ბაღის ავეჯის წმენდა: რჩევები სხვადასხვა მასალის მოვლისას
ოქტომბერი 15 2024
საცხოვრებელი სივრცის წინა ნაწილი - იქნება ეს ტერასა თუ აივანი - გაცილებით უფრო მიმზიდველად გამოიყურება, როდესაც გემოვნებით შერჩეული ავეჯით არის გაწყობილი. გარე სივრცეში დალაგებულ მაგიდასა და სკამებს კი ერთი ორად მეტი ყურადღების მიქცევა სჭირდებათ, საუკეთესო სახის შესანარჩუნებლად.
ბაღის ავეჯის წმენდისას ხშირად იგივე პრობლემა იჩენს თავს, რაც ბევრ ახალ წამოწყებას ახასიათებს: თავიდან ძალიან მოტივირებული ვეჭიდებით ახალ პრობლემებს, მაგრამ დროთა განმავლობაში რუტინა დამღლელი ხდება, პაუზა დიდხანს იწელება და ყოველი შემდეგი წმენდის პროცესი უფრო მეტ დროს მოითხოვს, რადგან ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორება უფრო რთულია.
ამიტომ უნდა გვახსოვდეს, როგორ არამიმზიდველადაც არ უნდა ჟღერდეს, იმისათვის რომ ბაღის ავეჯი მაქსიმალურად დიდხანს გვემსახუროს და ამასთან ახალივით გამოიყურებოდეს. საჭიროა რეგულარულად გაიწმინდოს - და თან იმ რჩევების გამოყენებით, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება იმ კონკრეტულ მასალას, რომლისგანაც დამზადებულია.
რა უნდა გახსოვდეთ ბაღის ავეჯის გაწმენდისას?
სანამ იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა ინსტრუმენტები და მოვლის პროდუქტებია საჭირო ბაღის ავეჯის გასაწმენდად და როგორ უნდა მოვუაროთ სხვადასხვა მასალას, მოდით ჯერ იმ ძირითად ინფორმაციას გავეცნოთ, რომელიც საერთოდ წმენდის პროცესში დაგვჭირდება.
ბაღის ავეჯის გაწმენდა არ ნიშნავს მხოლოდ ზედაპირული ჭუჭყისა და მტვრის მოცილებას იმისთვის, რომ ნივთი ახალივით გამოიყურებოდეს. პროცესი ასევე მოიაზრებს ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყისა და ლაქების მოცილებას; მავნე ნადების, რომელმაც შეიძლება მასალა დააზიანოს, განვითარების პრევენციას; ხავსისა თუ სოკოს დაბუდების თავიდან აცილებას. სწორედ ამიტომ სანამ ბაღის ავეჯის წმენდას დაიწყებთ, უმჯობესია ზედაპირულად მაინც გაეცნოთ მოვლის შესახებ ინფორმაციას, რათა თქვენი ავეჯი მაქსიმალურად დაიცვათ და პირიქით, წმენდის პროცესში ზიანი არ მიაყენოთ.
ბაღის ავეჯის გასაწმენდად დიდი ალბათობით დაგჭირდებათ შემდეგი პროდუქტებიდან რამდენიმე მაინც (ზუსტი ჩამონათვალი ჭუჭყის მოშორების სირთულეზე იქნება დამოკიდებული):
- საწმენდი ჯაგრისი და/ან ღრუბელი
- თბილი წყალი და ჭურჭლის სარეცხი სითხე
- ხელის ჯაგრისი, ცოცხი და სათლი
- შლანგი გამფრქვევი თავაკით ან რეგულირებადი სარწყავი
- შესაბამისი აქსესუარებით აღჭურვილი (მაგ. საწმენდი ჯაგრისი) მაღალი წნევით რეცხვის აპარატი სპეციალურ საწმენდ პროდუქტებთან ერთად
- შესაბამისი დამცავი ტანსაცმელი
როდის უნდა გაიწმინდოს ბაღის ავეჯი?
ბაღის ავეჯი უნდა გაიწმინდოს წელიწადში მინიმუმ ორჯერ. უმჯობესია თუ ყოველი წმენდის სესია გარდამავალი სეზონის დასაწყისში დაიგეგმება - პირველი ადრე გაზაფხულზე, როდესაც ბაღის განახლების სეზონი იწყება (ხეების გასხვლა, ნიადაგის ნერგებისთვის მომზადება და ა.შ.) და მეორე შემოდგომაზე, როდესაც დგება დრო ბაღი ზამთრისთვის მოამზადოთ. სანამ დაგეგმავდეთ, აუცილებლად შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი ბაღის ავეჯის წმენდა ყოველთვის ისეთ პერიოდზე უნდა დაიგეგმოს, როდესაც რამდენიმე მშრალი დღე მისდევს ერთმანეთს. ეს საშუალებას მისცემს თითოეულ ნივთს სრულად გაშრეს (ახალგაწმენდილი ნესტიანი ავეჯი უფრო მოწყვლადია ბუნებრივი ნალექისადმი). ამასთან თუ იყენებთ დამცავ ზეთსა თუ ლაქს, (მაგ. ხის ავეჯის გაჟღენთისთვის) დამატებითი დრო სიმშრალეში ორმაგად საჭიროა - თუ დამცავს საკმარისი დრო არ მიეცა სამოქმედოდ, ნალექი მას უბრალოდ ჩამორეცხავს. პროდუქტსაც დაკარგავთ და ავეჯიც შესაბამისად დაცული არ იქნება მომავალ სეზონამდე, რაც, დიდი ალბათობით, იმას ნიშნავს რომ უფრო მალე იქნება თავიდან გასაწმენდი.
ამაში არაფერია ცუდი. ბაღის ავეჯი თავისუფლად შეგიძლიათ უფრო ხშირად გაწმენდოთ, თუ ასე გსურთ. თუმცა, მეორეს მხრივ ისიც გასათვალისწინებელია თუ რა მასალისგანაა დამზადებული ავეჯი, რამდენად მოწყვლადია ის ამინდის ზემოქმედების მიმართ და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ თქვენი სკამები, მაგიდები და ა.შ. პრეზენტაბელურად გამოიყურებოდეს. თუ ავეჯი მთელი წლის განმავლობაში რჩება გარეთ ამინდის პირობების მიუხედავად, რასაკვირველია ის უფრო სწრაფად გაჭუჭყიანდება და შესაბამისად, უფრო ხშირად იქნება საჭირო მისი გაწმენდაც. ხოლო თუ ბაღის ავეჯს ძირითადად მშრალ ადგილას ინახავთ, მაშინ გაწმენდაც გაცილებით უფრო იშვიათად იქნება საჭირო და გაცილებით ნაკლებ დროსაც წაიღებს. უპრიანია შემოდგომისა და ზამთრის თვეებში, როდესაც წვიმა და თოვლი უფრო ხშირია, მაინც შეინახოთ ავეჯი მშრალ ადგილას, მაგალითად ფარდულში ან სარდაფში.
როგორ გავწმინდოთ ხის, პლასტმასის თუ სხვა მასალებისგან დამზადებული ბაღის ავეჯი?
მართალია პროცესის მთავარი წესები ერთია, დეტალები ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასალისგანაა გასაწმენდი ავეჯი დამზადებული:
პლასტმასა
თუ პლასტმასის ავეჯი 24/7-ზე გარეთ იქნება სეზონების მიუხედავად, დროთა განმავლობაში ის აუცილებლად ფერს იცვლის, გაყვითლდება და გახუნდება. ამ სიყვითლისა და გახუნების მოშორება შეიძლება სპეციალური პლასტმასის საწმენდი ხსნარით. ჩვეულებრივი უნივერსალური საწმენდი ხსნარებისგან განსხვავებით, ამ ტიპის სარეცხი საშუალება შეიცავს აქტიურ ჭუჭყის მოსაშორებელ ნივთიერებას, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურად წმენდს პლასტმასის ბაღის ავეჯს.
ხე
მდგრადი ხის ტიპები, როგორიცაა ტექის ხე, ევკალიპტი ან თეთრი აკაცია, ბუნებრივად ამინდგამძლეა საკუთარი ეთერზეთების გამო. მათგან განსხვავებით, რბილი ჯიშის ხისგან (მაგ. წიფელი ან ნაძვი) დამზადებული ბაღის ავეჯი მეტ მოვლას საჭიროებს. წმენდის პროცესში ყოველთვის იმოძრავეთ მერქნის ბოჭკოების მიმართულებით, მაქსიმალურად ეცადეთ თავი აარიდოთ აგრესიულ წმენდის პროდუქტების გამოყენებას, იქნება ეს მავთულის ჯაგრისები თუ ძლიერი საწმენდი ხსნარები. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის საშუალებას იყენებთ - თავად ამზადებთ მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველ მსუბუქ საპონს თუ სპეციალიზებულ მაღაზიაში ყიდულობთ ხის საწმენდ ხსნარს - თუ გახსნილი ჭუჭყის ნარჩენებს კარგად არ ჩამოირეცხავთ, ნალექი აუცილებლად დააზიანებს ზედაპირს. ჩამორეცხვის შემდეგ ავეჯი აუცილებლად უნდა გაპრიალდეს მშრალი ნაჭრით და ზეთით დამუშავდეს.
როტანგი
როტანგი გადახლართული და უსწორმასწორო ბუნებრივი მასალაა, ამიტომ მისი წმენდის პროცესი შედარებით რთულია. ხლართების გამო რთულია მისი ხელით გაწმენდა, მხოლოდ ჩვრის ან ნაჭრის გამოყენებით. დროთა განმავლობაში მოსალოდნელია ზედაპირზე ბზარების გაჩენა. გარდა ამისა, მოწნულ მასალაში არსებულ ღრეჩოებში მარტივად გროვდება ჭუჭყი, რომლის ამოყვანაც რთულია.
როტანგისგან დამზადებული ბაღის ავეჯის გაწმენდის ყველაზე ოპტიმალური გზა მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენებაა. მიზანმიმართული წყლის ჭავლი საწმენდ ხსნართან ერთად გაცილებით უფრო ეფექტურად აღწევს ღრიჭოებში და სწრაფად ამოაქვს დაგროვილი ჭუჭყი. მაგრამ მაღალი წნევით რეცხვის აპარატს თუ გამოიყენებთ, აუცილებლად დარწმუნდით, რომ ყველაზე დაბალი წნევის პარამეტრზე გაქვთ დაყენებული და დაიცავით მინიმუმ 40-50სმ დისტანცია ავეჯიდან - როტანგი მგრძნობიარე მასალაა და ახლოდან რეცხვისას თუ ჭავლის ძლიერ პარამეტრზე დაყენებისას მაღალია შანსი წმენდის პროცესში დააზიანოთ. სანამ დაიწყებთ, ჩაიცვით შესაბამისი დამცავი ტანსაცმელი, დაგჭირდებათ მინიმუმ სქელი ხელთათმანები და დამცავი სათვალე.
ვინაიდან როტანგი განსაკუთრებით ამინდგამძლე არ არის, მყიფეა, მიდრეკილია ბზარებისკენ და ხშირად უჩნდება მუქი ლაქები, უმჯობესია მისგან დამზადებული ბაღის ავეჯი შემოდგომისა და ზამთრის თვეებში მაინც ფარდულში შეინახოთ.
ეს საყურადღებოა: კარგია თუ როტანგის ავეჯს დროდადრო მსუბუქად დაასველებთ, ეს მას მოქნილობას შეუნარჩუნებს. მაგრამ ფრთხილად იყავით და არ გადააჭარბოთ პროცესში: პროცედურა არც ისე ხშირად უნდა გაიმეოროთ და ბევრი წყალიც არ უნდა გამოიყენოთ - ზედმეტმა წყალმა შეიძლება როტანგი მყიფე გახადოს. ამიტომ, საფუძვლიანი გაწმენდის შემდეგ, დარწმუნდით, რომ ავეჯი ყოველთვის სრულიად შრება.
ლითონი
ლითონის ბაღის ავეჯი ყოველთვის უნდა ბზინავდეს. ლითონი მდგრადი მასალაა, ამიტომ მისგან დამზადებული ბაღის ავეჯის გაწმენდა სხვა მასალებთან შედარებით უფრო ადვილია. ლითონის სკამებისა და სკამების გაწმენდის ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა ისევ მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენებაა. ჭუჭყის კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად მოსაშორებლად შეგიძლიათ შესაფერისი აქსესუარებიც დაიხმაროთ, მაგალითად აპარატზე დასამაგრებელი სარეცხი ჯაგრისი.
თუმცა როტანგისგან განსხვავებით, ლითონის ავეჯის ეფექტურად გაწმენდა ხელითაც შესაძლებელია, ჩვეულებრივი ღრუბლის, საწმენდი ხსნარისა და თბილი წყლით გამოყენებით. ეს პროცესი გაცილებით მეტ დროს წაიღებს, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც მბზინვარე ბაღის ავეჯი იქნება.
აი იმ შემთხვევაში კი თუ შეამჩნევთ, რომ ავეჯზე ჟანგის ლაქები გაჩნდა, აუცილებლად დაიხმარეთ მაღალი წნევით რეცხვა - ჟანგის ლაქების ხელით მოშორება ბევრად გაგიჭირდებათ აპარატის გარეშე.
ქსოვილი
ბაღის ავეჯი სრულად სუფთად ვერ ჩაითვლება, თუ პროცესში სკამის ბალიშები, საფენები და გადასაკრავებიც არ გაირეცხა. ზედაპირული დაბინძურება, როგორიცაა მაგალითად მტვერი ან ფოთლები სწრაფად და მარტივად მოშორდება ხელის ჯაგრისით. მაგრამ ბაღის ავეჯზე ხშირად უფრო რთული ლაქებიც ჩნდება. მაგალითად, თუ ეზოში სადილისას კერძის ნაჭერი დაგივარდათ ან სასმელი დაგესხათ, ლაქების ამოსაყვანად მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ.
ცხიმოვან ლაქებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღი სარეცხი მანქანაა. გადასაკრავების უდიდეს ნაწილს გვერდზე ელვა შესაკრავი აქვს და მარტივად შეიძლება მათი მოხსნა. იმ შემთხვევაში, თუ გადასაკრავი არ იხსნება დაგვჭირდება ცოტა მეტი დრო და ძალისხმევა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი საწმენდი ჯაგრისები, ღრუბლები ან ნაჭრები. დაამატეთ ცოტა ჭურჭლის სარეცხი სითხე ან სარეცხი საშუალება თბილ წყალს, დაალბეთ თქვენი საწმენდი იარაღი და საფუძვლიანად (მაგრამ არა ზედმეტად მაგარი დაწოლით) გახეხეთ დალაქავებული ადგილი წრიული მოძრაობებით. განსაკუთრებით ჯიუტი ლაქების შემთხვევაში შესაძლოა ჩვეულებრივი საწმენდი საშუალებები არ იყოს დიდად ეფექტური და უნივერსალური ლაქების მოსაშორებლის გამოყენება გახდეს საჭირო. გადასაკრავები ასევე შეგიძლიათ გაწმინდოთ ხალიჩის საწმენდი ხსნარის გამოყენებით. ცვეთისგან დასაცავად კი საუკეთესო გამოსავალია ბალიშების მოხსნა და სადმე შენახვა ყოველი გამოყენების შემდეგ.
უხეში ჭუჭყისა და სიღრმისეული ლაქების მოშორება
პირველ რიგში, სანამ წმენდის პროცესს დაიწყებთ, გასაწმენდი ნივთის გარდა, ყველა სხვა ბაღის ავეჯი მოაშორეთ ტერასიდან. თუ ავეჯის წმენდას ერთმანეთის სიახლოვეს დაიწყებთ, ჭუჭყის ნარჩენები აუცილებლად გაიფანტება და ავეჯიც დიდი ალბათობით თავიდან დაბინძურდება. ამის შანსები განსაკუთრებით მაღალია თუ მაღალი წნევით რეცხვის აპარატს იყენებთ. ამიტომ გასაწმენდი ავეჯი გაარიდეთ სხვა დანარჩენს და თავის ადგილას გასაშრობად დააბრუნეთ. დრო და ენერგია ცოტა მეტი დაიხარჯება ვიდრე უბრალოდ წყლის ჭავლის პირდაპირ მიშვებისას, სამაგიეროდ შედეგი უფრო ეფექტური იქნება და განმეორებითი წმენდის პროცედურაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება საჭირო.
სანამ ბაღის ავეჯის სველი წმენდის ეტაპზე გადახვალთ, ხელის ჯაგრისით მოაშორეთ მთელი ზედაპირული მტვერი და თავისუფალი ჭუჭყი. შემდეგ. თუ ბაღის ავეჯის მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გარეშე უნდა გაწმინდოთ, ბაღის მაგიდა და სკამები შლანგის ჭავლით გაწმინდეთ. სპეციალურ მისამაგრებელი აქსესუარები, როგორიცაა სარწყავი თავაკი, დაგეხმარებათ უფრო ეფექტურად მიმართოთ ჭავლი და სწრაფად გაწმინდოთ ავეჯი. ეს მიდგომა საკმაოდ კარგად აშორებს მტვერს, ლაქებს, ფრინველების ექსკრემენტებს და მწერების ნარჩენებს.
შემდეგ აიღეთ ღრუბელი ან საწმენდი ჯაგრისი და კარგად გახეხეთ დასველებული ზედაპირები თბილ წყალში გახსნილი რბილი საპნით ან სპეციალური საწმენდი ხსნარით. შემდეგ ჩამორეცხეთ დარბილებული ჭუჭყი და გადაუსვით ზედაპირებზე მშრალი ნაჭერი ან, კარგი ამინდის შემთხვევაში, პირდაპირ აცალეთ მზეზე გაშრობა. ხის ავეჯის შემთხვევაში, შეიძლება აღმოაჩინოთ გაუფერულება - ადგილ-ადგილ გაჩენილი მონაცრისფრო ლაქები. ამ კერებზე ადგილობრივ წაუსვით სპეციალური გაუფერულების საწინააღმდეგო საშუალება და დატოვეთ შეკვრაზე მითითებული ინსტრუქციით გათვალისწინებული დროით. შესაბამისი დროის გასვლის შემდეგ, აკურატულად ჩამორეცხეთ საშუალება სუფთა წყლით (ან გაწმინდეთ ინსტრუქციის შესაბამისად).
ბაღის ავეჯის წმენდა მაღალი წნევით რეცხვის აპარატით
მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენება მნიშვნელოვნად დაგაზოგვინებთ დროსა და ძალისხმევას ბაღის ავეჯის გაწმენდისას. ძალიან ჯიუტი, ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის ამოსაყვანად შესაძლოა საჭირო გახდეს სპეციალური აქსესუარის - სარეცხი ჯაგრისის - აპარატზე მიმაგრება. ბევრს ჰგონია რომ ჯაგრისი წყალს ფლანგავს და კარგია მხოლოდ ზედაპირული წმენდისთვის, მაგრამ ეს შეცდომაა. მაღალი წნევით რეცხვის აპარატის დახმარებით შეგიძლიათ მიზანში ამოიღოთ სწორედ ის მცირე კერები, რომლებზეც განსაკუთრებით ღრმად ჩამჯდარი ლაქებია. ეს საშუალებას გაძლევთ გაწმინდოთ ბაღის ავეჯი წყლის გაფლანგვის გარეშე.
თუმცა გახსოვდეთ რომ მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენებისას სიფრთხილე გმართებთ! ყველა მასალა ვერ უძლებს სტანდარტული მაღალი წნევითა და საწმენდი სითხეებით წმენდას. ხე ბუნებრივი მასალაა და საკმაოდ მგრძნობიარედ რეაგირებს ტენიანობაზე თუ საწმენდ საშუალებებზე - დამოკიდებულია ტიპსა და დამზადების წესზე. მაგარი ჯიშის ხისგან დამზადებული ბაღის ავეჯი, როგორიცაა თეთრი აკაცია, მუხა, ტექას ხე ან ბამბუკი თავისუფლად შეიძლება გაიწმინდოს მაღალი წნევის რეცხვის აპარატით. მაგრამ, მაგალითად, ნაძვის ან წიფლის ხისგან დამზადებულ ავეჯთან განსაკუთრებული სიფრთხილით მიდგომაა საჭირო - ჭარბი წყლის წნევის ან უხეში მოწყობილობების გამოყენების შემთხვევაში მაღალია შანსი მათი ზედაპირი სწრაფად დაზიანდეს.
როგორ გავწმინდოთ ბაღის ავეჯი მაღალი წნევით რეცხვის აპარატითა და სპეციალური სარეცხი ხსნარით:
- პირველ რიგში, მოაშორეთ ბაღის ავეჯს ზედაპირული უხეში ჭუჭყი. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მოწყობილობის "SOFT" ან "HARD" პარამეტრები წნევის გასაზრდელად ან შესამცირებლად. აქ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სტანდარტული გამფრქვევი აქსესუარი და ბაღის სარწყავი მილი.
- ჩადეთ მაღალი წნევით რეცხვის აპარატის შლანგი ბოთლში ან ჩაასხით სარეცხი ხსნარი რეზერვუარში და დააყენეთ ჭავლის მილი "MIX" პარამეტრზე. ეს უზრუნველყოფს გაფრქვევისას სარეცხი ხსნარის შერევას წყლის ჭავლთან.
- დააყენეთ აპარატი ყველაზე დაბალი წნევის პარამეტრზე და ისე შეასხურეთ საწმენდი ხსნარი ბაღის ავეჯს. დატოვეთ დაახლოებით 30 წამით, დააყენეთ აპარატი შედარებით მაღალი წნევის პარამეტრზე (მასალის მედეგობიდან გამომდინარე) და კარგად ჩამორეცხეთ მოშორებული ჭუჭყი. შესაძლოა ამ პროცედურას გარკვეული დრო და რამდენჯერმე გამეორება დასჭირდეს, განსაკუთრებით თუ ჭუჭყი ჯიუტია და ღრმად ზის. როდესაც ჭუჭყი სრულიად ამოვა, გადაავლეთ ბაღის ავეჯს სუფთა წყლის მსუბუქი ჭავლი და დატოვეთ კარგად გასაშრობად.
როგორ ავირჩიოთ ბაღის ავეჯის საწმენდი ხსნარი?
ისეთი ბაღის ავეჯის გაწმენდა, რომელსაც ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყი და ნაცრისფერი ლაქები ახასიათებს გაცილებით უფრო ადვილდება, თუ სპეციალურ საწმენდ ხსნარებს და ავეჯის მოვლის საშუალებებს გამოიყენებთ.
რომელია ყველაზე ოპტიმალური პროდუქტი? არ არსებობს ერთი საუკეთესო, ყველაფერი დამოკიდებულია დასამუშავებელ მასალაზე. თუმცა თუ დარწმუნებული არ ხართ არჩევანში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ან უნივერსალური საწმენდი სითხე ან სპეციალური კონცენტრატი.
ხისგან დამზადებულ ბაღის ავეჯს გაწმენდის შემდეგ შეიძლება წაესვას სპეციალური ხის კონსერვანტი. ეს უზრუნველყოფს ზედაპირის დალუქვას და ამავე დროს იცავს მასალას ტენის შეღწევისგან.
ავეჯის წმენდის ისეთი საშუალებები, როგორიცაა, მაგალითად 3-ში-1 ხის საწმენდი ხსნარი, მოხერხებულია იმით, რომ პირდაპირ ერევა მაღალი წნევით რეცხვის აპარატის წყლის ჭავლს და აღარაფერი დამატებით არ სჭირდება.