოდ დალაქავებული ადგილები

ბუნებრივია ყველას ნერვები გვეშლება, როცა დივანზე ან მანქანის სავარძელზე ლაქებს ვპოულობთ. არ აქვს მნიშვნელობა შოკოლადია, წითელი ღვინო, ცხიმი თუ რამე სხვა ჭუჭყი - ისინი სწრაფ რეაგირებას მოითხოვენ:

  • რაც უფრო ახალია ლაქა, მით უფრო მარტივია მისი მოშორება;

  • რაც უფრო ძველია ლაქა, მით უფრო რთულია იმის გარკვევა რამ დატოვა; 

  • თუ ლაქებს ყურადღებას არ მივაქცევთ, ისინი სულ უფრო დიდ ზედაპირს დაიკავებენ 

როცა საქმე სველ ლაქებს ეხება, ყველაზე მთავარია რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოთ. დაუყოვნებლივ დააფარეთ ლაქას სუფთა, მშრალი ქსოვილით, რომ რაც შეიძლება მეტი შეიწოვოს. არასოდეს დააწვეთ ქსოვილს ამის გაკეთებისას, ზეწოლა აიძულებს სითხეს უფრო ღრმად შევიდეს ბოჭკოებში. ძალის გამოყენება უკეთეს შემთხვევაში უბრალოდ გაართულებს ლაქის ამოყვანას, უარეს შემთხვევაში კი ქსოვილი შეიძლება დაზიანდეს.

კარგი ამბავი ისაა, რომ ლაქების 90% წყალში ხსნადია. თქვენ შეგიძლიათ სწრაფად შეამოწმოთ რამდენად ხსნადია ლაქა ღია ფერის ქსოვილისა და ნელთბილი წყლის გამოყენებით. თუ წყალი ლაქის დაშლას დაიწყებთ, ესე იგი შეგიძლიათ ჭუჭყი ბოჭკოებიდან ამოიღოთ: ქსოვილი ოდნავ მბრუნავი მოძრაობებით გადაატარეთ ლაქაზე ზემოდან ქვემოდან. ყურადღება მიაქციეთ ზედმეტად არ დააჭიროთ.

თუ ლაქა არაა წყალში ხსნადი, მაშინ (გარდა მცირე გამონაკლისებისა) ყველაზე სწრაფი გზა მის ამოსაყვანად უნივერსალური საწმენდი სითხის გამოყენება იქნება. შეასხურეთ ლაქების მოსაშორებელი სითხე რბილ ქსოვილზე და რბილად გადაუსვით ლაქას, გაიმეორეთ სანამ ლაქა ავეჯის გადასაკრავს სრულად არ მოსცილდება. შემდეგ შეგიძლიათ მოწმინდოთ ადგილი სუფთა წყლით, რათა მოაცილოთ სარეცხი საშუალებების ნარჩენები ტექსტილის ბოჭკოებიდან. როგორც ორთქლით წმენდის შემთხვევაში, ნებისმიერი საწმენდი ხსნარის გამოყენებისას ჯერ აუცილებლად დატესტეთ მცირე მონაკვეთზე შეუმჩნეველ ადგილას, რათა დარწმუნდეთ, რომ ხსნარი არ დააზიანებს თავად ავეჯის ზედაპირს.

ეს საყურადღებოა: უნივერსალური საწმენდი ხსნარის ნარჩენები ავეჯის ზედაპირიდან კერხერის ქიმიური წმენდის აპარატით შეგიძლიათ მოაშოროთ. ეს სწრაფი და ეფექტური ვარიანტია თუ, მაგალითად, ქსოვილი რთულად გასაწმენდია და ავეჯის გადასაკრავის ბოლო წმენდის შემდეგ შეამჩნიეთ, რომ ბოჭკოებში საწმენდი ხსნარის ნარჩენები დარჩა. მაგრამ, ისევე, როგორც ორთქლის აპარატის გამოყენებისას, ჯერ აუცილებლად მცირე მონაკვეთზე უნდა გატესტოთ, მოწყვლადია თუ არა ქსოვილის მასალა აპარატის მიმართ.

უნივერსალური საწმენდი ხსნარით წმენდა: დეტალური ინსტრუქცია

  1. პირველ რიგში ავეჯის ზედაპირიდან მოაშორეთ ზედაპირული და უხეში ჭუჭყი. ყველაზე მარტივი იქნება თუ მტვერსასრუტს გამოიყენებთ.

  2. აავსეთ ქიმიური წმენდის აპარატის ავზი წყლით და დაამატეთ ხალიჩებისა და ქსოვილების წმენდის შესაფერის სპეციალური საწმენდი ხსნარი იმ რაოდენობით, როგორც კონკრეტული ინსტრუქცია გიკარნახებთ.

  3. მიღებული ნაზავი მიასხურეთ გასაწმენდ ზედაპირს. აპარატის გამოყენებისას შეინარჩუნეთ მინიმუმ 10 სანტიმეტრიანი დაშორება თავაკსა და გასაწმენდ ზედაპირს შორის. ხსნარს აცადეთ რამდენიმე წუთი, რომ კარგად იმუშაოს. 

  4. გადაატარეთ ავეჯს სპეციალური თავაკი, რათა მოაშოროთ ნესტის უმეტესი ნაწილი.

  5. წმენდისას დარწმუნდით, რომ წყლისა და ხსნარის ნაზავი თანაბარი რაოდენობით გაანაწილეთ ავეჯის ზედაპირზე, და რომ ზედაპირი სრულად დაფარულია ხსნარით. წინააღმდეგ შემთხვევაში გაშრობისას ქსოვილზე წყლის ნაკვალევი დარჩება. 

  6. პროცედურა იქამდე გაიმეორეთ, სანამ არ დარწმუნდებით რომ ყველანაირი ჭუჭყი და ნესტი, რისი აღებაც აპარატის დახმარებით შეიძლებოდა, ბოლომდე აღებულია და აპარატს აღარაფერი მიყვება. 

  7. თუ საჭიროა, ერთი-ორჯერ სუფთა წყალი მიასხურეთ ავეჯის ზედაპირს (ტემპერატურა მასალის მიხედვით შეარჩიეთ - ზოგი ქსოვილი თბილი წყლის მიმართ სენსიტიურია).

  8. აცალეთ ავეჯის გადასაკრავ ქსოვილს ბოლომდე გაშრეს. დარწმუნდით რომ ოთახი თუ მანქანა გაშრობის პროცესში კარგად ნიავდება. 

  9. როდესაც დარწმუნდებით რომ ავეჯი სრულიად მშრალია (უმეტეს შემთხვევაში წმენდიდან მეორე დღეს უკვე მშრალი უნდა იყოს, თუმცა სიცივეში შეიძლება მეტი დროც დასჭირდეს), კიდევ ერთხელ ფრთხილად გადაატარეთ მტვერსასრუტი. 

  10. ბოლოსთვის შეგიძლიათ ტექსტილის დამცავიც მიასხუროთ - აუცილებელი არაა, თუმცა დაიცავს ავეჯის გადასაკრავ ქსოვილს და შემდეგი წმენდის ჩატარება შედარებით გვიან იქნება საჭირო.

ამ მეთოდის გამოყენებით, შეძლებთ განაახლოთ ძველი დივანი ან მოაშოროთ მანქანის სავარძლებს სიღრმისეულად ჩამჯდარი ძველი ჭუჭყი. თუმცა, სანამ ამ გზას მიმართავთ ყოველთვის შეამოწმეთ მასალის წყალგამძლეობა, იდეალურ შემთხვევაში შეუმჩნეველ ადგილზე. ქიმიური წმენდის აპარატი განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სარეცხი საშუალების მისასხურებლად, ისე ჭუჭყთან ერთად მისი შეწოვისთვის.

ჯიუტი ლაქებისთვის: ჭავლით წმენდა

ავეჯის გადასაკრავი ქსოვილები, მანქანის სავარძლები და ლეიბები მოკლე ჩამონათვალია იმ ნივთებისა, რომლებსაც ბევრი სიღრმისეულად სწორედ ქიმიური წმენდის აპარატით წმენდს.  პრინციპი მარტივია: წყალი და საწმენდი სითხე აპარატის ავზში ირევა, შემდეგ ესხურება საწმენდ ზედაპირს და უკან შეიწოვება. გაშრობის შემდეგ კი ავეჯს კვლავ მტვერსასრუტით წმენდენ. ეს მეთოდი განსაკუთრებით სიღრმისეულია და გაშრობის დრო გაცილებით მოკლეა ხელით რეცხვასთან შედარებით. ჯიუტი ლაქების ამოყვანისთვის ეფექტურია ორთქლით წმენდის აპარატიც. თუმცა ამ უკანასკნელის გამოყენებისას სიფრთხილე გვმართებს, რადგან ფაქიზი ქსოვილები მაღალი ტემპერატურის მიმართ ხშირად მოწყვლადია.

ზედაპირული ჭუჭყისთვის: მტვერსასრუტით წმენდა

ზედაპირული ჭუჭყი - მაგალითად მტვერი და ნამცეცები - თითქმის ნებისმიერი ტიპის ქსოვილიდან მარტივად შორდება მტვერსასრუტის დახმარებით ისე, რომ დამატებით არაფერი სჭირდება. თუმცა მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ავეჯის გადასაკრავი ქსოვილის მასალის შესაფერისი რეჟიმი. განსაკუთრებით საფუძვლიანი წმენდისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექსტილის თავაკი, რომელიც კარგად აშორებს ჯიუტ ჭუჭყს, შინაური ცხოველების თმას და ლეიბებში ჩამჯდარ მავნე ტკიპებსაც კი, თუმცა თითქმის უნივერსალურია და ხშირად რბილი ავეჯის გასაწმენდად უვნებლად გამოიყენება (თუმცა სტანდარტულად ზედაპირზე გატესტვა აქაც აუცილებელია).

რატომ უნდა იწმინდებოდეს ავეჯის გადასაკრავი ქსოვილები რეგულარულად:

დივნები და სავარძლები მისაღებ ოთახში კომფორტის შესაქმნელად აუცილებელი ელემენტებია - მაგრამ მათ ესთეტიკურთან ერთად პრაქტიკული დატვირთვაც დიდი აქვთ. და რადგან ხშირად ვიყენებთ, ლაქების გაჩენაც გარდაუვალი ამბავია. იმისთვის, რომ რბილი ავეჯი დიდხანს გემსახუროთ, სწორი მოვლა და რეგულარული წმენდა აუცილებელია:

  • რეგულარული წმენდისას ნაკლებია შანსი ღრმად ჩაჯდეს ჭუჭყი;
  • უფრო მარტივად შორდება ლაქები;
  • კარგია ჯანმრთელობისთვისაც, რადგან არ გროვდება შინაური ცხოველების ბეწვი და ხელს უშლის მავნე ტკიპების ჩაბუდებას;
  • რბილი ავეჯი არა მხოლოდ უკეთესად გამოიყურება, არამედ უფრო დიდი ხანიც გვემსახურება.


პრინციპი იგივეა, როდესაც ლეიბებსა და მანქანის სავარძლებზე ვსაუბრობთ - რაც უფრო რეგულარულად გავწმენდთ ზედაპირებს, მით უფრო ნაკლები დრო დაგვეხარჯება თითო პროცესზე და უფრო დიდხანს გვემსახურება ნივთი.