ნაგვის ყუთის წმენდა: ნარჩენებისა და არასასიამოვნო სუნის მოცილების ეფექტური გზები
ივლისი 02 2025

თანამედროვე სახლი წარმოუდგენელია ნაგვის ყუთის გარეშე. ისინი შეუცვლელია როდესაც საქმე ნარჩენების სწორად დახარისხებასა და გადაყრას ეხება. თუმცა ბევრს ავიწყდება, რომ პერიოდულად თავად ნაგვის ყუთების წმენდაც აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ არა მხოლოდ უსიამოვნო სუნი შეგაწუხებთ (რომლის გაყვანაც რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო რთული იქნება), არამედ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენს ურნაში ბინა დაიდეს ისეთმა მავნებლებმა, როგორც ჭიები და ხოჭოებია. როგორ გავწმინდოთ სწორად ნაგვის ურნები? დღეს სუნთან და ნარჩენებთან საბრძოლველად გარდა ტრადიციული საშინაო საშუალებებისა, გამოიყენება სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკაც. კერხერის ამ ბლოგში გაგიზიარებთ ნაგვის ყუთების წმენდის ყველაზე ეფექტურ რჩევებსა და ხრიკებს, რომელთა დახმარებით ყველაზე ჯიუტ ჭუჭყსა და სუნსაც გაუმკლავდებით!
როგორ გავწმინდოთ ნაგვის ყუთი ხელით
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში ნაგვის ურნას ცუდი სუნი უფრო სწრაფად ასდის, ვიდრე ზამთარში. განსაკუთრებით, თუ ის გარეთ დგას - დღის ბოლოს მასთან ახლოს მისვლაც კი შეიძლება გაგიჭირდეთ არასასიამოვნო სუნის გამო (და, თუ მწერების გეშინიათ, იმის გამოც, თუ რა შეიძლება იმალებოდეს შიგნით). ისეთი ორგანული ან ბიოდეგრადირებადი ნარჩენები, როგორიცაა, მაგალითად, ხორცი, ძალიან სწრაფად იწყებს ლპობას, განსაკუთრებით თბილი ტემპერატურის პირობებში. შედეგად, არა მხოლოდ უსიამოვნო სუნი ჩნდება, არამედ, გარკვეული დროის შემდეგ, მაღალია შანსი ურნაში მატლები ან სხვა მწერები გამრავლდნენ. ურნის რეგულარული წმენდა საუკეთესო გამოსავალიაა უსიამოვნო სუნისა და მავნებლების გამრავლებისგან თავის დასაცავად.
სანამ ნაგვის ყუთის სიღრმისეულ წმენდას დაიწყებთ, ჯერ შიგნიდან მოაშორეთ ზედაპირული ჭუჭყი - იგულისხმება ყველანაირი სახის ფხვიერი ნარჩენი, რომელიც არაა ღრმად ჩამჯდარი ურნის კედლებზე. როდესაც დარწმუნდებით, რომ ნარჩენები სრულიად მოშორებულია, საფუძვლიანად გაწმინდეთ ურნის ინტერიერი. ამისთვის დაგჭირდებათ ბაღის შლანგი და ჯაგრისი - როგორც წესი, თუ ურნას მეტ-ნაკლებად რეგულარულად წმენდთ, მსგავსი მექანიკური წმენდა სრულიად საკმარისია დაგროვილი ჭუჭყის უმეტესი ნაწილის მოსაშორებლად. შლანგის ჭავლი ნაგვის ურნის შიდა კედლებს ზემოდან ქვევით ჩამოატარეთ, სანამ ზედაპირული წმენდის შემდეგ დარჩენილი უხეში ჭუჭყი ძირზე არ დაგროვდება. გახსოვდეთ, რომ ამ ჭუჭყიან წყალსაც სათანადო წესით უტილიზაცია სჭირდება - არ გადაასხათ პირდაპირ ეზოში ან ქუჩაში, აუცილებლად კანალიზაციაში გადააქციეთ, თუნდაც სახლში შეტანა დაგჭირდეთ.
როგორც წესი, უმეტესი ტიპის ჭუჭყის ურნიდან მოსაშორებლად შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო საშუალებები გამოიყენოთ. მაგალითად, სახლში დამზადებული ძმრის ნაზავი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება. ძმრისა და წყლის თანაბარი ნაწილების შერევის შედეგად მიღებული ხსნარი არა მხოლოდ არბილებს და აშორებს ჭუჭყს, არამედ დიდწილად ერევა უსიამოვნო სუნსაც. ამგვარი ხსნარი ეფექტური საშუალებაა ყველაზე სუნიანი ურნების საწმენდადაც კი. გარდა ამისა, ძმარი ეკომეგობრული პროდუქტია, და, შესაბამისად, სამრეწველო საწმენდი ხსნარის კარგი ალტერნატივაა, თუ გსურთ გარემოზე გავლენა შეამციროთ.
სანამ ძმრიან ხსნარს გამოიყენებთ, ჯერ შლანგის ძლიერი ჭავლის დახმარებით საფუძვლიანად გარეცხეთ ნაგვის ყუთი შიგნიდან. შემდეგ ხსნარი კედლებზე თანაბრად გადაანაწილეთ (პროცესის გასამარტივებლად ყველაზე უპრიანი იქნება თუ ხსნარს გასასხურებელი თავაკის მქონე სუფთა ბოთლში მოათავსებთ). თუ მხოლოდ მსუბუქ დაბინძურებას ებრძვით, ნარევი ურნაში დახურული სახურავით ერთი-ორი საათის განმავლობაში გააჩერეთ (ეს, ძირითადად, სუნის გასაყვანად იქნება საჭირო). შემდეგ კი ისევ და ისევ შლანგის დახმარებით კედლები ძლიერი ჭავლით ჩამორეცხეთ.
თუ ურნა ძალიან ჭუჭყიანია, შეიძლება კედლებზე მიკრული ჭუჭყის მოსაცილებლად ჯაგრისით გახეხვა დაგჭირდეთ, ძმრის ნარევით დამუშავების შემდეგაც კი. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ურნის ხელით გახეხვისას: ყოველთვის გამოიყენეთ ხელთათმანები და სპეციალური სათვალე - ძმარს შეუძლია თვალების რქოვანა და კანი გააღიზიანოს დაუცველი ახლო კონტაქტის შემთხვევაში.
ლიმონმჟავა კიდევ ერთი გავრცელებული საყოფაცხოვრებო ნივთიერებაა, რომელიც ნაგვის ურნის საწმენდად გამოდგება. უბრალოდ ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ ლიმონმჟავას წყალთან სწორი შეფარდებით შეზავებისას - აუცილებლად გაეცანით ყუთზე ინსტრუქციებს და, თუ დარწმუნებული არ ხართ, ჯობია ნაკლებობით გააზავოთ, ვიდრე მეტობით.
რეკომენდაცია: ორგანული ნარჩენები გადაყრამდე ცალკე პარკებში მოათავსეთ ან დამატებით გაზეთში გაახვიეთ. ეს დაგეხმარებათ დაიცვათ ნაგვის ყუთის კედლები სიღრმისეული ჭუჭყისგან და შეამცირებს არასასიამოვნო სუნს.
როგორ გავწმინდოთ ნაგვის ყუთი, რომელშიც მწერები გამრავლდნენ
სანამ ნაგვის ურნის წმენდას დაიწყებთ, ყოველთვის შეამოწმეთ შიგნით მავნებლები ხომ არ გაჩნდნენ. ეს უფრო ხშირად ზაფხულში ხდება, როდესაც ორგანული ნარჩენები უფრო მალე იწყებს დაშლას. ასეთ შემთხვევებში მაღალია შესაძლებლობა, მაგალითად, ჭიებმა თქვენი ურნა საკუთარ თავშესაფრად აქციონ. მაღალი ტემპერატურისა და ურნის შიგნით არსებული ნოტიო გარემოს გამო, ბუზები ზოგჯერ ამ ნარჩენებში კვერცხების დებენ, რაც ჭიების შემოსევას იწვევს. თუ ნაგვის ურნა გარეთ, მზეზე დგას, არსებობს საფრთხე, რომ ეს შემოსევა სწრაფად გავრცელდეს სხვა ახლომდებარე ურნებზეც. თუ მასში თეთრი ლარვები იპოვეთ, აუცილებლად მოაშორეთ სპეციალური ხსნარით.
საბედნიეროდ, ამგვარი ხსნარის დამზადება მარტივი საყოფაცხოვრებო საშუალებებითაც შეიძლება: ერთმანეთში უნდა გაურიოთ სუფრის მარილი, ძმარი და თბილი წყალი (წყლის და ძმრის შეფარდება დაახლოებით 3:1 უნდა იყოს, დაამატეთ დაახლოებით 1 სუფრის კოვზი მარილი 230 მლ წყალზე), შემდეგ კი ამ ხსნარით კარგად გარეცხეთ ურნა. ლარვების მოკვლის გარდა, ეს ხსნარი ეფექტურ დეზინფექციას უკეთებს პლასტმასის ზედაპირს და ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს. თუ საყოფაცხოვრებო ხსნარის დამზადება არ გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური პლასტმასის საწმენდი საშუალება, რომელსაც ჯერ ნაგვის ყუთის კედლებზე შეასხურებთ (გააჩერეთ ინსტრუქციების შესაბამისად) და შემდეგ სუფთა წყლით ჩამორეცხავთ.
როგორ გავრეცხოთ ნაგვის ყუთი მაღალი წნევით რეცხვის აპარატით
თუ გსურთ თქვენი ნაგვის ურნა კიდევ უფრო საფუძვლიანად და, ამავდროულად, უფრო სწრაფად გაწმინდოთ, მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენება ყველაზე ეფექტური გზაა. ძლიერი წყლის ჭავლით ყველაზე ჯიუტ ნადებსაც კი გაცილებით უფრო სწრაფად მოაშორებთ, ვიდრე ხელით და შლანგით.
მაღალი წნევით რეცხვის აპარატი განსაკუთრებით მოხერხებულია გარეთ განთავსებული დიდი ზომის ურნების საწმენდად. აპარატს ბატარეაზეც შეუძლია იმუშაოს და ყოველთვის არ საჭიროებს ელექტროენერგიის წყაროსთან შეერთებას. წყალმომარაგებისთვის შეგიძლიათ სტანდარტულ წყაროს მიაერთოთ, ან, შემწოვი შლანგის დახმარებით წყალი ამოტუმბოთ ალტერნატიული წყაროებიდან, როგორიცაა წვიმის შემგროვებელი კასრი ან თუნდაც ჩვეულებრივი დიდი ვედრო. სანამ წმენდას დაიწყებდეთ, დარწმუნდით, რომ აპარატის პარამეტრები სწორად გაქვთ შერჩეული - თუ თქვენი ნაგვის ყუთი პლასტმასისგანაა დამზადებული, მაშინ წნევის ყველაზე დაბალი რეჟიმი აარჩიეთ (მაღალმა შეიძლება დააზიანოს). ამასთან, თავაკი საწმენდი ზედაპირიდან მინიმუმ 30 სმ-ის დაშორებით დაიჭირეთ, რომ ჭავლის სიმძლავრე და მიმართულება ოპტიმალურად აკონტროლოთ.
როგორ გავწმინდოთ ნაგვის ურნა მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენებით:
-
პირველ რიგში, დარწმუნდით რომ აპარატი მზადაა გამოყენებისთვის. დაერთებულია ბატარეას ან ელექტროენერგიის წყაროს ინსტრუქციის შესაბამისად, დაერთებულია წყლის წყაროზე და სწორი პარამეტრებია არჩეული. თუ ყველაფერი ინსტრუქციის შესაბამისადაა, მაშინ უბრალოდ დააჭირეთ ჩართვის ღილაკს და დაიწეთ წმენდა.
-
ნაგვის ყუთის შიდა კედლებს ჭავლი ზევიდან ქვევით ჩამოატარეთ. ჭუჭყი უნდა დარბილდეს და ჩამოირეცხოს - ნუ მიუშვერთ ერთ ადგილზე წყალს დიდი ხნით, არამედ რამდენჯერმე გადაატარეთ, სანამ ჭუჭყი სრულად არ ჩამოირეცხება და ნაგვის ყუთის ძირზე არ შეგროვდება. თუ ძალიან დიდი რაოდენობის ჭუჭყს ებრძვით, შესაძლოა მოგიწიოთ ყუთის რამდენჯერმე დაცლა. როგორც ზევით ვახსენეთ, აუცილებელია კანალიზაციაში უტილიზაცია.
-
მას შემდეგ, რაც ჭუჭყი სრულად მოსცილდება, ნაგვის ყუთს კიდევ ერთხელ გამოავლეთ სუფთა წყალი, რომ არც ნარჩენები და არც საწმენდი ხსნარი აღარ დარჩეს.
-
როდესაც დარწმუნდებით, რომ შიდა კედლების წმენდა დაასრულეთ, გარედან გარეცხეთ ურნა - მაღალი წნევით რეცხვის აპარატის გამოყენების შემთხვევაში საკმარისი იქნება წყლის ჭავლი რამდენჯერმე გადაატაროთ.
რეკომენდაცია: თუ გარეთვე შეგიძლიათ ჭუჭყიანი წყლის კანალიზაციაში უტილიზაცია, უფრო მოხერხებული იქნება, ურნა გვერდზე დააწვინოთ, იმისათვის, რომ გაწმენდის დროს ნაგვის ურნაში ჭუჭყიანი წყალი არ დაგროვდეს და პირდაპირ სადინარში ჩაედინოს. პროცესის კიდევ უფრო დასაჩქარებლად გირჩევთ 360°-იანი გამფრქვევი თავაკის გამოყენებას. სწორი კუთხით დაყენების შემთხვევაში, ასეთი თავაკით შეძლებთ ურნა უბრალოდ ერთ ადგილზე დგომითაც ეფექტურად გაწმინდოთ.
თუ განსაკუთრებით ჯიუტ და უსიამოვნო სუნს ებრძვით, აუცილებლად დაიხმარეთ პროფილური საწმენდი საშუალება. მაღალი წნევით რეცხვის აპარატი საშუალებას მოგცემთ ხსნარი დაუწყვილოთ ძლიერ ჭავლს სპეციალური ქაფის საცმის დახმარებით. სტანდარტული პლასტმასის ნაგვის ურნის გასაწმენდად ყველაზე ოპტიმალური არჩევანი სპეციალური პლასტმასის საწმენდი ხსნარია. ის არა მხოლოდ ეფექტურად აშორებს ჭუჭყს, არამედ უზრუნველყოფს კონტეინერის ფერისა და მასალის ხანგრძლივ დაცვას, თუმცა თუ მასზე ხელი არ მიგიწვდებათ, უნივერსალური საწმენდი საშუალებაც გამოგადგებათ (წინასწარ შეამოწმეთ შეფუთვა და დარწმუნდით, რომ მისი გამოყენება პლასტმასაზე ნებადართულია).
კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ ჯიუტ ჭუჭყთან ბრძოლაში, აპარატზე დასამაგრებელი სახეხი ჯაგრისია. ის შეგიძლიათ პირდაპირ დაამაგროთ დანადგარზე, ხოლო სახასიათო გრძელი ჯაგარი კი ეფექტურად, თან მაქსიმალურად მცირე შხეფების წარმოქმნით, გაწმენდს ურნის შიდა კედლებს. მბრუნავი თავი დაგეხმარებათ ეფექტურად გაწმინდოთ ძნელად მისადგომი ადგილები.
აუცილებლად დააცადეთ ნაგვის ყუთს სრულად გაშრობა!
არ აქვს მნიშვნელობა, ნაგვის ურნა ხელით გარეცხეთ თუ მაღალი წნევით რეცხვის აპარატით, ახალი პარკების ჩადებამდე ყოველთვის უნდა აცალოთ მას ბოლომდე გაშრეს. თუ ნაგვის ყუთში სისველე დარჩა, მაღალია შანსი კედლებზე ობი გაჩნდეს, განსაკუთრებით, თუ ნაგვის ყუთი პლასტმასისგანაა დამზადებული (დღესდღეობით უმეტესობა ჩვენგანი სწორედ პლასტმასის ყუთებს იყენებს, განსაკუთრებით თუ დიდი ზომის ნაგვის ყუთები გვჭირდება).
წმენდის შემდეგ უმჯობესია ურნა კედელთან თავდაყირა დადგათ. ეს დაეხმარება ზედმეტი წყლის გამოდინებას და ურნაში ჰაერის კარგ ცირკულაციას უზრუნველყოფს. თუ პროცესის დაჩქარება გსურთ, შეგიძლიათ ურნაში ძველი გაზეთის ფურცლები ჩააფინოთ. გაზეთი ნესტის კარგი მშთანთქმელია, ამიტომ მისი გამოყენება ურნის ერთდროულად გაწმენდასა და გაშრობაში დაგეხმარებათ. თუ პროცესის კიდევ უფრო დაჩქარება გსურთ, შეგიძლიათ მრავალფუნქციური მტვერსასრუტი გამოიყენოთ - სველი ნარჩენების აღების რეჟიმი ურნიდან ტენის სრულყოფილად გამოდევნას უცებ გაუმკლავდება.