აბაზანის დასუფთავება: როგორ გავწმინდოთ სივრცე

იანვარი 09 2025

სააბაზანოს წმენდა
სააბაზანოს წმენდა

სახლის არცერთ ოთახში არ არის სისუფთავე და ჰიგიენა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც აბაზანაში. ტუალეტის, კაფელის, აბაზანის, საშხაპესა და ნიჟარის დასუფთავების სწორ გზაზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. ამ ბლოგში გაზიარებული პროფესიონალური რჩევებით კი აბაზანის ჭუჭყი და ნადები დიდ პრობლემად აღარ მოგეჩვენებათ.  

აბაზანის სწრაფი და მარტივი დასუფთავება: მთავარი რჩევები

სახლში პატარა, ფუნქციური სველი წერტილი გაქვთ თუ დიდი, მოცულობითი სივრცე, ორივე შემთხვევაში სისუფთავე ერთნაირად მნიშვნელოვანია. გარდა ვიზუალური იერსახისა, ჰიგიენური მიზეზების გამოც აუცილებელია აბაზანის რეგულარული დასუფთავება: ნაკლებჰიგიენური გარემო ხელს უწყობს ბაქტერიებისა და სოკოების გამრავლებას, ასევე, ობის წარმოქმნას. მაღალი ტენიანობა და სითბო იდეალური გარემოა ამ პრობლემებისთვის. ამიტომ ზედაპირების, სველი წერტილების, ტუალეტისა და კაფელის სისტემატური წმენდა ძალიან მნიშვნელოვანია.

რამდენად ხშირად უნდა გაიწმინდოს აბაზანა?

აბაზანის დასუფთავების სიხშირე ძირითადად მისი მოხმარების ინტენსივობაზეა დამოკიდებული. მაშინ როდესაც აბაზანას ერთი ადამიანი მოიხმარს, ის ნაკლებად აბინძურებს სივრცეს, განსხვავებით მრავალწევრიანი ოჯახისაგან. ამიტომ აბაზანის დასუფთავების სიხშირე მოხმარების შესაბამისი უნდა იყოს.  სასურველია, სრული წმენდა კვირაში ერთხელ მაინც ჩატარდეს. რაც შეიძლება მალე გაწმინდეთ საპნისა და კბილის პასტის ნარჩენები ნიჟარებიდან, ხოლო ონკანების ზედაპირები რამდენიმე დღეში ერთხელ გაასუფთავეთ, რათა წყლის ლაქები წარმოიქმნა თავიდან აირიდოთ. იდეალურია, თუ თითოეულ ხელის დაბანაზე ონკანებს რბილი ქსოვილით გაწმენდთ – ასე წყლის წვეთების ლაქებს სრულად გააქრობთ. 

აბაზანის კაბინებისა და ვანების ზედაპირების ყოველი გამოყენების შემდეგ საფუძვლიანი ჩამორეცხვა და გაშრობა სისუფთავის ხანგრძლივად შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. იატაკიდან თმისა და მტვრის მოშორებისათვის მტვერსასრუტის გამოყენება რამდენიმე დღეში ერთხელ შეგიძლიათ. დამატებით, კაფელის მოწმენდა ყოველ 1–2 კვირაში ერთხელ აუცილებელია, რათა ის ჩამჯდარი ჭუჭყისაგან გაწმინდოთ.

რჩევა:

შხაპის შემდეგ აბაზანის ფანჯრებზე წყლის ორთქლის დაგროვება შესაძლოა დროთა განმავლობაში ობის წარმოქმნის მიზეზი გახდეს. ამიტომ, რეგულარულად გაანიავეთ აბაზანა, რათა  სივრცე ტენისაგან გათავისუფლდეს. ფანჯრები რამდენიმე თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს.

აბაზანის დასუფთავების ეტაპები და მახასიათებლები

მიუხედავად იმისა, რომ კაფელისა და კერამიკული ზედაპირების გასუფთავება შედარებით მარტივია, აბაზანის დასუფთავებისას გარკვეულ დეტალებზე ყურადღება უნდა გამახვილდეს. ორგანული ნარჩენები, როგორიცაა კანის მკვდარი უჯრედები, თმა, საპნის ნარჩენები და წყლის  ნადები, როგორიცაა კირქვის დეპოზიტები, ქვის ნადები და ჟანგი, ხშირად გროვდება. მხოლოდ გაწმენდა ხშირად არ არის საკმარისი, ამიტომ აქ ჩნდება აგრესიული საწმენდი საშუალებების ან ფიზიკური ზეწოლის გამოყენების აუცილებლობა. თუმცა, არასწორი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა ზედაპირები დაზიანდეს. 

სწორი საწმენდი საშუალებების, რჩევებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით, ზედმეტი ფიზიკური ძალისხმევის გარეშე, თქვენ შეძლებთ აბაზანის სწრაფად და მარტივად დასუფთავებას.

კირქვის მოშორება აბაზანაში

სადაც წყალი რეგულარულად ეხება ზედაპირებს, დროთა განმავლობაში კირქვა წარმოიქმნება. ამიტომ აბაზანა ხშირად კირქვის ნადების მთავარი წარმოქმნის ადგილია, რაც ონკანებზე, კაფელსა და ნიჟარებზე ჩნდება. თუმცა, მარტივი საშუალებებითა და რამდენიმე მარტივი რჩევით, ჩამჯდარი კირქვის მოშორება და ახალი ნადების წარმოქმნის პრევენცია შესაძლებელია.

როგორ წარმოიქმნება კირქვა?

მაღალი კალციუმის კარბონატით მდიდარი წყალი, ანუ „კირქვიანი წყალი,“ კალციუმით მდიდარ ქანებში გავლის შედეგად წარმოიქმნება. რაც უფრო მაღალია კონცენტრაცია, მით უფრო ხისტია წყალი, შესაბამისად, უფრო მეტი ნადები წარმოიქმნება იმ ზედაპირებზე, რომლებთანაც კონტაქტში შედის. განსაკუთრებით ძლიერ ნადები წყლის გათბობის ან აორთქლების შედეგად ძირითადად ონკანებზე, ნიჟარებზე, კაფელსა და აბაზანაში ჩნდება.

კირქვის ლაქების მოშორება ორთქლის საწმენდით

თუ კირქვის ნადები ჯერ კიდევ არ არის სქელი, მათი მოშორება, ზედმეტი ფიზიკური ძალისხმევის გარეშე,  მარტივად შეგიძლიათ ორთქლის საწმენდი აპარატით. ამისთვის საჭიროა საქშენისა და მრგვალი ჯაგრისის გამოყენება. ნაზი ზედაპირების დასაცავად, უმჯობესია გამოიყენოთ მხოლოდ საქშენი. მიმართეთ საქშენი კირქვით დაზიანებულ ადგილებზე და უწყვეტად მიაწოდეთ ორთქლის ნაკადი მანამ, სანამ ნადები არ შესუსტდება და ზედაპირიდან არ მოიხსნება. თუ კირქვის მოშორება გართულდა ან რთულ წერტილშია, საქშენზე დაამაგრეთ მრგვალი ჯაგრისი და ეს ადგილი ძლიერი ორთქლის ნაკადითა და ხეხვით გაწმინდეთ.

თუ კირქვის ფენა ძალიან სქელია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონმჟავას საწმენდი ხსნარი. წაუსვით დაზიანებულ ადგილს ხსნარი, დაელოდეთ ნახევარ საათით და შემდეგ გამოიყენეთ ორთქლის საწმენდი. ასე კირქვის ნარჩენების მოშორება გაცილებით მარტივი იქნება.

კირქვის მოსაშორებელი საუკეთესო საყოფაცხოვრებო საშუალებები

კირქვის მოშორება სოდით

სოდა სხვადასხვა საოჯახო საქმეებში გამოიყენება, მათ შორის ალუმინის ზედაპირებიდან კირქვის მოსაშორებლადაც. ამისათვის, შეურიეთ წყალი და სოდა. მიღებული სქელი პასტა წაუსვით დაზიანებულ ზედაპირს, დაელოდეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ სუფთა წყლით ჩამორეცხეთ ან ნესტიანი ქსოვილით გაწმინდეთ.  

გარდა კირქვის წინააღმდეგ გამოყენებისა, სოდა ასევე ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს და წმენდს მილებს.

კირქვის მოშორება ძმრით

ძმარიც ეფექტური საშუალებაა კირქვის ნადების მოსაშორებლად. ძმრის ესენცია შეიძლება გამოყენებულ იქნას განზავების გარეშე ძლიერი კირქვის დასაშლელად, ხოლო მსუბუქი ნადებისთვის – წყლით განზავებული ხსნარი. ლიმონის მჟავასაც იგივე მოქმედება აქვს და მისი გამოყენებაც ანალოგიური მიდგომით შეგიძლიათ.

საუკეთესო მეთოდია ბამბის ან მიკროფიბერის ნაჭრის ძმარში ან ლიმონის მჟავაში დასველება და შემდეგ დაზიანებული ზედაპირის გაწმენდა. დატოვეთ ნაჭერი ზედაპირზე გარკვეული დროით ან მთელი ღამით, შემდეგ კარგად ჩამორეცხეთ სუფთა, ცივი წყლით და გაამშრალეთ სუფთა ქსოვილით.

რჩევა: ონკანებიდან რთულად მოსაშორებელი კირქვის ნადებისთვის გამოიყენეთ „ბუშტის მეთოდი.“

კირქვის მოშორება კბილის პასტით

კბილის პასტისა და ძველი კბილის ჯაგრისის გამოყენებაც შესაძლებელია ონკანებიდან კირქვის ნადების მოსაშორებლად. წაუსვით კირქვის ნადებს კბილის პასტა, დაელოდეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ ჯაგრისით გაწმინდეთ. ბოლოს კი წყლით ჩამორეცხეთ. კბილის პასტა მოქმედებს როგორც სარეცხი საშუალება და ქრომისა თუ ალუმინის ზედაპირების ბრწყინვალებას უბრუნებს.

გაფრთხილება: ზოგიერთი მასალა, მათ შორის მარმარილო და ბუნებრივი ქვა, მგრძნობიარეა მჟავების მიმართ. ასეთ ზედაპირებზე არ გამოიყენოთ ძმარი ან ლიმონის მჟავა, სოდა უკეთესი არჩევანია.

კირქვის მოშორება საწმენდი საშუალებებით

თუ კირქვის ძლიერ ნადებს საწმენდი საშუალების გამოყენება გჭირდებათ, აირჩიეთ მჟავე საშუალება, რომლის pH 1-დან 4-მდე მერყეობს. გამოყენებამდე აუცილებლად გამოცადეთ საშუალება ნაკლებად შესამჩნევ ადგილზე. ძლიერმა მჟავებმა (დაბალი pH) შესაძლოა დააზიანოს ისეთი ზედაპირები, როგორიცაა ლითონები, ცემენტის ნაკერები, ანოდირებული ალუმინი და პლასტმასა. გამოიყენეთ რაც შეიძლება მსუბუქი საშუალებები და დარწმუნდით, რომ ისინი ეფექტურია.

ბაზარზე ასევე ხელმისაწვდომია ეკოლოგიური სერტიფიკატით (მაგალითად, EU Ecolabel) დამოწმებული სანიტარული საწმენდები, რომლებიც გარემოსთან ერთად ზედაპირებსაც ნაკლებად აზიანებს.

რჩევები კირქვის ნადების პრევენციისათვის

  • გამშრალება: ონკანები, აბაზანის კაბინები, კაფელი და მინის ზედაპირები გამოყენების შემდეგ ყოველთვის გააშრეთ, მაგალითად, მიკროფიბერის ნაჭრით ან რბილი ღრუბლით;

  • ცივი წყლით გარეცხვა: თუ  გაშრობის დრო არ გაქვთ, ჩამორეცხეთ საშხაპე, აბაზანა და ონკანები ცივი წყლით. ცივი წყალი უფრო ნაკლებ კირქვას ტოვებს, ვიდრე თბილი;

  • ორთქლის რეგულარული გამოყენება: ორთქლის საწმენდით ზედაპირების რეგულარული წმენდა  ხელს უშლის კირქვის წარმოქმნას, რადგან ორთქლს არ გააჩნია მინერალები და, შესაბამისად, არ ტოვებს ლაქებსა და ნადებს არ ტოვებს