საცხოვრებელი ფართის გაწმენდა: რჩევები მტვრისა და ჭუჭყის მოსაშორებლად
ივლისი 15 2024
სუფთა და მოწესრიგებული საძინებლები და მისაღები ოთახები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადამიანმა სახლში თავი კომფორტულად იგრძნოს. თუმცა დალაგება ხშირად დიდ დროსა და ძალისხმევასთან ასოცირდება. არადა სისტემატური მიდგომითა და სწორი რჩევების გათვალისწინებით, თქვენ შეგიძლიათ სახლი მინიმალური ძალისხმევით მოაწესრიგოთ.
სუფთა სახლი, სუფთა გონება
სისუფთავესა და მოწესრიგებულობას ხშირად ერთმანეთთან აიგივებენ, არადა მათ შორის განსხვავება საკმაოდ დიდია. მოუწესრიგებელი სახლის დალაგება ყოველთვის უფრო რთული ამოცანაა. ამიტომაც სანამ სახლის დასუფთავებას დაიწყებდეთ, ჯერ დარწმუნდით რომ ყველაფერი მოწესრიგებულია და თავისი ადგილი აქვს მიჩენილი.
როგორ მოვაწესრიგოთ სახლი გაწმენდამდე
სივრცის მოწესრიგება ყოველთვის უფრო მარტივია, როცა ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. თუ ნივთები მისალაგებელია, დაყავით ამოცანა პატარა ნაწილებად და სისტემატურად მიუდექით - ამით თავიდან აიცილებთ დიდ ქაოსამდე მისვლას.
დაიწყეთ ისეთი ნივთებით, რომლებისთვისაც ადგილის მიჩენა მარტივია და ცოტა დროს მოითხოვს. ნუ გადადებთ და “სამოქმედო გეგმას” ნუ შეადგენთ.
ნივთებს თავიანთი ადგილი უნდა ჰქონდეთ. გამოიყენეთ შესაბამისი კონტეინერები - მაგალითად ყუთები და კალათები - რომ ავეჯის ზედაპირები არ დაიტვირთოს (მაგრამ გახსოვდეთ, რომ კონტეინერებსაც ჭირდება პერიოდულად ადგილის მიჩენა და მოწესრიგება). ნუ დატვირთავთ ჰორიზონტალურ ზედაპირებს (მაგიდები, თაროები და ფანჯრის რაფები), თორემ მოგვიანებით მათ მოსაწესრიგებლად დიდი დრო და დიდი მოთმინება იქნება საჭირო.
მინიმალიზმი
მრავალი წიგნი დაწერილა მინიმალიზმზე, მაგრამ მაინც ღირს რამდენიმე ძირეული ასპექტი გავიხსენოთ: რაც უფრო ცოტა ნივთს ფლობს ადამიანი, მით ნაკლები დრო დასჭირდება, რომ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოს სანამ სახლის გაწმენდას დაიწყებს, და სახლიც მოწესრიგებულ მდგომარეობას უფრო დიდი ხანი შეინარჩუნებს. შეიძლება მარტივად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკაში მინიმალიზმის დანერგვა რთულია. აქაც ჯობია პატარა ნაბიჯებით დავიწყოთ და არ ვეცადოთ ყველა ზედმეტი ნივთი ერთ დღეში ვიპოვოთ და მოვაშოროთ.
დაუსვით კითხვა საკუთარ თავს: რატომ ფლობთ ამა თუ იმ ნივთს? ნამდვილად გვჭირდება ყველა მოგზაურობიდან ჩამოტანილი სუვენირის თაროზე შემოდება? იქნებ ჯობს ძველი წიგნები გავცე? როდის ჩავიცვი ბოლოს ეს ზედა? არ არის საჭირო იაპონელი დასუფთავების ექსპერტის, მარი კონდოს რადიკალური მიდგომით იმოქმედო - კვრის განმავლობაში რამდენიმე ნივთიც რომ მოიშორო, იგრძნობ ამდენად უფრო მარტივი გახდა სახლის დალაგება.
მარტივად მოსავლელი ავეჯი
ავეჯის და იატაკის მოპირკეთებისას გაითვალისწინეთ სამომავლოდ რა იქნება საჭირო მათ გასაწმენდად. ღია თაროები შესაძლოა ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდეს, მაგრამ მტვერი მათზე ადვილად გროვდება. დახურული კარადები და უჯრები შესაძლოა მსგავსად ეფექტურ ვიზუალს არ ქმნიდეს, სამაგიეროდ ბევრად უფრო ადვილია მათი სუფთად შენარჩუნება - თუ, რასაკვირველია, ზედმეტად არ გადაავსებთ.
ზოგ ნივთს სპეციფიკური ადგილის მიჩენა სჭირდება. მაგალითად, გამოყავით ცალკე თარო ჟურნალ-გაზეთებისთვის, და ნუ დააწყობთ მაგიდაზე. ნივთები, რომლებიც ხშირად გამოიყენება მარტივად მისაწვდომ ადგილებში უნდა იყოს შენახული.
ასევე მნიშვნელოვანია ზედაპირების მასალა და დიზაინი. ზოგ ავეჯზე მტვერი უფრო მარტივი შესამჩნევია. მუქი, გლუვი ზედაპირები, რომლებიც ერთი ფერისაა, განსაკუთრებით სწრაფად იმტვერება. ბუნებრივ ხის (ან ხის ვიზუალური ეფექტის მქონე) ზედაპირებზე მტვერი, როგორც წესი, ნაკლებად ჩანს.
საცხოვრებელი და საძილე ფართების გაწმენდა
პარკეტისა და ლამინატის წმენდა |
ხალიჩების წმენდა |
ავეჯის ქსოვილების წმენდა |
ფანჯრების წმენდა |
სარკეების წმენდა |
PVC და ლინოლეუმის წმენდა |
ფილების წმენდა |
ბუხრის წმენდა |
რჩევები შინაური ცხოველებისთვის |
რჩევები მტვრის გადაწმენდისას
წარმოიდგინეთ სცენა: სახლი სულ ახლად გაწმენდილია თავიდან ბოლომდე, ფანჯრები და კარები დახურულია მას შემდეგ რაც სივრცე სრულად განიავდა, ერთი სიტყვით ყველაფერი უნდა კრიალებდეს - და მაინც, ავეჯზე, სახლის მცენარეებსა და იატაკზე ისევ დევს მტვრის თხელი ფენა. სამწუხაროდ, მტვრის ტილო, ცოცხი და მტვერსასრუტი ხშირად მხოლოდ დროებითი პროფილაქტიკის იარაღებია. იქ, სადაც ხალხი ცხოვრობს, მტვერი ყოველთვის გარდაუვალად დაგროვდება.
საიდან ჩნდება მტვერი?
თუ მტვერს მიკროსკოპის ქვეშ დაათვალიერებთ, ნახავთ, რომ ის სხვადასხვა ზომის ნაწილაკების მთელი ნაზავია, კანის მკვდარი უჯრედებიდან დაწყებული, ხალიჩის ბოჭკოებითა და ყვავილის მტვრით გაგრძელებული და შინაური ცხოველების ბეწვითა და წვრილი მტვრით დამთავრებული. უარეს შემთხვევაში მტვერი შეიძლება შეიცავდეს მტვრის ტკიპებს, ბაქტერიებს და ობის სპორებსაც. ნაწილაკების ზომიდან და წონიდან გამომდინარე, მტვერი ან ზედაპირებზე იდება, ან მუდმივად ტრიალებს ჰაერში.
შესაბამისად, საყოფაცხოვრებო მტვრის შემადგენლობა განსხვავდება ოთახის, საცხოვრებელი კორპუსის მდებარეობის, იქ მაცხოვრებელთა რაოდენობისა და მათი ცხოვრების წესის მიხედვით. როგორც წესი, ჭუჭყის უმეტესი ნაწილი ჩვენს სახლებში ფეხსაცმელებით შეგვაქვს. მიზანშეწონილია გქონდეთ ფეხსაცმელების შესანახი ღია ბადე, ქოქოსის ან ტექსტილის კარის ხალიჩები ან თუნდაც რეზინის დასაფენი, რომ ჭუჭყის უმეტესი ნაწილი გარეთ დარჩეს. მსგავსი დამცავის შესასვლელის წინ მოთავსებით თავიდან ავირიდებთ დერეფანში ან სხვა საცხოვრებელ სივრცეებში ჭუჭყის შეტანას. მაგრამ მტვრის რაღაც ნაწილი სახლში ყოველთვის მოხვდება. მაგალითად, ჭვარტლი, სოკოს სპორები და ყვავილის მტვერი სახლში ჰაერიდან ხვდება..
ჯერ მტვერსასრუტი თუ ჯერ მტვრის გადაწმენდა?
ექსპერტთა მოსაზრებები იმაზე, ჯერ მტვრის გადაწმენდა ჯობია, თუ მტვერსასრუტით დალაგება დღემდე განსხვავებულია. თუ სახლს მტვერსასრუტით დაუვლით, შესაძლოა ის მტვერი რასაც შემდგომ ავეჯიდან გადაწმენდთ იატაკზე აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, მტვერსასრუტს თუ ბოლოსთვის მოიტოვებთ, შესაძლოა თავიდან დაიმტვეროს ახლადგაწმენდილი ზედაპირები.
უმეტეს შემთხვევაში უპირატესობას მაინც ჯერ მტვრის გადაწმენდას და უკვე შემდეგ მტვერსასრუტის გამოყენებას ანიჭებენ. ასეთი მიყოლებით ზედაპირებიდან გადაწმენდილი მტვრის შეგროვება საბოლოოდ მაინ უფრო ადვილია. სცადეთ მსგავსად სახლის დალაგებისას ფანჯრები გააღოთ (თუ გარეთ ძლიერი ქარი არაა) - უმეტეს შემთხვევებში, მტვერსასრუტის გამოყენებისას დატოვებული მტვერი ფანჯარაში გავა.
როგორ გადავწმინდოთ მტვერი სწორად
არსებობს სპეციალური მტვრის ტილოები, რომლებიც დამუხტულია ელექტროსტატიკურად და, შესაბამისად, ეფექტურად იჭერს ჭუჭყს. თუმცა სპეციალური ტილოს არქონის შემთხვევაში, მტვრის გადაწმენდისთვის იდეალურად ითვლება მშრალი, რბილი ბამბის ქსოვილი.
ქსოვილს ორჯერ გადაკეცეთ, ასე ხელთ გექნებათ ქსოვილის რვა თანაბარი ნაწილი, რომლებსაც ერთმანეთის მიყოლებით გამოიყენებთ მტვრის გადასაწმენდად. ეს საშუალებას მოგცემთ ქსოვილი უფრო დიდი ხნით და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ სანამ მისი გარეცხვა იქნება საჭირო.
ყურადღება მიაქციეთ ისეთ მცირე ზედაპირებს, როგორიცაა სურათების და კარების ჩარჩოები, რადიატორები და სახლის მცენარეების ფოთლები. წმენდისას ყოველთვის უმჯობესია ტილო სისტემატურად ჩამოყვეს ზედაპირს ზემოდან ქვემოთ.
მტვრის გადასაწმენდი ქსოვილის დასველება შეიძლება ლოგიკურად მოგვეჩვენოს, მაგრამ რეალურად სველი ქსოვილი მხოლოდ აქეთ-იქით აბნევს მტვერს. თუ მაინც გსურთ ზედაპირებს სველი ქსოვილით დაუყვეთ, დარწმუნდით რომ კარგადაა გაწურული, სხვა შემთხვევაში სველი ტილო წყლის კვალს დატოვებს ზედაპირებზე.
რა სიხშირით უნდა გადავწმინდოთ მტვერი?
მტვრის გადაწმენდის სიხშირე, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე თუ რა სისუფთავის დონის შენარჩუნება გჭირდებათ თქვენს პირად სივრცეში. ამასთან ცხოვრებისეული პირობები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მათ, ვინც დამოუკიდებლად ცხოვრობს და დიდ დროს ატარებს სახლს გარეთ, მტვრის გადაწმენდა უფრო იშვიათად სჭირდებათ, ვიდრე ოთხსულიან ოჯახს. საერთოდ მიღებულია, რომ საცხოვრებელი სივრცე კვირაში ერთხელ მაინც უნდა გაიწმინდოს. მართალია კვირის ბოლოსთვის მტვერი უკვე ხილული იქნება, მაგრამ ამ დროისთვის დაგროვილი ჭუჭყის მცირე რაოდენობა როგორც წესი მისაღებია ადამიანების უმეტესობისთვის.